ახალი ამბებისამართალი

რა (ვერ) გავიგეთ გომელაურისგან ზუგდიდის მოვლენებზე

22 ოქტომბერი, 2020 • 1883
რა (ვერ) გავიგეთ გომელაურისგან ზუგდიდის მოვლენებზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს, 22 სექტემბერს, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე. გომელაურმა შსს-ს მხრიდან დღეს პირველდ დაადასტურა ოფიციალურად, რომ პოლიციამ გამტაცებელს მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი გადასცა. მინისტრის თქმით, თანხა საქართველოს ბანკს ეკუთვნოდა და არა სახელმწიფო ბიუჯეტს.

“შეთანხმებული იყო პრემიერთან”

ვახტანგ გომელაურის თქმით, გუშინდელი საპოლიციო ღონისძიების უმთავრესი ამოცანა იყო, რომ არცერთი მძევალი არ დაშავებულიყო. მისი თქმით, საპოლიციო ღონისძიების ეს მიზანი, რომლის შესაბამისადაც უწყებამ იმუშავა, შეთანხმებული იყო პრემიერ-მინისტრთან.

მისი თქმით, პოლიცია გამტაცებელს სთავაზობდა, რომ თანხის გადაცემის შემდეგ მას ტერიტორია არა ბანკში აყვანილ მოქალაქეებთან, არამედ პოლიციელებთან ერთად დაეტოვებინა, ანუ მძევლებს პოლიციელები ჩაენაცვლებოდნენ, თუმცა ამაზე თავდამსხმელი თანახმა არ იყო. მისი თქმით, საბოლოოდ ის დათანხმდა მხოლოდ ერთი პოლიციელის წაყვანას. ეს ადამიანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელსაც გომელაურმა მადლობა გადაუხადა. გომელაურის თქმით, პირდადად მისთვის, როგორც მინისტრისთვის, საკმაოდ რთული მისაღები იყო გადაწყვეტილება, რომ გალდავა გამტაცებელს უნდა გაჰყოლოდა, თუმცა თავად პოლიციელს ერთი წამითაც არ უყოყმანია. როგორც ცნობილია, გალდავასთან ერთად გახსნილ მდგომარეობაში მყოფი ხელყუმბარით შეიარაღებულ გამტაცებელს მანქანით 3 სამოქალაქო მძევალი გაჰყვა. საბოლოოდ გამტაცებელმა ისინი გამთენიისას გაათავისუფლა და გზა მარტომ განაგრძო, ჯერ მანქანით, შემდეგ- ფეხით, უცნობია მიმართულება.

“ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა…”

მინისტრი არ აკონკრეტებს, რა ადგილას გაათავისუფლა გამტაცებელმა 3 მძევალი და ერთი პოლიციის უფროსი. მან არც იმის შესახებ ისაუბრა, ამ დროისთვის არსებული ოპერატიული ინფორმაციით, რა მიმართლებით გადაადგილდა შემდეგ დამნაშავე. გომელაურმა განაცხადა, რომ ამ დეტალებზე საუბარი ხელს შეუშლის გამოძიებას.

მისი თქმით, ზუგდიდიდან გასვლის შემდეგ გამტაცებელი და მძევლები მანქანით რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობდნენ, რათა დამნაშავეს პოლიციისთვის კვალი აერია და მიმალულიყო.

“ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო, ვერ გავწირავდით ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს. მიიმალა გამთენიისას”, – განაცხადა მინისტრმა.

არის თუ არა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული?

გომელაური ამ საკითხზე არ საუბრობს და ამას გამოძიების ინტერესებით ხსნის.

ჰყავდა თუ არა თანამზრახველ(ებ)ი?

მინისტრი ამბობს, რომ გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე, მათ შორის იმაზეც, რომ შესაძლოა თანამზრახველი თავდამსხმელს ბანკშიც ჰყავდა, თუმცა ამ ეტაპზე დეტალები ჯერ დადგენილი არ არის და ვერაფერს იტყვის გამოძიების დასრულებამდე.

“ვმუშაობათ, შეიძლება 10 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი 43 ადამიანში, ვერავინ იტყვის, იყო თუ არა. არ შეიძლება წინასწარ ვინმეს რამე დააბრალო”.

არის თუ არა გამტაცებელი საქართველოს ტერიტორიაზე?

მინისტრი ამ საკითხის შესახებ არ საუბრობს. მისი თქმით, ამ თემაზე რაიმე ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა დააზიანოს გამოძიების ინტერესი, თუმცა მიანიშნებს, რომ გამტაცებელი, შესაძლოა, კვლავაც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩებოდეს. როგორც ცნობილია, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს აფხაზეთშიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ისინი არ დაუშვებენ დამნაშავის შესვლას მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“თუ გადავა და გადმოგვცემენ, კარგი იქნება, მაგრამ ვნახოთ, გადავა თუ არა”, – განაცხადა გომელაურმა.

ვის ეკუთვნოდა თანხა?

გომელაური შსს-ს პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ამ ორი დღის განმავლობაში დაადასტურა, რომ გამტაცებელს თანხა (500 ათასი დოლარი) გადასცეს. მან ეს ფაქტი მძევლების უსაფრათხოების დაცვის მიზნით ახსნა.

“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სიცოცხლე”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არანაირი თანხა არ არსებობს, რომელიც ადამიანების სიცოცხლეზე მეტად ფასობს.

მან ასევე დაადასტურა, რომ თანხა, რომელიც გამტაცებელს გადასცეს, ეკუთვნოდა საქართველოს ბანკს, რომლის შენობაც გამტაცებელმა დაიკავა. მან საქართველოს ბანკს მადლობაც გადაუხადა თანამშრომლობისთვის. გომელაურმა ასევე მადლობა გადაუხადა პრესის წარმომადგენლებს, თუმცა ამ განცხადებამდე, გუშინ, შს მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე მედიასა და მობილურ ოპერატორებს ადგილზე პირდაპირი ეთერის შეზღუდვისკენ მოუწოდა. ამავე ბრიფინგზე მან თქვა:

„სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას“.

მედია გააკრიტიკა „ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემაც, მან თქვა, რომ მედიასაშუალებების ქმედებების ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

ხომ არ წაახალისებს მომხდარი შემდგომ დანაშაულებს?

“საფრთხე თუ არსებობს ვიმუშავებთ”, – აცხადებს მინისტრი.

ზუგდიდის მოვლენებიდან მეორე დღეს ქობულეთში, ბანკის შენობასთან ახლოს გაძარცვეს ინკასაციის მანქანა. არსებობს თუ არა კავშირი ამ ფაქტსა და იმას შორის, რომ პოლციამ ზუგდიდში გამტაცებლის დაკავება ვერ მოახერხა? ამის თაობაზე დღეს არაერთმა პოლიტიკოსმა გამოთქვა თავისი აზრი, ისინი საუბრობენ პოტენციურ საფრთხეებზე კრიმინალის ზრდის კუთხით, რაც შეიძლება მოჰყვეს ზუგდიდის მოვლენების გამოუძიებლობას. გომელაურის თქმით, არსებობს სტანდარტი, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიჰყვება მძევლების სიტუაციის დროს. მისი თქმით, ამ სტანდარტს გაჰყვა ქართული პოლიციაც გუშინ და ზუსტად მისი მიხედვით იმოქმედა. მისი თქმით, სტანდარტი ითვალისწინებს ნაბიჯებს A; B; C მიმართლებებით, რა დროს ხდება შტურმი, რა დროს უნდა თქვა უარი შენობაში შესვლაზე და ა.შ. თუმცა მინისტრს საპოლიციო ღონისძიების საკითხი დეტალებში არ გაუშლია.

რაც შეეხება ინკასატორის დღევანდელი დაყაჩაღების საქმეს, მისი თქმით, ეს უჩვეულო დანაშაული არაა.

“ეს იყო ჩვეულებრივი ძარცვა,  გამოსტაცა ხელიდან ჩანთა და გაიქცა, ეს არ არის ბანკში შევარდნა, სულ სხვა შემთხვევაა”, – განაცხადა გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი