ახალი ამბები

“ოცნებას” კოალიციას არ შევუქმნით” – ოპოზიციის ნაწილის შეთანხმება

30 ოქტომბერი, 2020 • 1135
“ოცნებას” კოალიციას არ შევუქმნით” – ოპოზიციის ნაწილის შეთანხმება

დღეს, 30 ოქტომბერს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ არჩევნების შემდეგ, არცერთ მოცემულობაში ქართულ ოიცნებასთან ერთად სამთავრობო კოალიციას არ შექმნიან.

მიღებული დოკუმენტი ოთხი პუნქტისგან შედგება და მასზე ხელმოწერით პარტიები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგა, მათ შორის პარტიების განცხადებით:

  • მნიშვნელოვნად დაასუსტა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ძალაუფლების ერთპიროვნული და უკონტროლო კონცენტრაციით, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებით და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მექანიზმების სრული მორღვევით; მათ შორის, სასამართლო სისტემის პოლიტიზებით და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით;
  • ჩრდილი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და შეაფერხა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში;
  • ზიანი მიაყენა საქართველოს სტრატეგიულ ეკონომიკურ პერსპექტივებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებით და დასავლელი ინვესტორების პროექტიდან ხელოვნურად ჩამოშორებით;
  • „ნორმალიზების პოლიტიკის“ საფარქვეშ შეასუსტა საქართველოს სამომლაპარაკებლო პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან დეოკუპაციის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობით;

შეთანხმებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები: სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი, ევროპული საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ირაკლი ოქრუაშვილი- გამარჯვებული საქართველო, ნინო ბურჯანაძე- ერთიანი საქართველო, რესპუბლიკური პარტია, ნაციონალური მოძრაობა, სახელმწიფო ხალხისთვის და ლეიბორისტული პარტია.

როგორც ნეტგაზეთს ლეიბორისტულ პარტიაში განუცხადეს, შეთანხმებას მხარს უჭერს 30-მდე პარტია, რომელთა ხელმოწერებიც დოკუმენტზე დღის განმავლობაში აისახება.

ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმებული დოკუმენტი და ხელმომწერთა სია


ნეტგაზეთმა ცოტა ხნით ადრე გამოიკითხა ახალი ან შედარებით ძველი, თუმცა მცირე პარტიების პოზიციები იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი პარტია ვერ მოახერხებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას, რა კოალიციებში წარმოუდგენიათ საკუთარი მონაწილეობა.

გთავაზობთ სტატიას – “ვინ ვისთან (არ) გამორიცხავს კოალიციას პარლამენტში”

მასალების გადაბეჭდვის წესი