ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ გაუმკლავდებოდა ოპოზიცია პანდემიას

30 ოქტომბერი, 2020 • 1566
როგორ გაუმკლავდებოდა ოპოზიცია პანდემიას

კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდასთან და არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ ოპოზიციური პარტიები სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას ვირუსთან ბრძოლის საქმეში და რა ხედვები გააჩნიათ თავად სიტუაციის მართვასთან დაკავშირებით?

როგორ მოვედით აქამდე

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, რის შემდეგაც მთავრობამ მალევე მიიღო შემზღუდავი ზომები. მათ შორის იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვა,  კომენდანტის საათი, ვირუსის გავრცელების ადგილების იზოლირება, სავალდებულო კარანტინი, საერთაშორისო ფრენების აკრძალვა და სხვა. ზაფხულიდან დაიწყო შეზღუდვების თანდათანობითი შემსუბუქება, ზაფხულის თვეებში ამოქმედდა შიდა ტურიზმის წახალისების კამპანიაც, შემდოგომაზე აღდგა სწავლება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და სხვა.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის გავრცელების ტემპის მკვეთრად ზრდა და გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. შემთხვევათა დიდი ნაწილი მოდის აჭარა, იმერეთსა და თბილისზე. ინფიცირების ყოველ 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო აღმოჩნდა ვირუსის გავრცელების შუქნიშნების წითელ ზონაში. მიუხედავად ამისა, მთავრობა აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების ტემპის შესამცირებლად მასობრივ ჩაკეტვებს არ გეგმავს და ამ ეტაპზე მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვებისა და მოსახლეობის მხრიდან წესების დაცვის იმედზეა. მთავრობამ კატეგორიულად გამორიცხა 31 ოქტომბრის არჩევნების გადადებაც.

რას ფიქრობენ ოპოზიციური პარტიები

პოლიტიკური პარტია სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, სერგო ჩიხლაძის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან სწორად მოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო გაცილებით ნაკლები ეკონომიკური ზიანის მიღება. მისი განცხადებით, სახელწიფომ თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას ტესტირებების კუთხითაც.

 „სახელმწიფომ სრული ჩავარდნა აჩვენა ტესტირების მიმართულებით, ჩვენ ჯერ კიდევ 19-დღიანი გეგმა შევთავაზეთ მთავრობას მარტში, როგორ უნდა გამართულიყო ტესტირება, დაქსელილიყო მთელი საქართველო სატესტო ზონებად, თუმცა ეს არ მოხდა“.

მისი განმარტებით, ტესტირებების კუთხით სახელმწიფო არანაირ ალგორითმს აღარ მიჰყვება.

„უკვე აღარანაირ ალგორითმს აღარ მიჰყვება ტესტირება, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როდესაც რამდენიმე დღე იგვიანებს ტესტის პასუხი. ახლა დღიურად აუცილებელია მინიმუმ 20 000 ტესტის ჩატარება. სწრაფი ტესტირება და იზოლირება მაშინაც წარმოადგენდა გამოსავალს და დღესაც“, – აცხადებს იგი.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ეკატერინე ადამიას განცხადებით, ქვეყანაში მოქმედებს ტესტირების სპეციალური პირობები.

“სავალდებულო ტესტირება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის სიმპტომი, ან თუ ეს ადამიანი შედის ტესტირების პრიორიტეტულ ნუსხაში. არსებობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ნუსხა, სადაც შედიან სიმპტომების მქონე პაციენტები, ასევე, მედპერსონალი და ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ ინფექციასთან ბრძოლაში და უშუალო შეხება აქვთ კოვიდ ინფიცირებულებთან. ეს სია პერიოდულად ფართოვდება. ეს პირები იტესტებიან 7-14 დღის პერიოდულობით, ან 72 საათში ერთხელ.“

პარტიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ასევე კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჩაუტარდებოდა ტესტი, თუმცა მანამდე საჭირო იყო გაზაფხულიდან მოყოლებული გაძლიერებულიყო ლაბორატორიული მზადყოფნა.

„პატარა ქვეყანას შეუძლია არაორდინალურ ხერხებს მიმართოს და გააკეთოს ის, რასაც სხვა ქვეყნები ვერ გააკეთებენ.“

ნეტგაზეთის კითხვაზე, ფინანსურად და ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია მთელი მოსახლეობის ტესტირება, პარტიაში პასუხობენ, რომ ამისთვის საკმარისი ფინანსები არსებობს. „რაც შეეხება PCR ტესტებს, ამ ტესტების ფასი მერყეობს 20 დოლარის ფარგლებში. ეს რომ გავამრავლოთ მთლიან მოსახლეობაზე, პირობითად 3 მილიონი რომ გავამრავლოთ 20 დოლარზე, გამოდის 60 მილიონი.“

პარტიაში აცხადებენ, რომ ამ თანხის გამოყოფა შესაძლებელია იმ საგარეო დახმარებებიდან, რომელიც ქვეყანამ პანდემიის დროს უკვე მიიღო. ასევე იმ თანხებიდან, რაც კოვიდ-ფონდში დაგროვდა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს “სტრატეგია აღმაშენებელი” არჩევნების გადავადებას, პარტიაში განაცხადეს, რომ გადავადებას მხარს არ უჭერენ.

პოლიტიკური პარტია ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ არსებობს 4 ძირითადი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას.

მისი თქმით, პირველი არის პანიკის შეკავება. 

“თუ საზოგადოება ნერვიულობს, რა თქმა უნდა, მეტია ზარი 112-ში, საჭიროა მეტი ტესტი, გადატვირთულია სასწრაფო და მეტი რესურსი იხარჯება. იმისათვის, რომ საზოგადოებამ მშვიდად დაიცვას რეგულაციები და იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას მიიღებს, ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა რომ 112-ზე დარეკვისას მალევე გვიპასუხონ. თუკი ვრეკავთ ცხელ ხაზზე, დაუყოვნებლივ უნდა შეგვაერთონ ოჯახის ექიმთან, აუცილებლად გვჭირდება სწრაფი ტესტები, რადგან ვხედავთ, რომ PCR ტესტების ლაბორატორიული სიმძლავრე შეზღუდულია. სწრაფი რეაგირებისთვის საჭიროა სწრაფი ტესტები, რომელთაც გაზაფხულიდან ვითხოვთ.  არის საჭირო გრიპის ვაქცინა, რაც შეიძლება მასობრივად, იმიტომ, რომ რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება სიმპტომი, რაც შეიძლება იყოს სეზონური გრიპისგან და ადამიანს ეგონოს კორონა, მით უფრო მეტად ავირიდებთ [სამედიცინო სექტორის] გადატვირთვას“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისი განცხადებით, საქართველოს დღეს უკვე აქვს საწოლფონდის დეფიციტი, ხოლო იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების მართვა შეიძლებოდეს, აუცილებელია რისკის ჯგუფში მყოფი პირების იზოლირება და არა მათი, ვინც ასეთ ჯგუფებს არ განეკუთვნება.  

„აუცილებელია რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების იზოლირება ე.წ. კოვიდ სასტუმროებში, მაგალითად, რომ ვირუსმა სულ უფრო ნაკლებად იპოვოს ეს ადამიანები“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ასეთი პირების იზოლირება და უფრო ძვირი ხომ არ იქნება, ვიდრე მხოლოდ ინფიცირებული პირების ცალკე გადაყვანა, ევროპული საქართველოს წევრი პასუხობს, რომ უმჯობესია, ეკონომიკური რესურსი უშუალოდ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანზე დაიხარჯოს, ვიდრე მასზე, ვინც ამ რისკს არ განეკუთვნება.

დამაზუსტებელ კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ რისკჯგუფებში მყოფი მოქალაქეები ერთად იქნებიან თავმოყრილნი, ვირუსის ასეთ დაწესებულებაში გავრცელება ხომ არ გაზრდის გარდაცვლილთა რიცხვს, ჭიაბერაშვილი პასუხობს, რომ ასეთ დაწესებულებებში პირობები სათანადოდ უნდა კონტროლდებოდეს, რომ მსგავსი რისკები თავიდან იქნეს აცილებული.

პარტიაში არ ემხრობიან კიდევ ერთ „ჩაკეტვას“, რადგან, ჭიაბერაშვილის თქმით, ამას ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

არჩევნების გადადებას მხარს არც ევროპული საქართველო უჭერს. ევსაქების გეგმაზე პანდემიასთან მიმართებაში წაიკითეთ აქ.

პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ვირუსთან ბრძოლაში უმთავრესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას, ხოლო ის პოლიტიკა, რაც ვირუსის მართვისას ეკონომიკის მიმართულებით ტარდება, რეალობასთან შედარებით არაადეკვატურია.

„ჩვენ რომ დაბეგვრის სხვა მოდელი გვქონდეს, ბევრად უფრო მარტივად გავუმკლავდებოდით კორონას, სადაც მაღალშემოსავლიანებს უფრო მაღალი დაბეგვრის მარჟა ექნებოდათ და, შესაბამისად, დაბალშემოსავლიანებს – დაბალი, ასეთ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად სამართლიანად იქნებოდა რესურსები გადანაწილებული. რომ გვქონდეს უმუშევრობის დაზღვევის სისტემა, შედარებით მარტივად გადავიტანდით ამ ყველაფერს. ეს მანამდე უნდა მომხდარიყო, რაც მთავრობას არ გაუკეთებია“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხარვეზებით მუშაობს პანდემიის მართვის კომუნიკაციის სისტემა.

„პირველ რიგში უნდა დაიხვეწოს კომუნიკაციების სისტემა. ინფიცირებულების ასეთ რაოდენობას მომზადებული ვერ შეხვდა შესაბამისი სტურქუტრები, მათ შორის, ვერც კლინიკები და ჯანდაცვის სამინისტრო.“

მისი განცხადებით, თუ საჭირო გახდება, უნდა მოხდეს „ჩაკეტვაც“.

„თუ საჭირო იქნება, მთავრობამ შეზღუდვებიც უნდა დააწესოს. მე დღეს ვერ ვხედავ იმ შეზღუდვების აღსრულებასაც, რომელიც ახლა არის. მთავრობას გათვლა არ გაუკეთებია, როდის უნდა ჩაიკეტოს, როდის არა. ჩვენ შეიძლება ისეთ მდგომარეობაში ავღმოვჩნდეთ, რომ საწოლფონდმა ვერ გაუძლოს, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ამის საჭიროება დადგეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი უნდა ამბობდეს, რა არის ის მაჩვენებელი, რის შედეგადაც ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს.“

საქართველოს ჯანდაცვის წარმომადგენლის, ეკატერინე ადამიას 16 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებით, საქართველოში დღეისათვის არის 17400-ზე მეტი საწოლი, მათ შორის, ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის 2290 საწოლი, ასევე გვყავს 17990 ექიმი, მათ შორის,  500 ინფექციონისტი და 1400-ზე რეანიმატოლოგი.

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ინფექციისგან მიყენებული ფინანსური ზიანის ასანაზღაურებლად მთავრობამ უნდა აიღოს ვალი, ან მიმართოს ფინანსების მოძიების სხვა გზებს.

„მთავრობამ ვალი უნდა აიღოს ან სხვა დაბეგვრის სისტემა უნდა შექმნას, ან რაიმე ფონდი შექმნას.“

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ საქართველოში მთავრობის ვალი უკვე უახლოვდება კანონით დადგენილ დონეს, ხოლო რამდენად შესაძლებელია დამატებითი ვალის აღება, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ კანონის ეს ჩანაწერი არის გადასახედი.

„ვალი ზოგადად ცუდია, თუმცა ეს არის აბსურდული ჩანაწერი, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტს არ უნდა აღემატებოდეს მთავრობის ვალი, თუმცა პრობლემას წარმოადგენს არა ვალის აღება, არამედ ის, თუ რამდენად სწორად და კეთილსინდისიერად იქნება დახარჯული ეს თანხმები. არცერთი ვალის არაღება არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ“.

მთავრობის ვალი აერთიანებს შიდა და საგარეო ვალების ჯამს. 2021 წლის მოსალოდნელი გათვლებით, საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-სთან შედარებით 57.9%-ია. კანონის ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, მთავრობის ვალის მაქსიმალური დონე არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ მშპ-ს 60%-ს. 

 ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ვირუსის გამოჩენიდან დღემდე, მსოფლიომ უფრო მეტი ცოდნა დააგროვა, რაც, მისი აზრით, ცვლის ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიას.

„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა არ არსებობდა და რეაქცია, რაც იმ დროს იყო, ეფუძნებოდა ჩინეთისა და იტალიის შემთხვევებს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. ხელების დაბანა და დისტანციის დაცვა ვირუსის გავრცელებას ანელებს, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ჯერ მისი სრულად გაქრობა შეუძლებელია, ასევე ვიცით, რომ ეს ვირუსი საშიშია ასაკოვანი ადამიანებისთვის. აქედან გასაგები იყო, რომ ჩვენ უნდა დაგვეცვა რისკჯგუფში მყოფი ადამიანები, მოხუცები და არა ახალგაზრდები, რაც საქართველოში გაზაფხულზე მოხდა.“

მეგრელიშვილის აზრით, მთავრობამ დაუმსახურებლად „დაიწერა ქულები“.

„მაშინ, როცა რეალურად დაიწყო ვირუსის გავრცელება საქართველოში, მივიღეთ ის, რომ ჩვენ უკვე განცდილი გვაქვს ეკონომიკური შოკი და დასუსტებულები ვართ ყველანაირად. ერთადერთ გამოსავლად რჩება, ჩვენც, ისევე როგორც ევროპის ბევრმა ქვეყანამ, ყველანაირად უნდა გავხსნათ ეკონომიკა.“

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ან მოხდეს რისკჯგუფებში მყოფი მოქალაქეების იზოლირება, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ გაზაფხულზე მთავრობის მიერ გატარებულმა „აბსურდულმა შეზღუდვებმა“ ხალხს ვირუსისადმი შიში დაუკარგა.

„როდესაც ეს ვირუსი პირველად გამოჩნდა, მოსახლეობას შეეშინდა და ასე თუ ისე რეგულაციებს ასრულდებდნენ, მაგრამ როდესაც მთავრობამ არარაციონალური შეზღუდვები შემოიტანა, მაგალითად, ცოლ-ქმრისთვის მანქანის წინა სავარძელზე ყოფნა, ქუჩების რეცხვა და ა.შ., ნათელი გახდა, რომ ეს იყო პოლიტიკური სპექტაკლი და არაფერი ჰქონდა კავშირი ჯანდაცვასთან. მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანებს ვეტყოდით სიმართლეს და მივცემდით სწორ რეკომენდაციებს, ამას მოქალაქეები ისედაც შეასრულებდნენ, როგორც ამას აკეთებენ, მაგალითად, შვედეთში“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ძირითადად არის გაფართოებული ოჯახები, ანუ სამი თაობა ცხოვრობს ერთად, როგორ უნდა მომხდარიყო, მაგალითად, მოხუცების იზოლირება, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ ხალხისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებისა და სამედიცინო სექტორის მზადყოფნის შემთხვევაში ეს შესაძლებელი იყო.

მეგრელიშვილის განცხადებით, საქართველომ უნდა გაიზიაროს შვედეთის გამოცდილება და ჰქონდეს მინიმალური შეზღუდვები.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც შვედეთს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში, რატომაა მისაბაძი მაგალითი, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ შვედეთში სიკვდილიანობა გამოიწვია ვირუსის განსაკუთრებულად დიდი ზომის მოხუცთა თავშესაფრებში გავრცელებამ, ხოლო საქართველოში ასეთი რამე ვერ მოხერხდება, რადგან ასეთ თავშესაფრებში ისედაც ცოტა ხალხი ცხოვრობს.

კითხვაზე, იმ დროს, როდესაც შეზღუდულია საწოლფონდი და სასუნთქი აპარატების რიცხვი, შეზღუდვების მაქსიმალური მოხსნა ხომ არ გამოიწვევს ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლას, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ მას უფრო ეშინია პანიკის, ვიდრე იმის, რომ ვირუსის მკურნალობას ვერ მოახერხებს სახელმწიფო:

„რეალურად რაიმე განსაკუთრებული მკურნალობა ამ ვირუსს სხვა რესპირატორული დაავადებებისგან არ განასხვავებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რაოდენობრივად როგორ შევძლებთ გამკლავებას, მაგრამ ამის რისკები ჯერ არ დგას. თუ ჩვენ იტალიასავით არ დავფეთდებით და სამედიცინო პერსონალი არ დაუშვებს შეცდომებს, რაც შვედეთმა დაადასტურა, არაფერი საგანგაშო არ მოხდება.“

შვედეთს, დანარჩენი მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოსგან განსხვავებით, პანდემიის საწყის ეტაპზევე ვირუსის მართვის განსხვავებული მოდელი ჰქონდა. შვედეთში არ დაწესებულა შეზღუდვები და გაიცა მხოლოდ სახელმწიფო რეკომენდაციები. დღეის მდგომარეობით შვედეთში 5929 ადამიანი გარდაიცვალა, მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, არსებული შიშის ფონზე, საფრთხეს ამჩნევს, რომ სახელმწიფოს გაუჩნდა მოსახლეობის კონტროლისა და ამით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა.

