ახალი ამბები

ზუგდიდში ბანკს აყაჩაღებენ, სავარაუდოდ, ჰყავთ მძევლებიც

21 ოქტომბერი, 2020 • 1782
ზუგდიდში ბანკს აყაჩაღებენ, სავარაუდოდ, ჰყავთ მძევლებიც

ამ წუთებში ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანთან, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ზუგდიდის მერმა ტვ „პირველთან“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბანკში მძევლებიც ჰყავთ აყვანილი.

ტვ „პირველის“ თანახმადვე, ბანკის შენობაში 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა. შენობაში ბანკის თანამშრომლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

„მივდიოდი პენსიის ასაღებად, უცბად ატყდა სროლა“, – ამბობს ტელევიზიასთან საუბარში ერთ-ერთი მოქალაქე. „რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე“, – ამბობს კიდევ ერთი.

კადრებში ჩანს, როგორც ჩამოჰყავთ მოქალაქეები პოლიციელებს სახანძრო კიბით.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შსს-ს ინფორმაციის მისაღებად.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუსტად 15:00 საათზე განაცხადა: „ამ წუთში რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში“.

განახლება: 15:40 — შსს-მ განცხადება გაავრცელა:

„ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში, შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.

პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე, მათ ჯანმრთელობას.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი