ახალი ამბები

საზმაუს ბორდის წევრი მძევლებს “ტერორ-სპექტაკლის მონაწილეებს” უწოდებს

21 ოქტომბერი, 2020 • 1499
საზმაუს ბორდის წევრი მძევლებს “ტერორ-სპექტაკლის მონაწილეებს” უწოდებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარიშვილი ზუგდიდში ბანკზე თავდასხმას ძარცვის ინსცენირებად განიხილავს. მძინარაშვილმა, რომელიც მაუწყებლის ბორდში პარლამენტმა აირჩია, დღის განმავლობაში არაერთი ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც მომხდარს ოპოზიციას, კერძოდ,  “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებს.

მძინარაშვილი ბანკზე თავდასხმის დაწყებიდან მალევე შეუერთდა სოციალური ქსელის მომხმარებელთა და მედიასაშუალებების ნაწილის რიტორიკას, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ ერთ-ერთი მძევალი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია. საუბარია ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც საკუთარი თავი წარადგინა, როგორც ი.კ. , რამდენიმე ტელევიზიის ეთერში ჩაერთო და თავდამსხმელის მოთხოვნები წარადგინა. მისი თქმით, ეს თავად თავდამსხმელის მოთხოვნით გააკეთა.

მძინარაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც ფეისბუქზე მძევლისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და ლიდერების ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა აღწერაშიც ირწმუნება, რომ “ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა არის გარეწარი სააკაშვილის დაანონსებული “სიურპრიზი”.

“ყველა, ვინც ახლა ზუგდიდში, ბანკის შენობაშია, არის ამ ტერორ-სპექტაკლის მონაწილე!

დააკვირდით, როგორმა სიმშვიდემ დაისადგურა ბანკის შენობაში!

დააკვირდით, როგორ მშვიდად სხედან თავჩარგულები! რომელს ეტყობა შიში? – არცერთს!” – წერს მძინარაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ირწმუნება, რომ შენობაში მყოფთაგან “ყველა ერთმანეთს იცნობს”. ბუნდოვანია, რაზე დაყრდნობით ამბობს მძინარაშვილი აღნიშნულს ადამიანებზე, რომელთაც 8 საათზე მეტი გაატარეს ბანკის შენობაში, თავდამსხმელის იქ შესვლის შემდეგ.

ბონდო მძინარაშვილი პარლამენტმა პირველ ივლისს აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში. მის კანდიდატურას კენჭი უყარეს დეპუტატების – მირიან წიკლაურის, გია ჟორჟოლიანის, გიორგი მოსიძის, ალექსანდრე ერქვანიას, ირმა ინაშვილის, ემზარ კვიციანის, გიორგი ლომიას, ადა მარშანიას, დავით ჭიჭინაძის, კობა ნარჩემაშვილის, მარიამ ჯაშის და სხვა დეპუტატების წარდგინებით. მისი კანდიდატურის მხარდამჭერებს შორის მმართველი გუნდის წარმომადგენლები ჭარბობდნენ.

ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს ჩათვლით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ბონდო მძინარაშვილის ნათლიაა. მძინარიშვილი მისი არჩევის პერიოდში “ნეტგაზეთს” ეუბნებოდა,  რომ ეს ფაქტი ინტერესთა კონფლიქტს არ წარმოადგენს და ამასთანავე, არ არღვევს კანონს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ირჩევენ.

დაახლოებით 16:00 საათისთვის „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო მოქალაქე — მძევალი — რომელმაც, სხვებთან ერთად, 8 საათზე მეტი გაატარა ბანკში. მან, როგორც თავად თქვა, თავდამსხმელის მოთხოვნით გააჟღერა მისი მოთხოვნები.

ამის შემდეგ, სოციალურ ქსელებში და რიგ მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძევალი, რომელიც საშუალებითაც ზუგდიდის ბანკის თავდამსხმელი მედიასაშუალებებს დაუკავშირდა, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია.


“საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში დაახლოებით 14 საათზე შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც 20-მდე ადამიანი აიყვანა მძევლად. მძევალმა, რომელიც დღის განმავლობაში ტელეკომპანიებს ერთვებოდა, დაახლოებით 22:00 საათზე ფეისბუქზე დაწერა, რომ სამი ადამიანის გარდა უკვე ყველა თავისუფალია, “პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში”.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი “ინტერესი” აქვს.

ამ ვითარებაში მძევლის დისკრედიტაციის კამპანიას და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირებას ომბუდსმენი სახიფათოდ მიიჩნევს.

პოლიციამ ფული მოიტანა, მძარცველთან ერთად ტოვებენ შენობას – მძევალი

მასალების გადაბეჭდვის წესი