ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“მხოლოდ სახლში დაბრუნება გვინდა” – ყარაბაღის ახალი ომის დევნილები

27 ოქტომბერი, 2020 • 1885
“მხოლოდ სახლში დაბრუნება გვინდა” – ყარაბაღის ახალი ომის დევნილები

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


27 სექტემბერს, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ახალი ომის დაწყების დღეს, ანამ ხუთ არასრულწლოვან შვილთან ერთად ქალაქ შუშაში საკუთარი სახლი დატოვა და ერევანში გაემგზავრა.

ანა ომის დღეს იხსენებს. ამბობს, რომ აფეთქებებისა და სროლის ხმები აქამდეც ესმოდათ შორიდან, თუმცა ამჯერად ჭურვი მათი სახლის სახურავს დაეცა.

“27 სექტემბრის დილას, დაახლოებით 7 საათზე და 15 წუთზე, რაღაც ძლიერი აფეთქების ხმა გავიგეთ. საწოლებიდან წამოვვარდით. იმ მომენტში არ გვიფიქრია, რომ რამე ობომბება, მეგონა, რაღაც ჩამოინგრა. ფანჯარასთან მივედი და დავინახე, რომ მეზობლის სახლის ფანჯრები და სახურავი ჩამსხვრეული იყო. იმ მომენტში მივხვდით, რომ ეს ომია. ბავშვები მე და ჩემმა დედამთილმა სასწრაფოდ სარდაფში ჩავიყვანეთ”, – გვიყვება ანა.

ანას ქმარი სამხედროა. ქალი ამბობს, რომ იმ დილით დიდხანს ვერ უკავშირდებოდა ქმარს ტელეფონზე, რამაც მისი შიში კიდევ უფრო გააძლიერა.

“იმ დღეს, დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში, სარდაფში ვიმალებოდით და ვგრძნობდით, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. განგაშის სიგნალი არ წყდებოდა, ყოველ 10-15 წუთში ირთვებოდა, პერიოდულად აფეთქებების ხმა ისმოდა. მტერი ისე ახლოს იყო, რომ გავიაზრეთ, სარდაფშიც არ ვიყავით უსაფრთხოდ. უფროსი შვილი 10 წლისაა, უმცროსი- 2 წლის. სიმართლე ვერ ვუთხარით ბავშვებს, ვუთხარით, ჭექა-ქუხილი იყო, თუმცა, ასაკის მიუხედავად, ისინიც ხვდებოდნენ, რომ რაღაც ცუდი ხდება. ასეთ სიტუაციაში იქ დარჩენას ვეღარ შევძლებდით და ამავე დღის საღამოს ერევნისკენ წამოვედით”.

მოსამზადებელი და ნივთების ჩასალაგებელი დრო, როგორც ანა გვიყვება, არ ჰქონიათ. როგორც კი შედარებითი სიმშვიდე დადგა ქალაქში, მხოლოდ პასპორტები აიღო და მეზობლის მანქანით შვილებთან ერთად ერევანში გაემგზავრა.

ქალი გვიამბობს, რომ შუშას დაბომბვა მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან, მისი აზრით, “ამ ქალაქში მეჩეთებია და მათსავე სალოცავების ქალაქს არავინ დაბომბავდა”.

“სინამდვილეში, შევცდით. ეს ძალიან მტკივნეული ფაქტი იყო. შუშაში ყველა მეჩეთს რამდენიმე წლის წინ რესტავრაცია ჩაუატარდა. ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ მტერი მისსავე სალოცავს დაარტყამდა. ჩვენი ეკლესიაც, “ყაზანჩენოციც” დაზიანდა, გუმბათი ჩამოიშალა. იმ დროს შიგნით ბავშვები და ქალები იმყოფებოდნენ”.

რვა დღის შემდეგ ერევანში ანას დედამთილიც გაემგზავრა. 65 წლის არუსი აქ უკვე უსაფრთხოდ გრძნობს თავს, თუმცა ღელავს შვილზე და იმაზე, რომ მშობლიური ქალაქიდან და სახლიდან შორსაა.

“მთელი დღე ახალ ამბებს ვუყურებთ. ტელევიზორს საერთოდ არ ვთიშავთ. კარგ ამბებს ველოდებით. აქ ჩამოსვლა ჩემმა შვილმა მაიძულა, სხვა შემთხვევაში, არ დავტოვებდი სახლს. პირველი ყარაბაღის ომის დროსაც, 90-იან წლებში, არ დამიტოვებია სახლი. იმ დროს სოფლებს არ ბომბავდნენ და არც სარდაფებში ვიმალებოდით. არ ვიცი, ამეჯრად რატომ გაბრაზდნენ ასე. ჩემი მეორე შვილის სახლში შეიჭრნენ ახლა, ყველაფერი გაანადგურეს, დაწვეს, მთელი არაფერი დატოვეს. მერე სარდაფშიც ჩავიდნენ და ვაშლითა და კარტოფილით სავსე ტომრებს ესროლეს. ვერ გამიგია, რატომ? ეჭამათ მაინც. წიწილებს და ძროხებს ესროლეს, საფლავის ქვებს.”, – გვიყვება ქალი.

ამჟამად ოჯახს ერევანში უფასო საცხოვრებელი აქვს. ქალაქში ჩამოსვლისას ანამ გაიგო, რომ ახალგაზრდები ჯარისკაცებისთვის დახმარებას აგროვებენ და შეკრების ადგილზე მივიდა. სწორედ იქ გაიცნო ბინის მფლობელი, რომელმაც დროებით, უფასოდ დაუთმო საცხოვრებელი.

“ძალიან მადლობელი ვართ. ყოველდღე მოდიან, მოაქვთ საკვები, გვირეკავენ, გვკითხულობენ. ახლა მხოლოდ ის მინდა, მალე დასრულდეს ყველაფერი და ჩვენს სახლებში დავბრუნდეთ. აღარ გვინდა ამ ხალხის შეწუხება. გვჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება გადაწყვეტს პრობლემას. ჩვენი ლიდერი ძალიან ჭკვიანი და კარგი ადამიანია. ვენდობით. ჩვენი ბიჭებიც ძლიერები არიან და ვიცით, რომ გავიმარჯვებთ. ღმერთმა ქნას, მეტი მსხვერპლი აღარ იყოს და ჩემიც და სხვისი შვილებიც ცოცხლები გადარჩნენ. მინდა, ჩემს შვილს მალე ჩავეხუტო”, – ამბობს 65 წლის ქალი, რომლის ქმარიც ყარაბაღის პირველ ომში დაიღუპა.

ინფორმაცია, რამდენმა ოჯახმა დატოვა 27 სექტემბრის შემდეგ მთიანი-ყარაბაღის ტერიტორია, სომხური მხარეს არ გაუვრცელებია. ოჯახების დიდი ნაწილი ახლა სომხეთში, სასტუმროებში და იმ ბინებში ცხოვრობს, რომლებიც მოქალაქეებმა დროებით დაუთმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი