ახალი ამბები

2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 2.5%-ით შემცირდა – საქსტატი

15 სექტემბერი, 2020 • 1191
2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 2.5%-ით შემცირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7 პროცენტით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით);
  • მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით);

ამასთან, 2020 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო კაცების  1 352.4 ლარით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

გარდა ამისა, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 65.5 ლარით შემცირდა და 1 175.6 ლარი შეადგინა. საქსატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 044.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 4.4 პროცენტით), ასევე, ინფორმაციის და კომუნიკაციის (1 972.6 ლარი, გაიზარდა 9.3 პროცენტით) დარგებში.

როგორ დგინდება საშუალო ხელფასი?

როგორც საქსტატი განმარტავს, ხელფასების სტატისტიკა ეყრდნობა საწარმოთა კვარტალურად ჩატარებულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ ცნობებს [წლიურად – 18 000-მდე საწარმოსგან].

თუმცა ეს ცნობები მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის ხელფასების სხვაობის გაგებას, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის.

არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა [საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას, მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შორის მოქცეული რიცხვია].

იგივე მოცემულობა რომ ავიღოთ, რაც წინა შემთხვევაში: თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი 500 ლარი გამოდის.

გაიგეთ, რა მიზეზით არ ითვლის საქსტატი ხელფასებს ამ ხერხით და რა კითხვები არსებობს ხელფასების სტატისტიკის ამგვარად წარმოებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთის სტატიებიდან:

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

მასალების გადაბეჭდვის წესი