ახალი ამბები

ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას ლელო მხარს არ უჭერს, აგვიტანეთ „ფობიობანას“ გარეშე – უსუფაშვილი

8 ივნისი, 2020 • 1449
ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას ლელო მხარს არ უჭერს, აგვიტანეთ „ფობიობანას“ გარეშე – უსუფაშვილი

ყოფილი პარლამენტარი და ამჟამად „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პარტიაში ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებას მხარს არ უჭერენ, ეს კი მოსახლეობამ „ფობიობანას“ გარეშე უნდა აიტანოს.

უსუფაშვილის ამ განცხადებამდე პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ საქართველოში ლგბტ უფლებები ირღვევა, თუმცა მიიჩნევს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები არ უნდა შელახოს.

ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ ლგბტ პირებს შორის ქორწინების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ბავშვი დედამ და მამამ უნდა აღზარდოს.

უსუფაშვილი თავის განცხადებაში წერს, რომ „ლელო“ გმობს დისკრიმინაციასა და შევიწროებას, თუმცა ყველა ადამიანის ქორწინებას მხარს არ უჭერს.

„დაცვა. განსხვავებული ორიენტაციის გამო ვინმეს დევნას, შევიწროვებას ან დისკრიმინაციას ვგმობთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. სახელმწიფომ უნდა გაატაროს თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკა არა მხოლოდ შესაბამის დამნაშავეთა დასასჯელად და მსხვერპლთა დასაცავად, არამედ მსგავსი მოპყრობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად.

ქორწინება. ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს, ისევე, როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ. შესაძლოა, ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ავიტანთ და უნდა აგვიტანონ ყოველგვარი „ფობიობანას“ გარეშე“, – წერს უსუფაშვილი.

ამასთანავე, უსუფაშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეხმაურება ტყის საკითხსაც და ამბობს, რომ რომ ტყის საუკეთესო მეპატრონეა ტყის კონკრეტულ მასივთან უშუალოდ დაკავშირებული მოსახლეობაა, რომელსაც აქვს ტყის უპირატესი მოსარგებლის ბუნებრივი უფლება და რომელმაც თვითმმართველობისა და სახელმწიფო რეგულაციების საფუძველზე უნდა უპატრონოს კიდეც მას.

„ჩვენ, პირველ რიგში, მხარს ვუჭერთ ტყის შესაბამისი მასივების გადაცემას მუნიციპალურ და სასოფლო საკუთრებაში. მიგვაჩნია, რომ ეკლესია-მონასტრებს, ამავე პრინციპების საფუძველზე, შეიძლება გადაეცეს მათ ისტორიულ შემოგარენში არსებული ტყის ნაკვეთები“, – დასძენს ის .

ის, რაც ისედაც მათი იყო და დაკანონდა, პრობლემას ვერ ვხედავ – ხაზარაძე ეკლესიისთვის ტყის გადაცემაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი