ახალი ამბები

EMC შრომის ინსპექციას მოუწოდებს, “სპარი” შეამოწმოს

24 იანვარი, 2020 • 1521
EMC შრომის ინსპექციას მოუწოდებს, “სპარი” შეამოწმოს

EMC “სპარის” კონსულტანტის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და სახელმწიფოს მომსახურეობის სექტორში დასაქმებულ პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისა დაცვისთვის გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მომსახურეობის სფერო და იქ არსებული შრომითი გარემო უსაფრთხო არ არის. EMC შრომით ინსპექციას რეკომენდაციით მიმართავს, სუპერმარკეტების ქსელ “სპარში” შრომის პირობების ინსპექტირება განახორციელოს და შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის, მათ შორის, ადგილზე დაცვის სამსახურის არარსებობის კავშირი მომხდარ უბედურ შემთხვევასთან. ამასთან, შეამოწმოს სუპერმარკეტების ქსელებში არსებული უსაფრთხოების საკითხი და სისტემურად შეაფასოს ეს პრობლემა.

“30 დეკემბერს მომხდარი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სერვისის სფერო და იქ არსებული შრომითი გარემო იმთავითვე არ წარმოადგენს უსაფრთხო სამუშაო სივრცეს, როგორც ეს ხშირად აღიქმება ხოლმე. როგორც წესი, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, შრომის უსაფრთოების მხრივ რისკის შემცველ დასაქმების ადგილებს შორის მძიმე მრეწველობის, სამთო-მოპოვების, ტრანსპორტის და გადამუშავების სექტორებს გულისხმობენ, თუმცა არსებული ფაქტი ცხადყოფს, რომ შრომითი უსაფრთხოების საკითხი ცალკეული სექტორებით ვერ შემოისაზღვრება და ის ინტერსექტორულ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის დასაქმების ისეთ ადგილზეც კი, როგორიც ურბანულ ცენტრში განთავსებული სუპერმარკეტია”, – აცხადებს EMC.

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დამსაქმებელის ვალდებულება, იზრუნოს უსაფრთხო სამუშაო გარემოზე და მინიმუმამდე დაიყვანოს ნებისმიერი რისკი, რომელიც დასაქმებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობის სამუშაოს შესრულებისას შეიძლება შეექმნას, მათ შორის, მესამე პირების მხრიდან, პირველ რიგში, სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზითა და ეფექტური ინსტიტუტებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

EMC-ის განცხადება სრულად ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი