ახალი ამბები

ჩვენს ჟურნალისტს იარაღი აჩვენეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში – On.ge

31 ოქტომბერი, 2020 •
ჩვენს ჟურნალისტს იარაღი აჩვენეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში – On.ge

ონლაინ გამოცემა On.ge აცხადებს, რომ მათ ჟურნალისტს, დარინა ქამადაძეს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ცეცხლსასროლი იარაღი აჩვენა, შემდეგ კი კამერაზე ხელი აუკრა და მუშაობაში ხელი შეუშალა.

როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი უბანზე ფოტოების გადასაღებად შევიდა და ერთ-ერთ დამკვირვებელს ჰკითხა, თუ რომელ ორგანიზაციას მიეკუთვნებოდა.

“ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ პირმა ჯერ ცესკოს მიერ გაცემულ დამკვირვებლის მოწმობაზე მიუთითა, რომელიც ქურთუკის ქვეშ ჰქონდა, შემდეგ კი აჩვენა, რომ შეიარაღებულია. დარინა ქამადაძის თქმით, კითხვაზე, რატომ გადაადგილდება უბანზე იარაღით, კაცმა უპასუხა, რომ ეს მისი იარაღია”, – წერს On.ge.

გამოცემა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა კამერა ჩართო, კაცმა იარაღი დამალa და ჟურნალისტს კამერაზე ხელი დაარტყა – “მოგვიანებით ის სხვა ქურთუკით გამოჩნდა და თქვა, რომ იარაღი კი არა, ტელეფონი ჰქონდა”.

ამ ამბის შესახებ ნეტგაზეთმა ადგილზე “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატს, აჰმედ იმამკულიევს ჰკითხა. მან უარყო მომხდარი და თქვა, რომ პირს, რომელზეც On.ge საუბრობს, იარაღი თან არ ჰქონია – “ჩვენი იარაღი ხალხის ხმაა”.

ფოტო © On.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი