ახალი ამბები

როგორ შეიძლება წარმატებაზე საუბარი, როცა ბოროტმოქმედი მიმალულია – ბოკერია ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

22 ოქტომბერი, 2020 • 1001
როგორ შეიძლება წარმატებაზე საუბარი, როცა ბოროტმოქმედი მიმალულია – ბოკერია ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ არასწორია ზუგდიდის სპეცოპერაციის წარმატებულობაზე ლაპარაკი, როდესაც თავდამსხმელი ამ დრომდე მიმალულია. მოვლენათა შეფასებისას ბოკერიამ ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამგვარი საქმეები “კრიმინალის წახალისებაა”.

“დღეს ვნახეთ განცხადებები, რომ თურმე ხელისუფლების ოპონენტებს სწყინთ, გაბრაზებული ვართ ვითომ ჩვენ, ევროპული საქართველო, წარმატებულ პოლიციის ოპერაციაზე, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ.

ამ პოლიტიკურ კლოუნს, კობახიძეს და ივანიშვილის  სხვა სპიკერებს  არ ესმით, რომ რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება მადლიერი ვართ ყველა პოლიციელის, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს და ის, რომ ადამიანების სიცოცხლე არ შეეწირა გუშინ, ეს არის კარგი.

მაგრამ წარმატებულ ოპერაციაზე საუბარი, როცა ბოროტმოქმედი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო, ფული წაიღო და მიმალულია, როგორ შეიძლება წარმატებაზე საუბარი, სანამ ეს ადამიანი დაკავებული არ იქნება”, – აცხადებს ის.

ბოკერიას განცხადებით, ის, რომ მმართველ გუნდს არ ესმის მსგავსი ვითარების დროს კრიმინოგენულ ვითარებაზე დისკუსიის აუცილებლობა და ის, რომ “ასეთი ამბები მომავალში დანაშაულის წახალისებაა”, არის კატასტროფა და სწორედ ამიტომ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს:

” ეს არის კრინინალურ სამყაროსთან შეკვრა, მათი გაძლიერება, პოლიციის დასუსტება. აი, ამაზეა საუბარი და ეს ხალხი ბედავს დღეს და ტალახს ისვრის და გუშინ კიდევ მძევლის დემონიზებას ახდენდნენ, იმის ნაცვლად, რომ შეშფოთებულები იყვნენ  თვითონ ამ ფაქტით, რომ ასეთი თავხედური და ამაზრზენი დანაშაული ჯერჯერობით წარმატებით გაუვიდა ბოროტმოქმედს”.

მანამდე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “[ზუგდიდში] ხელისუფლებამ გამოიყენა მაქსიმალურად რბილი ზომები”, რათა ყველა მძევალი უვნებლად გადარჩენილიყო.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაუსჯელობის შემთხვევაში, ხომ არ წახალისდება მსგავსი დანაშაული და ხელს ხომ არ შეუწყობს დაუსჯელობის სინდრომის ჩამოყალიბებას, განაცხადა:

„პრევენციული ეფექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და, ბუნებრივია, არის ზომები მისაღები და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციის წარმატებით დასრულება“.

კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „მთავარი არხი“ და ისაუბრა მედიის პასუხისმგებლობაზე: „ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა მედიაში, მათ შორის ამ კონკრეტულ მედიაში, „გლავ-კანალში“, და დღესაც გაგრძელდა ეს ყველაფერი. დღევანდელი ქმედებებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“.


21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს, რის შემდეგაც მან მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა. დამნაშავის ადგილმდებარეობა კი, ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისადვე, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

რა (ვერ) გავიგეთ გომელაურისგან ზუგდიდის მოვლენებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი