ახალი ამბები

19 მძევალი, თავდამსხმელი ხელყუმბარით და $500 ათასი – რა ხდება ზუგდიდში

21 ოქტომბერი, 2020 • 1310
19 მძევალი, თავდამსხმელი ხელყუმბარით და $500 ათასი – რა ხდება ზუგდიდში

21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:15 საათისთვის ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ახლა 500 000 აშშ დოლარს ითხოვს გამოსასყიდის სახით. „ნეტგაზეთმა“ მოკლედ შეაჯამა, თუ როგორ ვითარდება მოვლენები [17:10 საათის მონაცემებით]:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება მათთან დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.

ამ დროს ბანკის შენობაში იმყოფებოდნენ როგორც თანამშრომლები, ისე მოქალაქეები. თვითმხილველთა თანახმად, გაისმა სროლის ხმაც. ჯერჯერობით დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ადგილზე მალევე მივიდნენ სამართალდამცავები, პერიმეტრი შემოსაზღვრეს და შენობიდან ადამიანების გამოყვანა დაიწყეს. არაერთი მოქალაქე გამოიყვანეს კიდეც სახანძრო კიბით.

დაახლოებით 16:00 საათისთვის „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო მოქალაქე — მძევალი — რომელიც ამ დრომდე ბანკში იმყოფება. მისი თქმით, ამჟამად  შეიარაღებულ თავდასხმელს ბანკში 19 მძევალი ჰყავს აყვანილი.

მძევალმა თავისი თავი წარადგინა, როგორც ი. კ. მისი მონათხრობიდან გაირკვა, რომ თავდამსხმელის დავალებით რეკავდა. ი. კ-ის თქმით, გამტაცებელი არის „კბილებამდე შეიარაღებული“, კერძოდ, აქვს ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარა.

„ყუმბარას მოხსნილი აქვს ყუმბარაზე დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად“, – თქვა მან. ვიდეოში მოგვიანებით ისმის, როგორ კარნახობს მოთხოვნებს თავდამსხმელი.

თავდამსხმელმა მძევლის პირით, პირდაპირი ეთერის საშუალებით შეუთვალა სამართალდამცავებს, რომ:

  • ითხოვს 500 000 აშშ დოლარს;
  • ითხოვს, რომ სამართალდამცავები მოშორდნენ შენობას, არ ჩაერიონ;
  • ითხოვს, უსაფრთხოების გარანტია მისცენ, რათა იქიდან უსაფრთხოდ გავიდეს.

მძევალმა ასევე თქვა, რომ თავდამსხმელი თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 2 საათს აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს და ამბობს, რომ „ამ თანხის გადახდის შემთხვევაში არავინ დაზარალდება“.

იგივე მძევალი მეორედ 16:45 საათზე ჩაერთო „მთავარ არხს“, სადაც თქვა, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არავის სჭირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანის და იარაღის შეძენის მუხლებით დაიწყო.

უწყებამ ასევე მოუწოდა მედიას, ნუ გადასცემს პირდაპირ ეთერში კადრებს, სადაც ჩანს, როგორ წარმართავენ ისინი საპოლიციო ღონისძიებას, რადგან ეს სარისკოა.

„საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე, მათ ჯანმრთელობას“.

ვითარებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თავდამსხმელი ერთი ადამიანია და განაცხადა : „დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ოგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად. და ვაცადოთ ამ ხალხს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი