ახალი ამბები

საოლქოს თავმჯდომარე დეზინფორმაციას უწოდებს კობახიძის განცხადებას ყუთის გატაცებაზე

31 ოქტომბერი, 2020 • 1115
საოლქოს თავმჯდომარე დეზინფორმაციას უწოდებს კობახიძის განცხადებას ყუთის გატაცებაზე

ბოლნისის მაჟორიტარული ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ ადასტურებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადასატანი ყუთის გატაცება სცადეს. რუსუდან ქურდიანის თქმით, ინფორმაცია ადგილზე გადაამოწმა.

“არ ვადასტურებ, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს არის დეზინფორმაცია. გადასატანი ყუთი, რომელიც გავიდა 55-ე საუბნო საარჩევნო კომოსიიდან, გაიტანეს პოლიტიკური პარტიებიდან – “ქართული ოცნებიდან” და “ნაციონალური მოძრაობიდან დანიშნულმა კომისიის წევრებმა.

ხმის მიცემა გადასატანი ყუთით მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით. რაიმე სახის ინციდენტი არ მომხდარა. პირადად გადავამოწმე ინფორმაცია, პირადად ვოყავი უბანზე მისული”, – უთხრა ქურდიანმა ჟურნალისტებს.

მანამდე, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ყუთის გატაცების მცდელობაზე საუბრობდნენ როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე, ისე ბოლნისის მაჟორიტარობიდ კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გოგი მეშველიანი. ისინი ამბობდნენ, რომ შემთხვევა #55 საარჩევნო უბანზე, სოფელ ქვემო ბოლნისში მოხდა.

ფოტოზე: რუსუდან ქურდიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი