ახალი ამბები

მძევლის დისკრედიტაციის კამპანია ძალიან სახიფათოა – ლომჯარია

21 ოქტომბერი, 2020 • 990
მძევლის დისკრედიტაციის კამპანია ძალიან სახიფათოა – ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი “ინტერესი” აქვს.

ამ ვითარებაში მძევლის დისკრედიტაციის კამპანიას და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირებას ომბუდსმენი სახიფათოდ მიიჩნევს.

“შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცის, ამიტომ ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა”, – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელებში და რიგ მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძევალი, რომლის საშუალებითაც ზუგდიდის ბანკის თავდამსხმელი მედიასაშუალებებს დაუკავშირდა, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია.


21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:15 საათისთვის ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ახლა 500 000 აშშ დოლარს ითხოვს გამოსასყიდის სახით.
დაახლოებით 16:00 საათისთვის „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო მოქალაქე — მძევალი — რომელიც ამ დრომდე ბანკში იმყოფება. მისი თქმით, ამჟამად შეიარაღებულ თავდასხმელს ბანკში 19 მძევალი ჰყავს აყვანილი.

მძევალმა თავისი თავი წარადგინა, როგორც ი. კ. მისი მონათხრობიდან გაირკვა, რომ თავდამსხმელის დავალებით რეკავდა. ი. კ-ის თქმით, გამტაცებელი არის „კბილებამდე შეიარაღებული“, კერძოდ, აქვს ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარა. მძევალმა ასევე თქვა, რომ თავდამსხმელი თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 2 საათს აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს და ამბობს, რომ „ამ თანხის გადახდის შემთხვევაში არავინ დაზარალდება“.

იგივე მძევალი მეორედ 16:45 საათზე ჩაერთო „მთავარ არხს“, სადაც თქვა, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არავის სჭირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანის და იარაღის შეძენის მუხლებით დაიწყო.

უწყებამ ასევე მოუწოდა მედიას, ნუ გადასცემს პირდაპირ ეთერში კადრებს, სადაც ჩანს, როგორ წარმართავენ ისინი საპოლიციო ღონისძიებას, რადგან ეს სარისკოა.

პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ მედიასაშუალებების ქმედებების ნაწილი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლებთან და გამტაცებელთან დაკავშირებული ვითარების გაშუქებას.

„მედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა“, – წერს ქარტია.

„კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება“, – წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტიის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით:

  • არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს;
  • არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს;
  • არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო დადგეს“, – წერია განცხადებაში.

19 მძევალი, თავდამსხმელი ხელყუმბარით და $500 ათასი – რა ხდება ზუგდიდში

მასალების გადაბეჭდვის წესი