“ამ შიშის ფონზე სახელმწიფოს ახალი ძალაუფლება გაუჩნდა, რომ მთელი ქვეყანა გადაექცია ციხედ, ჩემთვის უფრო დიდია პოლიტიკური საფრთხე, რომ დღევანდელ ხელისუფლებას შეუძლია გამოიყენოს ეს ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში მნიშვნლეოვანია, ადამიანებს ვუთხრათ, რომ ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც გვეუბნებიან, და დღეს უკვე ნათელია, რომ ათასობით შემთხვევაა დღეში და არაფერი ისეთი არ ხდება, რომ ხელისუფლებას უფლება ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაში ასეთი ფორმით ჩაერიოს“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

პარტიაშიც მიიჩნევენ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს და არ უნდა გადაიდოს.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას შეეძლო ოქროს შუალედის პოვნა ეკონომიკის გადარჩენისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას შორის, რაც მთავრობამ ვერ მოახერხა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, როგორ გაუმკლავდებოდა ლეიბორისტული პარტია პანდემიას, გიორგი გუგავა პასუხობს, რომ მოსახლეობის პირდაპირი სუბსიდირების გარეშე „ჩაკეტვებს“ არ დაუჭერდნენ მხარს.

„დახმარება უნდა მიემართებოდეს პირდაპირ მოქალაქეებზე, მცირე და საშუალო ბიზნესზე. ამათ დაითრიეს ვალი, მივარტყით დადგენილ ჭერს, ფული გაიწოვა მსხვილმა ოლიგარქიამ, სამშენებლო ბიზნესმა, ჰიპერმარკეტებმა და ასე შემდეგ, შესაბამისად, ვალი აიღეს და მოგუდეს მცირე ბიზნესიც და ხალხიც.“

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა გზით უნდა მოხდეს მოსახლეობის „პირდაპირი სუბსიდირება“, გიორგი გუგავა პასუხობს, რომ ამისი სახსრები სახელმწიფოში არსებობს.

„10 მილიარდი ვალი სესხი ავიღეთ ჩვენ. როცა კარანტინი იყო ქვეყანაში, 135 მილიონი დახარჯა ხელისუფლებამ, ამიტომ ეს რესურსები უნდა წარიმართოს იმ ხალხისადმი, ვისაც რეალურად სჭირდება“, – აცხადებს გუგავა.

2020 წელს საქართველოს მთავრობა 8 მილიარდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს ერთი მილიარდი ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, წელს მთავრობის ვალი 7 მილიარდი ლარით გაიზრდება, საიდანაც 1.8 მილიარდი ლარი – საშინაო ვალი, ხოლო 5.2 მილიარდი ლარი საგარეო ვალი იქნება.

ლეიბორისტულ პარტიაში მიიჩნევენ, რომ „კორონა არის ოდნავ რთული ფორმების ჩვეულებრივი გრიპის ნაირსახეობა“ და მისი მართვა შეიძლება ისე, როგორც ეს გააკეთა შვედეთმა, თუმცა ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ შვედეთში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მილიონ კაცზე გაანგარიშებით, პარტიაში მიიჩნევენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საბოლოო ჯამში, შვედეთში რიცხობრივად უფრო ნაკლები გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მოიხსნება რეგულაციები, ისე როგორც ეს შვედეთშია, ხომ არ გაიზრდება ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა, გიორგი გუგავა პასუხობს, რომ კორონავირუსი ადამიანს მაშინ ემართება, როდესაც მათი იმუნიტეტი მოსუსტებულია.

„კორონა ვის ერევა ყველაზე მეტად ,იცით? ვისაც იმუნიტეტი არ უმუშავებს, და იმუნიტეტს აქვეითებს შიმშილი, ესაა ყველაზე მთავარი“,- აცხადებს გუგავა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ და ჯანდაცვის პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ არასწორად დაგეგმა ვირუსთან ბრძოლა.

“ეკონომიკის გაჩერების ფონზე, პირველ ეტაპზე ვირუსის გავრცელება ასე თუ ისე შეაჩერეს, მაგრამ ამას ჰქონდა მძიმე ეკონომიკური შედეგები, თუმცა, საბოლოოდ, გავრცელების დასაშვები დონე ვერ შეინარჩუნეს და დღეს მსოფლიოში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავრცელება ყოველ მილიონ მოსახლეზე, თუმცა ესეც არ არის ობიექტური სურათი, რადგან დღეში საშუალოდ 8 000 ტესტი ტარდება, თუმცა ინფიცირებული გაცილებით მეტია”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, რომან გოცირიძე პასუხობს, რომ ამ შეკითხვაზე არ არსებობს ერთი პასუხი, რომელიც აუცილებლად გადაჭრიდა პრობლემას.

