ახალი ამბები

არ გამოვრიცხავ, გუშინდელზე ხელის მოთბობა გადაწყვიტა ვიღაცამ – კობახიძე ქობულეთში ძარცვაზე

22 ოქტომბერი, 2020 • 1443
არ გამოვრიცხავ, გუშინდელზე ხელის მოთბობა გადაწყვიტა ვიღაცამ – კობახიძე ქობულეთში ძარცვაზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, რომ ქობულეთში ინკასაციის მანქანის ძარცვა ზუგდიდში 21 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის გამოძახილია და „გუშინდელზე ხელის მოთბობა გადაწყვიტა ვიღაცამ“.

22 ოქტომბერს ქობულეთში, „საქართველოს ბანკთან“ ინკასაციის მანქანა გაძარცვეს. როგორც ბანკში ნეტგაზეთს განუცხადეს, საინკასაციო მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს, რომელიც „საქართველოს ბანკის ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. სხვადასხვა მედიის ცნობით, ძარცვის შედეგად წაღებულია რამდენიმე ათეული ათასი ლარი.

კობახიძეს 22 ოქტომბერს ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა ქობულეთში მომხდარ ძარცვასა და ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობასთან დაკავშირებით, სადაც თავდამსხმელმა ათობით ადამიანი აიყვანა მძევლად, რაზეც „ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა განაცხადა:

„მე არ გამოვრიცხავ, რომ გუშინდელზე ხელის მოთბობა გადაწყვიტა ვიღაცამ და ეს არ არის გამორიცხული“.

კობახიძემ ასევე განაცხადა: „გუშინ ხელისუფლებამ გამოიყენა მაქსიმალურად რბილი ზომები, რომ 43-ვე მძევალი ყოფილიყო თავისუფალი და უვნებელი. თუმცა რბილ ზომებს აქვს თავისი მინუსებიც. ეს აბსოლუტურად ყველას ესმის. ეს არის დაბალი პრევენციული ეფექტი“.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაუსჯელობის შემთხვევაში, ხომ არ წახალისდება მსგავსი დანაშაული და ხელს ხომ არ შეუწყობს დაუსჯელობის სინდრომის ჩამოყალიბებას, განაცხადა:

„პრევენციული ეფექტი არის ძალიან მნიშნელოვანი და, ბუნებრივია, არის ზომები მისაღები და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციის წარმატებით დასრულება“.

„ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ არცერთი დანაშაული არ დარჩეს გაუხსნელი და ბოლომდე მივიდეს გამოძიება. ეს ეხება როგორც ქობულეთის, ისე ზუგდიდის შემთხვევას“, – აცხადებს კობახიძე.

„ოცნების“ ლიდერმა ბრიფინგის დასაწყისში ასევე განაცხადა, რომ „გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია. სპეცოპერაციის მთავარი მიზანი, 43 მძევლის უვნებლად გათავისუფლება, შესრულებულია. ახლა მთავარია, სპეცოპერაცია წარმატებით იქნეს ბოლომდე მიყვანილი“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ოქტომბრის დილის 5 საათისთვის ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ გატაცებული ყველა მოქალაქე გათავისუფლდა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, გამტაცებელი, კი, რომელსაც მოთხოვნილი თანხა, 500 000 აშშ დოლარი, გადასცეს, ჯერ არ დაუკავებიათ.

მძევლები გათავისუფლდნენ – რა ვიცით ამ დროისთვის გამტაცებელზე

ინფორმაცია იმიტომ არ გაქვთ, რომ სპეცოპერაცია არ დასრულებულა – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი