ნეტგაზეთი | კოვიდინფიცირებულთა საწოლების გაორმაგება, პაციენტების განცალკევება – „ევსაქების“ გეგმა კოვიდინფიცირებულთა საწოლების გაორმაგება, პაციენტების განცალკევება – „ევსაქების“ გეგმა – Netgazeti
RU | GE  

კოვიდინფიცირებულთა საწოლების გაორმაგება, პაციენტების განცალკევება – „ევსაქების“ გეგმა

20 ოქტომბერს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა წარადგინეს გეგმა, რაც, მათ თანახმად, ქვეყანას მძიმე ეპიდსიტუაციის მართვაში დაეხმარება.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ 112-ის შენობის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუცილებელია, პარტიის მიერ შემუშავებული ეს ნაბიჯები  გადაიდგას, რათა „ჩვენ გავუმკლავდეთ ამ უმძიმეს ვითარებას, რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა კიდევ უფრო დაამძიმა“.

პარტიის პრესსამსახურის თანახმად, ეს ნაბიჯები შეიმუშავა პარტიის სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი ხელმძღვანელობენ. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დაუყოვნებლივ საჭიროა:

  • 112-ის ცხელი ხაზისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება;
  • პირბადეების ტარება გახდეს სავალდებულო, რათა შეჩერდეს გადაცემის სიჩქარე;
  • საჭიროა რისკის-ჯგუფში შემავალი ადამიანების დაცვა;
    • „აუცილებელია, რომ რისკჯგუფში მყოფი ადამიანები, რომელთაც არ აქვთ თვითიზლოაციის შესაძლებლობა, განთავსდნენ საკარანტინო სივრცეებში“;
    • „ეს სივრცეები არა ინფიცირებულთა ჩასაკეტად, არამედ პირიქით, რისკჯგუფში მყოფი ადამიანების დასაცავად უნდა გამოიყენებოდეს. ეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნებაყოფლობითი“, – განაცხდა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ვახტანგ კალოიანის განცხადებით, „სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ისევ გვიწევს იგივე პრობლემებზე საუბარი, რაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაისვა“ და ამ საკითხების მოგვარებას „ექნება ძალიან დიდი ეფექტი“:

  • კოვიდინფიცირებულთა საწოლების და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგება, რაც სამედიცინო დაწესებულებების ეფექტური ფუნქიონირებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია;
  • კოვიდ და არაკოვიდპაციენტების მაქსიმალური განცალკევება ერთმანეთისაგან;
    • „ხელისუფლება წავიდა ჰიბრიდული კლინიკების გზით, რაც შეცდომაა და ის შეიძლება გახდეს და გახდა კიდეც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ამასთან, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პარტია თვლის, მთავრობის მხრიდან „გადასახადების არდაწევა და საშუალო კლასისა და გაჭირვებულების არდახმარება არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა“.

ბოკერიამ განაცხადა, რომ ჩაკეტვის ის თვეები, რომლებიც ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო იყო, ხელისუფლებას უნდა გამოეყენებინა „ქვეყნის მომზადებისათვის იმ მომენტისთვის, როცა გაიხსნებოდა ეკონომიკა და ისევ იქნებოდა მატება დაინფიცირებული ადამიანების“, თუმცა ამის ნაცვლად „ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე, ძალიან სახიფათო სურათს“.

„არაფერი ივანიშვილის გუნდს ამ თვეების განმავლობაში არ გაუკეთებია იმისთვის, რომ მომზადებულიყო ამ მდგომარეობისთვის. ახლა საუბრობენ კოვიდ-საწოლებსა და საველე ჰოსპიტლებზე, ახლა აღმოაჩინეს, რომ ცხელი ხაზი შესაძლოა გადაიტვირთოს და ახლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს“, – განაცხადა ბოკერიამ.

პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ „ამ სერიოზული გამოწვევის ამათ ხელში დატოვება იქნება კატასტროფის ტოლფასი მთელი ქვეყნისთვის“ და „ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა სწორედ ამიტომ არის ამ ხელისუფლების შეცვლა“.


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 19857 გახდა. ბოლო 24 საათში Covid-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 158-ია. 

20 ოქტომბერი: კორონავირუსის 1194 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com