“რა თქმა უნდა, არ არსებობს ერთი წამალი, რომელიც პრობლემას მოაგვარებს. ერთ-ერთი გამოსავალია ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება. ჩვენთან [საქართველოში] ჯანდაცვას კერძო სექტორი უძღვება. უნდა შექმნილიყო გეგმა, თუ რას აპირებს ხელისუფლება, ასუბსიდირებს ამ კერძო სექტორს თუ არა. ასევე ჩავარდნაა ტესტირებების კუთხით. ბევრი რამ არის დასახვეწი, თუმცა, პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის ეკონომიკა”, – განაცხადა ნეტგაზეთის შეკითხვაზე რომან გოცირიძემ.

რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატისა და ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღავნელის,  აკაკი ზოიძის განცხადებით, ეკონომიკების გაღებასთან ერთად, ვირუსმა დაიწყო გავრცელება. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში უკვე ეცემა ტემპერატურა, ადამიანები თავმყორილნი არიან დახურულ სივრცეებში, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.

მისი თქმით, შემთხვევების მკვეთრი მატება, ერთი მხრივ, ერთი სისტემიდან [შეკავება] მეორე სისტემაზე [კონტროლირებადი გავრცელება] გადასვლითაცაა გამოწვეული, რასაც ასევე თან სდევს ქაოსური ვითარების შექმნა.

“ადამიანებმა არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, არ არის შესაბამისი გაიდლაინი, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, იბნევა, რეკავს, არავინ სცემს პასუხს. ასეთი მომენტები უნდა დალაგდეს, თუმცა ფაქტი ასეთია, რომ ჩვენ გადავედით წითელი განგაშის ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს ისეთი გავრცელება, რომლის შეკავებაც თუ ვერ შევძელით, შესაძლოა ისეთ მასშტაბებს მიაღწიოს, რომ ჯანდაცვის სისტემას რესურსები არ ეყოს, რათა მძიმე პაციენტებს უმკურნალოს”, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, ვირუსის მსგავსი ტემპებით გავრცელების შემთხვევაში საფრთხე კოვიდ-ინფიცირებულებთან ერთად შესაძლოა დაემუქროს სხვა დაავადებების მქონე პირებსაც.

“ამ ადამიანებს [სხვა დაავადების მქონე პირები] მუდმივად სჭირდებათ დახმარება, მაგრამ შეიძლება სისტემამ ეს ვერ უზრუნველყოს, რადგან შეიძლება სამედიცინო პერსონალი დაკავებული იყოს კორონავირუსის მქონე მძიმე პაციენტების მკურნალობით, ან თავადვე იყოს ინფიცირებული, რადგან ეს ხშირად ხდება”.

მისი განცხადებით, ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზება, რათა შეიქმნას ისეთივე კამპანია, როგორიც იყო “დარჩი სახლში”.

“მედიასაშუალებით კამპანია უნდა მიდიოდეს, ისეთი, როგორიც ეს იყო “დარჩი სახლში”, რომ მოქალაქეებმა გამოიყენონ პირბადე, მიმართონ დისტანცირებას, ხშირად დაიბანონ ხელები და არ დაესწრონ დიდ შეკრებებს”, – განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, პოზიტიურ მოწოდებასთან ერთად, საჭიროა ერთგვარი იძულებაც, რომ ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ წესებს არ ემორჩილებიან, დაემორჩილონ.

“ის ადამიანები, რომლებიც სხვის სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში და არ ითვალისწინებენ მოწოდებებს, დემონსტრაციულად უნდა დაისაჯონ. ვირუსი ჩვეულებრივი გრიპივით არაა და მას ფრთხილი დამოკიდებულება სჭირდება.”

ზოიძე პოზიტიურად აფასებს კერძო სადაზღვეო კომპანიების ვირუსთან ბრძოლაში ჩართვას, თუმცა ასევე აცხადებს, რომ კიდევ უფრო მეტი ექიმისა და ექთნის მობილიზაციაა საჭირო, რადგან მიმართვიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი