ახალი ამბები

პროფკავშირები შრომის ინსპექტორს “სპარში” დასაქმებულთა მდგომარეობის შესწავლისკენ მოუწოდებს

7 აპრილი, 2020 • 1477
პროფკავშირები შრომის ინსპექტორს “სპარში” დასაქმებულთა მდგომარეობის შესწავლისკენ მოუწოდებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ოფიციალურად მიმართავს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს ბექა ფერაძეს, შეისწავლონ სუპერმარკეტების ქსელში “სპარი” დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობა და დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება.

“პროფკავშირების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ვლინდება, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში ადგილი აქვს სუპერმარკეტების ქსელის, “სპარის“ დასაქმებულთა შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებს, რაც უპირველესად გამოიხატება იმაში, რომ კომპანია ავალდებულებს თანამშრომლებს, მაღაზიაში დარჩნენ მთელი ღამის განმავლობაში საწყობებისთვის გამოყოფილ ადგილას, არასათანადო პირობებში საღამოს 19.00 საათიან დილის 9 საათამდე”, – წერია პროფესიული კავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით “სპარი” თანხის დაზოგვის მიზნით არ უზრუნველყოფს თანამშრომლების სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებას და მიზნად ისახავს სუპერმარკეტების ქსელის მიერ არასაკარანტინო დროის მაქსიმალურად გამოყენებას.

“მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ღამის ცვლის შემდეგ, იგივე თანამშრომლები მუშაობენ შემდეგ ცვლაში, იმავე საღამოს 19.00 საათიდან, რითაც ირღვევა შრომის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი ცვლებს შორის არანაკლებ 12- საათიანი დასვენების ხანგრლივობის არსებობის შესახებ. აღნიშნულს დასაქმებულები ერთ-ერთ ტელერეპორტაჟში ხსნიან იმ ფაქტით, რომ არ არის საკმარისი საკადრო რესურსი, რაც პირდაპირ ეწინააღმდგება კომპანია “სპარის” განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ამგვარი მიდგომით ისინი 750 დასაქმებულს ინარჩუნებენ მიუხედავად იმისა, რომ ამ რაოდენობის კადრი მათ ამ პირობებში არ სჭირდებათ”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცახადების მიხედვით დასაქმებულთა მდგოამრეობას ამცირებს ის ფაქტი, რომ დასაქმებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას უწევს მაღალი დატვირთვით და კვირაში არანაკლებ 60 საათი მუშაობა. ამასთანავე, ჩვენი ინფორმაციით, არც ზეგანაკვეთური შრომის სათანადო ანაზღაურება ხდება. ამასთან, განცხადების მხიედვით მათი ანაზღაურება არ არის შრომის შესაბამისი.

“გასთავლისწინებელია ის გარემოებაც, რომ კომპანიას ზემოაღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით რომც ჰქონდეს მოპოვებული დასაქმებულის თანხმობა, ასეთი თანხმობა შრომითი ურთიერთობის სპეციფიკიდან და შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ ჩაითვლება ნამდვილი ნების გამოვლინებად და ბათილად ითვლება (შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი და მე-6 მუხლის მე-10 ნაწილი)”, – წერია განცხადებაში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიმართავს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს, დეტალურად შეისწავლონ სუპერმარკეტ “სპარის” მიერ დასაქმებულებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები და მოიპოვონ მტკიცებულებები (ვიდეოკამერის ჩანაწერები, დასაქმებბულთა ახსნა-განმარტებები და ა.შ.) მათი შრომის პირობების შესახებ, მათ შორის კი, იმის თაობაზე, თუ რამდენად იცავს კომპანია საგანგებო მდგომარეობის პირობებში დამტკიცებულ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი