ახალი ამბები

“გააგრძელეთ ასე მუშაობა” – კალაძე “ოცნების” კოორდინატორებს მიმართავს

31 ოქტომბერი, 2020 • 1001
“გააგრძელეთ ასე მუშაობა” – კალაძე “ოცნების” კოორდინატორებს მიმართავს

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან განთავსებული მმართველი პარტიის აგიტატორ/კოორდინატორები კანონს არ არღვევენ.

კალაძემ პარტიის კოორდინატორებს მადლობა გადაუხადა და სთხოვა, იგივე შემართებით გააგრძელონ მუშაობა. მისი თქმით, საარჩევნო სიები, რომლებიც კოორდინატორებს ხელში უჭირავთ, ყველა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო და ამაში კანონდარღვევა არაფერია. კალაძის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და აქტივობაც მაღალია.

‘მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებს, გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს კანდონდარღვევა არაა. და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც აქამდე აკეთებდით”, – თქვა კალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან, აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ არიან სიებით მობილიზებული კოორდინატორები და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

NGO-ების განცხადებით, ისინი ყურადღებით დააკვირდებიან, რამდენად იცავენ კოორდინატორები კანონით დადგენილ 25-მეტრიან დისტანციას საარჩევნო უბნიდან.

“კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. აღნიშნულს „სამართლიანი არჩევნები“ განიხილავს, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს”, – აცხადებს ISFED.

“სამართლიანი არჩევნების” მიერ უბნის გარეთ კოორდინატორების მობილიზება დაფიქსირდა სიღნაღში, საჩხერესა და ზესტაფონში.

“მრავალეროვანმა საქართველომ” აღნიშნა, რომ დმანისის #14.24.48 საარჩევნო უბნის სიახლოვეს დაუდგენელი პირები აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს მათ ხელთ არსებულ სიაში, თუმცა ისინი არ არღვევენ კანონით გათვალისწინებულ 25- მეტრიანი პერიმეტრის მოთხოვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი