ახალი ამბები

2018-2019 წლებში საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად 104 ადამიანი დაიღუპა

15 ივლისი, 2020 • 926
2018-2019 წლებში საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად 104 ადამიანი დაიღუპა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად 104 ადამიანი დაიღუპა, 368 ადამიანი კი დაშავდა.

უწყების მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2018 წელს საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 59, ხოლო დაშავდა 199 დასაქმებული, 2019 წელს კინდაიღუპა 45 და დაშავდა 168 დასაქმებული.

„მაშასადამე, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა 24%-ით, ხოლო დაშავებისა- 16%-ით.
2019 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა 20 დასაქმებული, ხოლო 2020 წელს – 13 დასაქმებული. მაშასადამე, წინა წელთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 35%-ით“, – ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო.

ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს შრომის ინსპექციის 5-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. უწყება ამბობს, რომ 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, სულ 3 ათასამდე ინსპექცია ჩაატარა. წლების მიხედვით ჩაშლა კი შემდეგნაირია:

2015 წელი – 142 ინსპექტირება, მათ შორის, 118 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 24 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით.
2016 წელი – 287 ინსპექტირება, მათ შორის, 188 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 99 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით.
2017 წელი – 392 ინსპექტირება, მათ შორის, 279 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 113 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით.
2018 წელი – აგვისტოდან ამოქმედდა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, ჩატარდა  465 ინსპექტირება, მათ შორის, 224 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 154 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. 87 – შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში.
2019 წელი – პირველი სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტებზე – ჩატარდა 1541 ინსპექტირება, მათ შორის, 150 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 127 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. 1264 – შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში.

„2019 წელს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, აღმოჩენილი შეუსაბამობებისთვის მეწარმეებს სახდელის ზომად განესაზღვრათ გაფრთხილება. გაფრთხილება გულისხმობს დამსაქმებლისთვის გონივრული ვადის მიცემას, რომლის ოდენობის განსაზღვრა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, არსებული დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე“, – წერს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციითვე, 2 კალენდარული წლის განმავლობაში 2 საწარმო კრიტიკული დარღვევისთვის 50 ათასლი ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ზედამხედველი ორგანოსთვის ხელის შეშლის გამო 7 საწარმო დაჯარიმდა 4000 – 14 000 ლარის ფარგლებში.

„მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაურეგისტრირებლობისთვის 28 საწარმოს ადმინისტრაციული სახდელის ზომად განესაზღვრა 1000 ლარი.

სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიემართა 117-ჯერ, რომელთაგან 92 ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერდა უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევის გამო, მათგან 20 ობიექტზე მომხდარი საწარმოო უბედური შემთხვევის გამო, ხოლო დანარჩენზე განხორციელდა ინსპექტირება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ სტატისტიკაში.

უწყება ასევე დასძენს, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვის მიზნით, უკვე ჩატარდა 13 300-მდე ინსპექცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი