ახალი ამბები

HRW: მშრომელთა უსაფრთხოება რისკის ქვეშაა ხელისუფლებისგან არასაკმარისი რეგულირების გამო

22 აგვისტო, 2019 • 1841
HRW: მშრომელთა უსაფრთხოება რისკის ქვეშაა ხელისუფლებისგან არასაკმარისი რეგულირების გამო

Human Rights Watch საქართველოს შახტებსა და მაღაროებში შრომის უსაფრთხოებაზე ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მშრომელთა უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშაა ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი რეგულირების გამო:

“არასაკმარისი რეგულირების შედეგია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების არსებული პრაქტიკა, რომელიც პრიორიტეტს წარმოების მასშტაბებს ანიჭებს და მშრომელთა უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს”, – განაცხადა Human Rights Watch-მა დღეს გამოცემულ ანგარიშში.

60-გვერდიანი ანგარიში „არცერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“- დეტალურად აღწერს, თუ შრომითი უფლებების არასაკმარისმა დაცვამ და ხელისუფლების მხრიდან შეზღუდულმა ზედამხედველობამ როგორ გახადა შესაძლებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ისეთი პრაქტიკის აყვავება, რომელიც ხელყოფს მშრომელთა უსაფრთხოებას. საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, შესვენების დროს, ყოველკვირეულ დასვენებას და ღამის საათებში მუშაობას და არ უზრუნველყოფს ხელისუფლების მხრიდან შრომის პირობების სრულ ინსპექტირებას.

როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, მანგანუმი, მინერალი, რომელიც ფოლადის წარმოებაში გამოიყენება, საქართველოს ექსპორტის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მანგანუმის უმსხვილესი მწარმოებელი, „ჯორჯიან მანგანეზი“, 11 მაღაროს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს, სადაც დაახლოებით 3500 ადამიანია დასაქმებული:

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში დასაქმებულმა ადამიანებმა Human Rights Watch-ს განუცხადეს, რომ ზოგიერთი მათგანი 12-საათიან ცვლებში მუშაობს მიწის ქვეშ, მათ შორის ღამის ცვლაშიც, ზედიზედ 15 დღის განმავლობაში, რაც ხშირად იწვევს უკიდურეს გადაღლას და საწარმოო მიზნების შეუსრულებლობის გამო მათ ხელფასიც შეიძლება დაუქვითონ:

მაღაროელების თქმით, საწარმოო კვოტების შესასრულებლად გამალებული შრომის და არასაკმარისი დასვენების პირობებში ხშირია ტრავმები. მაგალითად, ზოგიერთმა მუშამ მიიღო ღრმა ჭრილობები, ზოგი ჭერის ჩამოშლისას მოჰყვა ქანების ქვეშ, დაკარგა კიდურები, მიიღო ტვინის შერყევა, ან ძლივს გადაურჩა სერიოზულ უბედურ შემთხვევებს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 15-დღიანი სამუშაო ცვლების დროს მაღაროელებს კომპანიის საერთო საცხოვრებელში ყოფნა მოეთხოვებათ, რაც ნაწილობრივ აიხსნება წარმოების მაქსიმიზაციით. Human Rights Watch-ის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, არსებული შეთანხმება უზრუველყოფს მაღაროელების სათანადო დასვენებას გაზრდილი უსაფრთხოების საცხოვრებელ პირობებში. მაგრამ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს მოთხოვნა უხეში ჩარევაა როგორც მათი გადაადგილების თავისუფლებაში, აგრეთვე, მათ პირად ცხოვრებაში.

„მუშაობის მეცხრე ან მეათე ღამით ყველა უაღრესად დაქანცულია და ბევრს, უბრალოდ, ადგილზე ეძინება“, – აცხადებს მერაბი, ერთ-ერთი მაღაროელი. Human Rights Watch-თან ის იხსენებს შემთხვევას, როცა მიწისქვეშ ზედიზედ გატარებულ მე-14 ღამეს დაშავდა.

„ერთ-ერთი მუშა ჩემ გვერდით იჯდა, ჩაეძინა და შემთხვევით ჩართო სამუშაო იარაღი. ისე დავიჭერი, რომ ნეკნები მიჩანდა“.

ანგარიშის ავტორების თქმით, შპს „საქნახშირის“ მეშახტეები ასევე აღწერენ ისეთ სამუშაო პირობებს, რომლებიც ზრდის უსაფრთხოებასთან და შრომით უფლებებთან დაკავშირებულ რისკებს.

მეშახტეების თქმით, ანაზღაურების ისეთი სისტემა, რომელიც მოპოვებული ქვანახშირის რაოდენობას ეფუძნება, ისეთ საწარმოო მიზნებს აწესებდა, რომელთა უსაფრთხოდ მიღწევა შეუძლებელი იყო, ხოლო თანამშრომლებს უბიძგებდა უგულებელეყოთ შრომის უსაფრთხოების ის ზომები, რომელთა დაცვა დიდ დროს მოითხოვდა.

Human Rights Watch-მა შეისწავლა დასაქმების სხვა პრაქტიკაც, რომელიც არღვევს შრომის უფლებებს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის მუშაობის ხანგრძლივი საათები, არასათანადო შესვენება და ყოველკვირეული დასვენების არარსებობა, აგრეთვე ზეგანაკვეთურად მუშაობის არასათანადოდ ანაზღაურება, წერილობითი ხელშეკრულებების არარსებობა და ხელფასების უსამართლოდ დაქვითვა.

Human Rights Watch-ის დასკვნით, წლების განმავლობაში საქართველოში შრომის ბაზრის დერეგულაციამ დასაქმებულები ადეკვატური დაცვის გარეშე დატოვა. კერძოდ, ორგანიზაცია იხსენებს 2006 წელს, როცა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველომ გააუქმა შრომის ინსპექცია და მნიშვნელოვნად შეამცირა დასაქმებულთა უფლებები შრომის კოდექსში:

“ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილზე ყოველწლიურად დაღუპულთა რიცხვი 74 პროცენტით გაიზარდა, განსაკუთრებით სამთო-მომპოვებელ მრეწველობასა და მშენებლობებზე დასაქმებულთა შორის. 2013 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, საქართველომ ეტაპობრივად გააუმჯობესა შრომის უფლებების დაცვა, მათ შორის 2015 წელს შრომის ინსპექციის ხელახლა შექმნის გზით, თუმცა ის შეზღუდული მანდატით აღჭურვა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

Human Rights Watch ასევე იხსენებს 2018 წელს, როცა ტყიბულის შახტებში რამდენიმე თვის ინტერვალით, ჯამში, 10 მეშახტე დაიღუპა.

2019 წლის თებერვალში, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები და გაზარდა შრომის ინსპექციის უფლებამოსილება სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების შემოწმებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებების გათვალისწინებითაც კი, რომლებიც სექტემბერში შედის ძალაში, ინსპექციის მანდატი მაინც არასაკმარისად ფართოა:

“მაგალითად, მას არ შეუძლია შეისწავლოს ხანგრძლივი სამუშაო საათების, საწარმოო კვოტების და სხვა რთული სამუშაო პირობების გავლენა დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. სამთო-მომპოვებელი წარმოების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში და ამ დარგში დასაქმების შესაძლებლობები არ ამართლებს შრომითი უფლებების სერიოზულ დარღვევებს ამ დარგში”, – განაცხადა Human Rights Watch-მა.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ზეგანაკვეთური მუშაობის არასათანადო რეგულირება და ანაზღაურება, სავალდებულო დასვენების დღეები, უქმეებზე მუშაობა და მინიმალური ხელფასები. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ასევე მიმდინარეობს მუშაობა შრომის ინსპექციის გასაძლიერებლად, მაგრამ შესაბამისი კანონპროექტი ჯერ არ შესულა პარლამენტში და არ არსებობს ამ მეტად საჭირო რეფორმის განხორციელების მკაფიო განრიგი.

Human Rights Watch რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, მიიღოს ყოვლისმომცველი შრომითი პოლიტიკის რეფორმა, რათა უზრუნველყოს ეროვნული შრომითი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შექმნან დამოუკიდებელი, საკმარისი რაოდენობის, გადამზადებული პერსონალის და რესურსების მქონე შრომის ინსპექცია და მიანიჭოს ფართო მანდატი, რათა შეისწავლონ ყველა საკითხი, რომელიც ეხება დასაქმების ადგილზე უსაფრთხოებას და სამუშაო პირობებს. სამთო-სამრეწველო კომპანიებმა კი, Human Rights Watch-ის განცხადებით, პატივი უნდა სცენ დასაქმებულთა უფლებებსა და მათ უსაფრთხოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი