ახალი ამბები

„ლოქდაუნი“ არ გამოცხადდება, აქციები არ შეიზღუდება – გახარია

30 ოქტომბერი, 2020 • 1349
„ლოქდაუნი“ არ გამოცხადდება, აქციები არ შეიზღუდება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო ე.წ. ლოქდაუნი არ გამოცხადდება. ლოქდაუნი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სხვადასხვა მკაცრ ზომებს გულისხმობს.

მსგავსი „ლოქდაუნი“ საქართველოში გაზაფხულზე გამოცხადდა, როდესაც საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა, გამოცხადდა საკომენდანტო საათი და სხვა.

საქართველოს მთავრობა მანამდეც ამბობდა, რომ „ლოქდაუნის“ გამოცხადებას არ აპირებდა. თუმცა გახარიას დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას ბრიფინგი, რა დროსაც მან თქვა, რომ „ოცნება“ არჩევნების შემდეგ, 2 ნოემბერს „ლოქდაუნის“ გამოცხადებას აპირებდა.

გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ წინასაარჩევნოდ გახშირდა „ლოქდაუნზე“ საუბარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან.

„მე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი მაგალითია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ მოკლე ვადაში ხმები დააგროვონ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სისტემური „ლოქდაუნი“ ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში არ იქნება.

იქნება წერტილოვანი, დროებითი შეზღუდვები კონკრეტული მიზნების მისაღწევად. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია, ჩვენ რამდენად ეფექტურად დავიცავთ ელემენტარულ წესებს – პირბადებს, დისტანციას და ა.შ. “, – ამბობს გახარია.

ამავე ბრიფინგზე გახარიამ თქვა, რომ შეიძლება მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც შეიძლება სავალდებულო გახდეს პირბადის ტარება, როგორც გარეთ, ასევე შენობის შიგნით. თუმცა, მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში საფრთხე არ ემუქრება – „ამიტომ, ყველას შეუძლია მოაწყოს რამდენიც უნდა, იმდენი მიტინგი, ოღონდ კანონის სრული დაცვით და შეიძლება პირბადით, ოღონდ ამას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. ეს ერთ ან ორ დღეში ვერ გაკეთდება. ამიტომ არავის გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“.

ამ თემაზე ნახეთ:

“ოცნება” 2 ნოემბრიდან “ლოქდაუნის” გამოცხადებას გეგმავს – ბოკერია

მასალების გადაბეჭდვის წესი