ახალი ამბები

ისანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს- ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი

31 ოქტომბერი, 2020 • 902
ისანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს- ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი

დაპირისპირება იყო თბილისში, ისნის 78-ე უბანთან, სადაც ენმ-ის საკრებულოს დეპუტატს, მარიკა დათუკიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მარიკა დათუკაშვილის თქმით, უბანზე დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რასაც აპროტესტებდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დააპირა. დათუკაშვილის თქმით, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც კონფლიქტში მის დაცვას ცდილობდა, უბნიდან უსამართლოდ გააძევეს:

“ისნის 78-ე უბანში არის დაახლოებით 380 ადამიანისგან დაკომპლექტებული სპეცსია, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიციელები, რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებენ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩევნებში მისცენ ხმა. როცა ეს პოლიციელები არიან რეგიონებიდან, ამ ადამიანებს “ქართული ოცნების” კომისიის წევრები აძლევენ შესაძლებლობას, ისნის მაჟორიტარს მისცენ ხმა.

ეს არის უპრეცედენტო გაყალბება, კანონის უხეში დარღვევა, რისი შესაძლებლობაც არ მივეცი. დაირაზმნენ, გარეთ არიან გაურკვეველი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და ერთ-ერთმა სცადა ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა ჩემთვის. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც მოვიდნენ გონს და შუაში ჩადგნენ, თუმცა გოგონას, რომელიც ჩემს დაცვას ცდილობდა და იყო ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმოამდგენელი, მოუწია უბნის დატოვება,  რადგან კომისიაში 10 არიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავის “პატრიოტთა ალიანსიანად” და გადაწყვიტეს, ამ გოგონას უნდა დაეტოვებინა უბანი და არა იმ ადამიანს, რომელიც იგინებოდა”, – ამბობს დათუკიშვილი.

ადგილზე არიან სამართალდამცავები. პირს, რომელსაც დათუკიშვილი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს, პოლიცია კითხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი