ახალი ამბები

ძალადობა, მუქარა და პოლარიზებული მედია – NGO-ების შეფასება წინასაარჩევნო გარემოზე

29 ოქტომბერი, 2020 • 1026
ძალადობა, მუქარა და პოლარიზებული მედია – NGO-ების შეფასება წინასაარჩევნო გარემოზე

“სამართლიანი არჩევნები”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი ანგარიშით აფასებენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო კამპანია არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად მეტად ინტენსიური და დაძაბული გახდა.

ორგანიზაციების განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო, ისევე როგორც მზადება არჩევნების დღისთვის, განსაკუთრებით დაზარალდა ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემიის მასობრივად გავრცელებით და ამით განპირობებული გამოწვევებისგან. კერძოდ, ანგარიშის ავტორების თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დრამატულად გაიზარდა, რის გამოც ჯანდაცვის სისტემის მიერ მანამდე არსებული ინფიცირებული და იზოლირებული პირების აღრიცხვის სისტემა ბუნდოვანი გახდა, ცესკოს მცდელობა კი, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგენილებით დაერეგულირებინა საკითხი, არასაკმარისი აღმოჩნდა.

ამასთან, ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პრობლემები გამოვლინდა ამომრჩეველთა სათანადო ინფორმირების და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის კუთხით. ამ ფონზე ათასობით ამომრჩევლის ხმის უფლების რეალიზების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

წინასაარჩევნო კამპანია  

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას წინ უძღოდა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი იზოლირების სახელმწიფო პოლიტიკა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკი. რის შემდეგაც, ორგანიზაციების განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლის ეგიდით ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მასშტაბური სოციალური დახმარების პროექტები განახორციელეს, რა დროსაც სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი მკაფიო არ იყო და ამ ფონზე, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი უპირატესობით ჩაერთო.

ამასთან, დოკუმენტის ავტორების განცხადებით, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა.

“საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის  შემთხვევები, ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის როგორც ხელის შეშლას და მუქარას, ასევე, ფიზიკურ ძალადობას.

ხშირ შემთხვევებში, ოპოზიციური პარტიები რეგიონებში ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებდნენ, რის გამოც მათ რიგებს აქტივისტები ტოვებდნენ. პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი პანდემიის საფრთხის გათვალისწინებით თავს იკავებდა ტრადიციული ფართომასშტაბიანი კამპანიური ღონისძიებებისგან, ნაწილი კი ამაზე უარს არ ამბობდა, რამაც თავის მხრივ უთანასწორო გარემო შექმნა” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციების განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია მაღალი პოლარიზების და პარტიების/კანდიდატების ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართებოდა, რასაც ხელს უწყობდა პოლარიზებული მედიაგარემო და სოციალურ მედიაში მიმდინარე მზარდი ანონიმური დისკრედიტაციის დასპონსორებული საინფორმაციო კამპანიები.

ზეწოლა/მუქარა და სამსახურიდან გათავისუფლება 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ანგარიშის მიხედვით, ამომრჩევლებზე,  ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, დამკვირვებლებზე, აქტივისტებზე და მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გახშირებული შემთხვევები იყო.

შემაჯამებელ დოკუმენტში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათთვის ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების 80-ზე მეტი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი.

დამკვირვებლები  ასევე მრავლად იღებდნენ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი აქტივისტების თვალთვალის შესახებ, ხვდებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც სოციალური შემწეობის, საჯარო სამსახურში ადგილის დაკარგვის თუ სხვა მიზეზით, პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად ვერ გამოხატავდნენ.

ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით საგანგებო დავალებით რეგიონებში მივლინების შესახებ ხელმძღვანელობისგან მიღებული დირექტივით, რომ მმართველი პარტიისთვის ხმების მობილიზებისთვის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ზეწოლის და მუქარის ბერკეტი, რასაც ყალბ ამბად აფასებს შსს და საქმეზე გამოძიება არ დაუწყია.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს გავრცელებული ინფორმაცია პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ ორი ქალი პოლიტიკოსის მიმართ, რაც განსაკუთრებით მძიმე პირობებში აყენებს ქალ კანდიდატებს და აფერხებს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობას.

“ცალკეულ შემთხვევებში დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებს ე.წ. „მხარდამჭერთა სიის“ მიტანას ავალებდნენ. წინასაარჩევნოდ, საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად მათი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას კვლავ ტენდენციის სახე ჰქონდა – საქართველოს მასშტაბით სკოლის დირექტორების დიდ ნაწილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, თუმცა მათ ნაწილს ხელშეკრულებები არ გაუგრძელეს, სავარაუდოდ, საკუთარი ან ოჯახის წევრების განსხვავებული პოლიტიკური პრეფერენციის გამო”, – აცხადებენ ორგანიზაციებში.

ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება

ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული ძალადობრივ შემთხვევებზე,  რაც ძირითადად ფიზიკურ ძალადობაში და პარტიულ ოფისებზე თავდასხმებში გამოიხატებოდა.

ორგანიზაციების დამკვირვებლებმა 20-ზე მეტი ამგვარი შემთხვევა გამოავლინეს.  ანგარიშის ავტორების თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები, სადაც მთელი დღის მანძილზე არსებული პოლიტიკური დაძაბულობა სახელმწიფომ ვერ განმუხტა და დღის ბოლოს ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები, ჟურნალისტები და დამკვირვებელი აღმოჩნდნენ.

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურესად საშიშ პრეცედენტად აფასებენ სააგიტაციო პლაკატების გაკვრისას „ევროპული საქართველოს“ ადილობრივი აქტივისტის საფანტის თოფიდან დაჭრის ფაქტს.

ანგარიშის მიხედვით, ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები მკვეთრად გამოხატული იყო ბოლნისისა და დმანისის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, თავდასხმებისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე მიუთითებენ როგორც ოპოზიციის, ასევე, მმართველი პარტიის ლიდერები; ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ამგვარი ფაქტები და საარჩევნო ოლქებში არსებული დაძაბული გარემო განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს კენჭისყრის დღისთვის მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

“კამპანიის პერიოდში ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა კერძო საკუთრების ხელყოფას, ასევე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ოფისში უცნობ პირთა შეპარვას, კანდიდატის განცხადებით, სათვალთვალო მოწყობილობის დამონტაჟების მიზნით. ასევე, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სააგიტაციო მასალების დაზიანებას მასობრივი ხასიათი აქვს. დაზიანებულია როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის პლაკატები”, – წერია ანგარიშში.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 

ანგარიშის ავტორების თქმით, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განაპირობა სახელმწიფოს მიერ სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელების საჭიროება, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი რეალიზების პროცესში ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო არ იყო.

გარდა აღნიშნულისა, ორგანიზაციების განცხადებით, გარკვეულ პროგრამებთან დაკავშირებით გაჩნდა ეჭვები მათი პოლიტიკური მიზნით პარტიის ინტერესებისთვის გამოყენების შესახებ. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  ამომრჩეველთა განწყობაზე.

დოკუმენტის მიხედვით, უშუალოდ მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ აქტიურ პოლიტიკურ აგიტაციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა დახმარებების გაცემის პროცესში პარლამენტის პარტიული მაჟორიტარი დეპუტატები და კანდიდატები აქტიურად იყვნენ ჩართული და ამის ფართოდ აფიშირებას ახდენდნენ.

ამასთანავე, ანგარიშის მიხედვით, ტენდენციის სახე ჰქონდა მმართველი პარტიის კანდიდატების საჯარო ღონისძიებების ფარგლებში ვიზიტებს სხვადასხვა პროექტების მოსანახულებლად, რომლებიც კერძო ბიზნესის, სახელმწიფო ან/და თვითმმართველობების ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო/მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართვის პრაქტიკა კვლავ გრძელდებოდა, მათ შორის, სამუშაო დროს სოციალური ქსელით აგიტაცია:

“საარჩევნო რეგულაციებისთვის ფორმალურად გვერდის ასავლელად, ხშირად მმართველი პარტიის ღონისძიებაზე დასასწრებად საჯარო მოხელეები ერთდღიან შვებულებას აფორმებდნენ. მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ხშირად არ იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალური და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებდნენ”, – წერია ანგარიშში.

ამომრჩევლის მოსყიდვა

წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, ანგარიშის მიხედვით, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა წარმოადგენდა.

კერძოდ, ორგანიზაციების განცხადებით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ან მომსახურების გაწევის 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი განცხადებით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა როგორც მმართველი პარტიის კანდიდატების, ისე  ოპოზიციური პარტიების (შედარებით მცირე მასშტაბით) წარმომადგენლების კამპანიური აქტივობებიც.

არაუფლებამოსილი პირების ჩართვა საარჩევნო კამპანიაში

ამასთან, დოკუმენტში საუბარია, რომ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სათანადო უფლებამოსილების არმქონე პირები. ორგანიზაციების განცხადებით, სააგიტაციო შეხვედრებზე, სამუშაო საათების განმავლობაში, შეინიშნებოდა ადგილობრივი მოხელეების, ა(ა)იპების თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დასწრება.

ასევე, დაფიქსირდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობაც. ანგარიშის ავტორების განცხადებით, ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში. მმართველი პარტიის ღონისძიებებზე კი შეინიშნებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ორგანიზაციების შეფასებით, ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა.

საგამოძიებო უწყებები

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი. კერძოდ, სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული.

ორგანიზაციების განცხადებით, 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, ამ 53 საქმიდან 9 საქმეში გარკვეული პირები უკვე მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ გამოძიებულ საქმეთა დაბალი რაოდენობის გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის საგნად იქცა.

ორგანიზაციები ასევე ყურადღებას ამახვილებენ საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობაზე კონკრეტული გამოძიების გამოყენების გზით.

კერძოდ, მათი თქმით, 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები დააკავა, რომლებსაც ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება დასდო.

“გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ” ,- აცხადებენ ხელმომწრ ორგანიზაციებში.

საარჩევნო ადმინისტრაცია

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად პანდემიით გამოწვეული ინფიცირებულთა ზრდის კვალდაკვალ საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე დროებითი სპეციალური (ad hoc) საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნა და ინფიცირებულ, იზოლირებულ და კარანტინში მყოფი ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად სპეციალური ღონისძიებების შემოღება გახდა საჭირო.

თუმცა ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ცესკოს სპეციალური დადგენილება კენჭისყრის დღემდე მხოლოდ 12 დღით ადრე იქნა მიღებული, რის გამოც სპეციალური, განსხვავებული წესით არჩევნებში მონაწილეობის შესახებ თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა სათანადო და დროულ ინფორმირებაზე სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა.

მათი შეფასებით, ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ის შემჭიდროებული ვადა, რაც განისაზღვრა თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიერ გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნის შესახებ, რამაც მათი საარჩევნო უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა შეზღუდა.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი, ანგარიშის ავტორების თქმით, მეტწილად ფორმალური იყო. კერძოდ, უმეტეს ოლქებში კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული და კონკურსანტთა საერთო სიაში მონიშნული ჰყავდათ, თუ ვინ უნდა აერჩიათ და გადაწყვეტილებები უბნების მიხედვით ამობეჭდილ ფურცლებზე გადაჰქონდათ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვდნენ დღის წესრიგში საკითხის დამატებას, რათა თითოეული კანდიდატი ცალ-ცალკე განხილულიყო და ამის შემდეგ მომხდარიყო უბნების დაკომპლექტება. ანგარიშის ავტორების თქმით, ზოგ ოლქში ამ მოთხოვნას კენჭი უყარეს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა არ დაგროვდა.

შესაბამისად, პროცესი ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. რიგ ოლქებში მათ უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ახალარჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილში იკვეთება მმართველ პარტიასთან კავშირი. ზოგიერთი წევრის ახლობელი, ოჯახის წევრი პარტიის აქტივისტი ან კოორდინატორია.

საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ საჯარო მოხელეები, მერიის ან საკრებულოების, ასევე, ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ა(ა)იპების თანამშრომლები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის  თანახმად, აღნიშნული პირები შვებულებაში არიან. ორგანიზაციების განცხადებით, მართალია, ზემოაღნიშნული პირდაპირ დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ამ პირთა მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვს აჩენს.

უწყებათაშორისი კომისია

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია წინასაარჩევნო პერიოდში რეგულარულად იკრიბებოდა და განიხილავდა საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის სავარაუდო შემთხვევებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კომისიამ ორჯერ გამოსცა რეკომენდაციები და სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა ერთი შუალედური ანგარიში.

მიუხედავად ამისა, ანგარიშის ავტორების თქმით, კომისიის საქმიანობის ეფექტიანობა და მისი მნიშვნელობა რამდენიმე გარემოებამ საგრძნობლად  შეამცირა. პირველ რიგში, წინა წლებისგან განსხვავებით, კომისია ძირითადად მხოლოდ ისეთი საკითხების განხილვაზე აკეთებდა აქცენტს, რომელიც უკავშირდებოდა საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. კომისიის განცხადებით, განსახილველ საკითხთა ნუსხა „ეუთო-ოდირის” რეკომენდაციის საფუძველზე შეკვეცეს. მეორე, კომისიის სხდომებს ძირითადი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ ესწრებოდა, რაც ასევე მნიშვნელოვნად ამცირებდა საკითხების განხილვის ხარისხს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას საარჩევნო პროცესებზე დიდი გავლენა არ ჰქონია.

საარჩევნო კამპანიის დაფინანსება და სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ორგანიზაციების განცხადებით, საარჩევნო სუბიექტებმა საანგარიშო პერიოდში 2- 3-კვირიანი ფინანსური დეკლარაცია წარადგინეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო სუბიექტმა პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემოსავლის სახით მიიღო 23,846,652 ლარი და დახარჯა 22,973,913 ლარი. მთლიანი შემოსავლების 43% და ხარჯების 46% მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.

რაც შეეხება კონკრეტულად შემოწირულებებს, ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების თითქმის ნახევარი მიიღო მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. პოლიტიკური კორუფციის თვალსაზრისით, ორგანიზაციების განცხადებით, კვლავ რამდენიმე თვალსაჩინო ტენდენცია გამოიკვეთა.

მაგალითად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (პირველ ოქტომბრამდე) დაახლოებით 47 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ ამ შემომწირველებმა იმავე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

ტენდერების გარდა, დოკუმენტის მიხედვით, მმართველ პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან.

კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე დაახლოებით 3.8 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.2 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

“წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდი თანხებით აფინანსებს. სამმა ასეთმა ჯგუფმა 2020 წელსაც გააგრძელა მსხვილი შემოწირულებების განხორციელება.

კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” მთლიანობაში 447,500 ლარი შესწირეს. შპს „ლილო-მოლთან” დაკავშირებულმა პირებმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ჯამში, 595,000 ლარი გაიღეს, ხოლო შპს „სერვის-აგრო”-სთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა კი იგივე პარტიას 255,000 ლარი შესწირეს” ,- ნათქვამია ანგარიშში.

როგორც მმართველი პარტიის, ისე რამდენიმე სხვა პარტიის შემომწირველებს შორის იყვნენ ცალკეულ ბიზნესპარტნიორთა ჯგუფები, რომელთა წევრებიც ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში სწირავდნენ პარტიას თანხას, რაც  ანგარიშის ავტორების განცხადებით, გარკვეულ ეჭვებს აჩენს, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორი სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

ანგარიში ავტორების თქმით, ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდება, მათ შორისაა შემთხვევა, რომლის შესწავლის მიზეზი გახდა საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის „დოსიე“ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ორ ნაწილად, 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი.

ორგანიზაციების განცხადებით, აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები, რითაც შეძლებს მსგავსი შემთხვევების გამოძიებას. თუმცა იმ უწყებებმა, რომლებიც ვალდებული იყვნენ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო ამ საქმეზე გამოძიება დაეწყოთ, ანგარიშის ავტორების თქმით,  პასუხისმგებლობა აიცილეს თავიდან და მხოლოდ აუდიტის სამსახურისთვის საქმის გადამისამართებით შემოიფარგლნენ.

ამასთან, ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ აუდიტის სამსახური არ აწარმოებს საჯაროდ ხელმისაწვდომ საჩივრების/განცხადებების რეესტრს, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მიმდინარე  ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, რაც უწყების საქმიანობის გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფდა.

მედიაგარემო 

ანგარიშის ავტორების თქმით, სამაუწყებლო მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ ეს საკითხი, წინა წლების მსგავსად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იმ ფონზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანია “ფორმულაში”, “მთავარ არხზე”, “TV პირველსა” და “კავკასიაში” ვიზიტზე მაშინ, როდესაც “იმედსა” და “POSTV-ს” ხშირად სტუმრობდნენ. მათ ასევე უარი განაცხადეს, მონაწილეობა მიეღოთ „პალიტრა TV-ის“ ეთერში გამართულ დებატებში და ძირითადად წარმოდგენილი იყვნენ მარტო, ოპონენტების გარეშე, გადაცემის ბოლო ნაწილში.

ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტები, გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკული მედიაორგანიზაციებისა თუ მათი წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარის შემთხვევები,  ადგილი ჰქონდა კონკრეტული მედიასაშუალების – „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიას, რომლის მიზანიც ადგილობრივი მედიის საქმიანობის ხელის შეშლა იყო. შემაშფოთებელია „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ მუქარა, რაც, მისი შვილის განცხადებით, განპირობებული იყო არხის სარედაქციო პოლიტიკით.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია სამართლებრივი თუ სხვა შედეგი, რაც იწვევს მსგავსი შემთხვევების წახალისებას და წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად აზიანებს მედიაგარემოს.

ამასთან, ორგანიზაციების განცხადებით, პრობლემური შეიძლება იყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ 2020 წლის 23 ოქტომბერს გაგზავნილი წერილი, რომლითაც სთხოვენ მუსიკალური კლიპის მართლზომიერად განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.

ანგარიშის ავტორების თქმით, აღნიშნული ფაქტი, კომისიის მანამდე არსებული მცდელობების გათვალისწინებით – ჩაერიოს მაუწყებლის მიერ შექმნილი/განთავსებული პროდუქტის შინაარსში- ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართულ ფეისბუქ- სივრცეში ინტენსიური იყო ანონიმურ ფეისბუქ -გვერდებზე წარმართული დისკრედიტაციული კამპანიები. დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების კოორდინირებული საქმიანობა გამოიხატებოდა მათ მიერ წარმოებულ დამაზიანებელ, ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიებში, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური მოვლენების, პარტიების, პოლიტიკოსების, მედიასაშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ამომრჩევლებში მათ მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას ან/და გაღვივებას”, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ ანონიმური დისკრედიტაციული საინფორმაციო კამპანიების გარდა, სოციალურ მედიაში აქტიური იყვნენ ფეისბუქ-გვერდებიც, რომლებიც საზოგადოებაში პოლარიზაციის წახალისების მიზნით ორგანიზებულად ავრცელებდნენ ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ, პრორუსულ, ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განწყობებს, პარალელურად კი, პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი