ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს. დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მოხდა საარჩევნო უბნის გარეთ. საუბნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივის” ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის წინ მოქალაქე ხმამაღლა გამოხატავდა პრეტენზიას. მან საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა.
„მას ორმა ბიჭმა მიაყენა შეურაცხყოფა და მე ჩავერიე. ვკითხე, რატომ ეუბნებოდნენ ქალს ასეთ სიტყვებს და მერე ჩემზე გადმოვიდნენ… ესენი იყვნენ რაგბისტები, სახით ვიცანი, და ქუჩური მენტალიტეტის მქონე ადამიანები”, – ამბობს ხათუნა ბერიძე.
საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ნეფარიძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ მოქალაქე ნამდვილად არ იყო საარჩევნო სიაში.
„დღეს სულ ასეთი ორი შემთხვევა იყო… გარეთ რა მოხდა, არ ვიცი,“ – ამბობს ირაკლი ნეფარიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.