ახალი ამბები

ქარელში ავტომანქანის გატაცების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

23 ოქტომბერი, 2020 • 842
ქარელში ავტომანქანის გატაცების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ ქარელში 1 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1957 წელს დაბადებული პირი სამართალდამცავებმა 22 ოქტომბერს ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ყაჩაღურად თავს დაესხა 1983 წელს დაბადებულ მოქალქეს.

“პირმა [მოქალაქეს] ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა მისი კუთვნილი, “ტოიოტა ლენდკრუიზერის” მარკის ავტომობილი.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. პირს, რომელიც შსს-ს თანახმად, წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი