ახალი ამბები

სამინისტროს განმარტებები საწოლფონდის, აღჭურვილობისა და ექიმების რაოდენობაზე

16 ოქტომბერი, 2020 • 896
სამინისტროს განმარტებები საწოლფონდის, აღჭურვილობისა და ექიმების რაოდენობაზე

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ჯანდაცვის სისტემის მზაობის შესახებ ისაუბრა.

ეკატერინე ადამიას განცხადებით, დღეისათივის კორონავირუსთან საბრძოლველად მობილეზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება და 3700-მდე საწოლი. მისი თქმით, საწოლებისა და კლინიკების გადანაწილება არის შემდეგი:

  • თბილისი -18 კლინიკა და 1987 საწოლი
  • აჭარა- 11 კლინიკა და 731 საწოლი
  • იმერეთი- 10 კლინიკა და 644 საწოლი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი -2 კლინიკა და 190 საწოლი
  • შიდა ქართლი- 1 კლინიკა და 164 საწოლი
  • მცხეთა-მთიანეთი – 1 კლინიკა და 111 საწოლი
  • გურია- 1 კლინიკა და 21 საწოლი

მისი განმარტებით, საქართველოს აქვს 2453 სასუნთქი აპარატი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 3900-ზე მეტი ექიმი და 2300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. მობილიზებულია 20 კოვიდსასტუმრო, სადაც დღეისათვის 1200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

“გარდა ამისა, შემუშავებულია დამატებითი დაწესებულებების ნუსხა, რომელიც შეიძლება ჩავრთოთ ვირუსთან საბრძოლველად”.

ეკატერინე ადამიას განცხადებით, საქართველოში საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე ამის საჭიროება რეალურად არსებობს.

“დღეისათვის არის 17400-ზე მეტი საწოლი, მათ შორის, ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის 2290 საწოლი, ასევე გვყავს 17990 ექიმი, მათ შორის,  500 ინფექციონისტი და 1400-ზე რეანიმატოლოგი”, – აცხადებს იგი.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ტესტირებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ქვეყანაში ხორციელდება ვირუსის აქტიური ტესტირება და არსებობს სავალდებულო ტესტირების სპეციალური ნუსხა.

“სავალდებულო ტესტირება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის სიმპტომი, ან თუ ეს ადამიანი შედის ტესტირების პრიორიტეტულ ნუსხაში. არსებობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ნუსხა, სადაც შედიან სიმპტომების მქონე პაციენტები, ასევე, მედპერსონალი და ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ ინფექციასთან ბრძოლაში და უშუალო შეხება აქვთ კოვიდ ინფიცირებულებთან. ეს სია პერიოდულად ფართოვდება. ეს პირები იტესტებიან 7-14 დღის პერიოდულობით, ან 72 საათში ერთხელ.” განაცხადა ადამიამ. მისი განმარტებით, დღეში 9 000-ზე მეტი ტესტი ტარდება.

შემთხვევების მართვის ახალი სისტემა

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ასევე ისაუბრა უკვე გამოვლენილი შემთხვევების მართვაზე. მისი განმარტებით, ქვეყანაში დღეის მდგომარეობით არსებობს ე.წ. 29 “ონლაინ კლინიკა”, იგივე პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციები, რომლებიც მართავენ შემთხვევებს პირველად ეტაპზე.

“ონლაინ კლინიკების ოჯახის ექიმები ადგილზე მართავენ ამ პროცესს და წყვეტენ, სჭირდება თუ არა პაციენტს ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირება არ არის საჭირო, ხორციელდება ბინაზე ზედამხედველობა. ოჯახის ექიმები ყოველდღე ამოწმებენ პაციენტის მდგომარეობას”, – განაცხადა მან.

მისი განმარტებით, ასევე ოჯახის ექიმები წყვეტენ უკვე დადასტურებული შემთხვევის დროს, პაციენტი დარჩება თვითიზოლაციაში, თუ გადავა სამკურნალო დაწესებულებაში.

“თუ არის მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტი, იგი რჩება თვითიზოლაციაში, თუმცა, თუ ბინაზე არ აქვს ამისი საშუალება, ასეთ შემთხვევაში გადაგვყავს კოვიდ-სასტუმროებში, ხოლო თუ პაციენტი არის რთული მიმდინარეობის და აქვს გამოხატული სიმპტომები ან ქრონიკული თანმხლები დაავადებები, ამ შემთხვევაში პაციენტი გადამისამართდება კლინიკაში”, – აცხადებს ადამია.

ეკატერინე ადამიამ ასევე ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან კლინიკების ხელშეწყობის მექანიზმზე, რაც გულისხმობს კლინიკებისთვის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მკურნალობის ღირებულების ანაზღაურებას, ასევე ,მედპერსონალისთვის სახელფასო დანამატს. მისი განცხადებით, ნებისმიერ ახალ კლინიკას, რომელიც ჩაერთვება ინფექციასთან ბრძოლაში, შეეძლება გამოცდილი ინფექციონისტების დაქირავება, რასაც სახელმწიფო აანაზღაურებს.

მისი განმარტებით, შექმნილია ახალი კლინიკური მართვის სტილი.

“ისეთ კლინიკებში, სადაც შესაძლოა სამედიცინო პერსონალის დეფიციტი შეიქმნას, ამ ჯგუფების [სამინისტროს ბაზაზე შექმნილი კლინიკური ჯგუფები, სადაც შედიან რეანიმატოლოგები და ინფექციონისტების] მეშვეობით, კლინიკები შეძლებენ კოვიდშემთხვევების მართვას და მუშაობის გაგრძელებას.”

მისი განცხადებით, ქვეყანაში “ცხელი წერტილებია” თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, თუმცა ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად არის მობილიზებული და აქტიურდება ახალი საწოლები.

“რაც შეეხება აჭარას, აჭარაშიც გრძელდება სისტემური და მიზნობრივი ტესტირება, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა ახალი 230 საწოლის მობილიზება, მათ შორის, 50 არის რეანიმაციული საწოლი. ასევე, საავადმყოფოს დაემატა 18 სასუნთქი აპარატი და 10 ჟანგბადის კონცენტრატორი”, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

ეკატერინე ადამიას კოვიდ-სასტუმროში გარდაცვლილი მოქალაქის შესახებაც ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ შემთხვევას სჭირდება დამატებითი შესწავლა.

“ეს იყო უსიმპტომო პაციენტი, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა არანაირი პრობლემა, თუ რამ გამოიწვია შემთხვევა, შესწავლილი იქნება და შედეგს დაველოდოთ” ,- განაცხადა მან.


16 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 15 327-ს მიაღწია.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 პაციენტი. კორონავრიუსით ქვეყანაში, ჯამში, 124 ადამიანია გარდაცვლილი.

დღევანდელი მონაცემებით, 246-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 613. აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 7 714-ს მიაღწია. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 721 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი