ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქული რუბიკონი

28 ოქტომბერი, 2020 • 1614
თურქული რუბიკონი

ავტორი: პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი


მსგავსი დრამატული, საბედისწერო და, ამავე დროს, ისეთი მტკივნეული გეოპოლიტიკური პროცესი, როგორიც ამჟამად სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს, 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ რეგიონის ოკუპაციის შემდეგ არ ყოფილა. მთიან-ყარაბაღში მიმდინარე ომმა მთელი რეგიონი შეუქცევადად შეცვალა. ჩვენს თვალწინ კი ახალი რეალობა ყალიბდება.

სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერით თურქეთმა მკაფიოდ მონიშნა საკუთარი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, სადაც დიდხანს დომინირებდა რუსეთი, რომლის პოზიციები საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეირყა.

უკანასკნელ წლებში თურქეთი, ხედავდა რა, რუსეთის ყირიმთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე მთიან ყარაბაღში 2016 წლის აპრილში კონფლიქტის ესკალაციაზე მის გავლენას, მიხვდა, რომ თავად მხოლოდ დროს კარგავს. ამასთან, ანკარამ შავი ზღვის კონტექსტიც გაითვალისწინა – NATO შავ ზღვაში ყველა კუთხით ძლიერდება. მის გაძლიერებას კი მხოლოდ რუსეთი უშლის ხელს. ფაზლის ყველა ფრაგმენტის აწყობით ანკარამ პირველად, დემონსტრაციულად დაუჭირა მხარი ბაქოს ყარაბაღის კონფლიქტში და რუსეთის კონკურენტად წარდგა. სწორედ ეს მომენტია ამჟამინდელ ესკალაციაში გადამწყვეტი.

რუსეთი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა: ან კარგავს აზერბაიჯანს, ან სომხეთს. მას აღარ შეუძლია ღიად სომხეთის მხარდაჭერა [საბრძოლო მოქმედებებით ეს ისედაც შეუძლებელია, ვინაიდან საბრძოლო მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს], რადგან აზერბაიჯანს დაკარგავს – აქ რუსეთი ითვალისწინებს საერთო საზღვარს და კასპიის ზღვის კონტექსტს. ამასთან, კრემლი უფრთხის ბაქოს მიერ საბოლოოდ თურქეთისკენ შებრუნებას, რაც სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ოფიციალურად მიწვევის ტოლფასი იქნება.

მეორე მხრივ, რუსეთს აზერბაიჯანის მხარდაჭერაც არ შეუძლია [როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს], სხვა შემთხვევაში, დაკარგავს სომხეთს – მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთი ხელფეხშეკრულია. თურქეთი კი ვალდებულებებისგან თავისუფალი – მას შეუძლია თავს უფლება მისცეს, არ იყოს ნეიტრალური, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს. კავკასიაში პოზიცირებით ანკარა ხარისხობრივად ცვლის ძალთა ბალანსს – აძლიერებს აზერბაიჯანის ამბიციებს და რუსეთის პოზიციას ანეიტრალებს. მართალია, სამხრეთ კავკასიიდან თურქეთი რუსეთის განდევნას არ გეგმავს, თუმცა მის შევიწროებაზეც არ ამბობს უარს.

როდესაც ღრუბელი გაიფანტება, მსოფლიო ახალ რეალობას იხილავს. თურქეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში უფრო შესამჩნევი გახდება. ანკარამ საკუთარი რუბიკონი გადაკვეთა. აზერბაიჯანმა როგორც თურქეთისგან, ასევე რუსეთისგან მიიღო ის, რაც სურდა. რა ელის სომხეთს? ვფიქრობ, სომხეთმა კარდინალურად უნდა გადახედოს საკუთარი განვითარების სტრატეგიას. ის ახლოსაა იმასთან, რომ რუსეთი, როგორც მოკავშირე, დაკარგოს – ყოველ შემთხვევაში, გვერდიდან ასე ჩანს.

ამასთან, თუ სომხეთის ხელისუფლებისთვის რუსეთის ქცევა გარკვეულწილად გასაგებია, ხალხისთვის – იმდენად არა. ადამიანები უფრო მეტს მოელიან მოსკოვისგან. შესაძლოა, სომხურ საზოგადოებაში მოკავშირეს მიმართ იმედგაცრუება გაძლიერდეს. დიახ, სომხეთს საფრანგეთმა დაუჭირა მხარი, მაგრამ საფრანგეთი შორსაა და ვერ ჩაერთვება პროცესში ისე აქტიურად, როგორც თურქეთი. ასე რომ, ნიკოლ ფაშინიანმა სწორად შეაფასა სიტუაცია, როდესაც თქვა, რომ სომხეთი ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დგას. ჩემი აზრით, ეს ეგზისტენციალური გამოწვევა კიდევ უფრო რთული და ღრმაა, ვიდრე ეს სომხეთის პრემიერს ესახება.

რა უნდა გაკეთდეს? გამოსავალი, ვფიქრობ, შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობაში საგარეო კურსის გადააზრებაშია. როგორ? – ეს უკვე სხვა საკითხია. შესაძლოა სტატუს-კვოს შენარჩუნება, თუმცა 5-6 წლის შემდეგ ომი განახლდება – ახალი, კიდევ უფრო სრულყოფილი შეიარაღებით და კიდევ უფრო მეტი მსხვერპლით. ასევე, შესაძლოა მხარდაჭერის პოვნა დასავლეთში. დღეს ერევანს შანსი გაუჩნდა, ეს მხარდაჭერა მიიღოს.

სომხეთში ანტირუსული განწყობები არ ჩანს, თუმცა, თუ მოსკოვი სომხეთის საზოგადოებას საქმით ვერ დაარწმუნებს, რომ მისი საიმედო პარტნიორია, ანტირუსული განწყობები შეიძლება გაჩნდეს და ამან მიიღოს სტრუქტურირებული, ინსტიტუციონალური, სისტემური ხასიათი. მაშინ უკვე ერევანს დასავლეთისკენ გახედვაც შეეძლება.

თუ სომხეთი დასავლეთისკენ შეტრიალდა და მისი დახმარებით დაიწყო თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირთან მოლაპარაკებები, ჰორიზონტზე კონფლიქტის გადაჭრა თუ არა, ყარაბაღის კონფლიქტის ტრანსფორმაცია გამოჩნდება. შუამავლები შეიძლება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები გახდნენ. ასეთ შემთხვევაში, სომხეთი მიხვდება, რომ თურქეთს, რომლის უკან ევროპული სამშვიდობო კონვენცია დგას, უფრო მეტად შეუძლია ენდოს, ვიდრე უბრალოდ თურქეთს.

ანკარას, თავის მხრივ, სხვა როლის აღება შეეძლო – უფრო სამშვიდობო [ციურიხის პროტოკოლების ნაწილობრივი წარმატებების გათვალისწინებით]: სომხეთი არათუ კუთხეში მიემწყვდია, მისთვის პარტნიორის ხელი გაეწოდებინა და ამით დაემტკიცებინა, რომ ევროპული კონტექსტი საიმედოა. იმის მიუხედავად, რომ თურქეთის ხელისუფლება უკანასკნელ წლებში ევროპული სტრუქტურებისგან დისტანცირდება, საზოგადოება [ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი] ევროპულ ღირებულებებზეა ორიენტირებული. თურქეთის პოლიტიკურ ელიტაში არიან ადამიანები [თუნდაც, ერთეულები], რომლებიც არა მხოლოდ სომხეთის მოწყვლადობას ხედავენ, ასევე, სომხეთის შესაძლო წვლილსაც კავკასიაში სტაბილურობის დამყარებაში.

რა გვრჩება?

კონფლიქტები უცვლელი რჩება – იცვლება გეოპოლიტიკური სცენა. სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების გადაჭრის ახალი ეპოქის ალბათობა იზრდება. პროცესში NATO-ს ჩართვის პერსპექტივა უფრო საგნობრივი ხდება. საქართველო ისწრაფვის NATO-ში და სომხეთის მფარველ არასაიმედო რუსეთს მტერ სახელმწიფოდ მიიჩნევს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.

აზერბაიჯანი, თუკი ჯერ ვერ გადაწყვეტს NATO-ში შესვლის პროცედურის დაწყებას, არავითარ შემთხვევაში არ შეუშლის ხელს ალიანსს. ალიანსის გრავიტაციის გაძლიერების კონტექსტში, სამხრეთ კავკასიაში ყველა კონფლიქტი დამატებით განზომილებას შეიძენს. თუ დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი დსთ-ში თანაცხოვრობენ, რატომ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისინი ერთად NATO-ში? NATO-ს შემადგენლობაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა სათუოა იბრძოლონ, რადგან ალიანსის წევრი ქვეყნები არ ომობენ ერთმანეთთან. დიახ, არსებობს კონფლიქტები და დაპირისპირებები [თურქეთი, საბერძნეთი], თუმცა ომებს არ აწარმოებენ და არც ადამიანები იღუპებიან. დსთ-ის ქვეყნები კი მუდმივად ომობენ: უკრაინა-რუსეთი, აზერბაიჯანი-სომხეთი, საქართველო-რუსეთი [2008 წელს საქართველოს დსთ-ში იყო, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა]. შედეგი: დსთ ტირაჟირებსკონფლიქტებს, NATO აკავებს მათ.

რითაც არ უნდა დასრულდეს მიმდინარე ომი, სამხრეთ კავკასიაში არცერთი ქვეყანა უწინდელი ვეღარ იქნება. მიმდინარე წელი უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდება თურქეთის რეალური გეგმებიც – სამხრეთ კავკასიაში ამბიციების რეალიზება და საკუთარი გავლენის დამყარება საკუთარი დროშითვე, თუ აზერბაიჯანის დროშის ქვეშ ამოფარება.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა აქამდე არასოდეს ყოფილა საკუთარ არჩევანში ასეთი თავისუფალი. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ ამ ერებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, როგორი სახელმწიფოები ააშენონ და ვის ნაპირთან ჩაუშვან ღუზა.

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი დღეს თავად იკვლევენ საკუთარ გზას – მტკივნეულად და ომებით. ყარაბაღში მიმდინარე უაზრო და სასტიკმა ომმა სამხრეთ კავკასია უნდა გამოაფხიზლოს. სამივე ქვეყანამ უნდა გაიაზროს, რომ ისინი ახალ რეალობას ქმნიან, მომავალში გზას კი ვერ გაიკვლევ, თუკი უკან, წარსულისკენ და აქეთ-იქით იხედები. საჭიროა, გააზრება იმისა, რომ რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ან საკუთარი ფორმატების შექმნაა საჭირო, ან უკვე არსებული ფორმატებისკენ სვლა – მაგალითად, ევროკავშირი ან NATO.

მასალების გადაბეჭდვის წესი