ახალი ამბები

გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ყალბი ვიდეოების გამოქვეყნებას გეგმავს – კობახიძე

26 ოქტომბერი, 2020 • 1133
გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ყალბი ვიდეოების გამოქვეყნებას გეგმავს – კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ არჩევნების დღისთვის ოპოზიციის წარმომდგენლები გაყალბებული ვიდეომასალის, ე.წ. დიფფეიქის გამოქვეყნებას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, „დიფფეიკი“. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს”, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა სახის მასალებს გულისხმობდა, კობახიძემ უპასუხა, რომ პარტიას ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ამ ვიდეომასალაში იყოს ბიძინა ივანიშვილი, კობახიძის თქმით მასალაში შეიძლება “ქართული ოცნების” ნებისმიერი წარმომადგენელი იყოს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, გიორგი გახარია და თავად კობახიძეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი