ახალი ამბები

მელაშვილი და ილიჩოვა სინდისის პატიმრები არიან – 7 არასამთავრობო ორგანიზაცია

21 ოქტომბერი, 2020 • 1428
მელაშვილი და ილიჩოვა სინდისის პატიმრები არიან – 7 არასამთავრობო ორგანიზაცია

არასამთავრობო ორგანზიაციათა ნაწილი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სინდისის პატიმრებს უწოდებს და აცხადებს, რომ მათი დაკავება “ქართული ოცნების” დაკვეთით მოხდა. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ ადამიანების დაკავების პარალელურად ქვეყანაში ანტიაზერბაიჯანული განწყობები ღვივდება, რაზეც ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს აკისრებენ.

“საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოვლენების შემდგომი განვითარება და პოლიტიკური კონტექსტი ერთმნიშვნელოვანად ცხადყოფს, რომ ისინი სინდისის პატიმრები არიან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეს ორი ადამიანი ციხეშია, არის მმართველი პარტიის დაკვეთა. უკანონო დევნა და მორალური ტერორი გარეჯის თემით უსაფუძვლო სპეკულაციის ფონზე მიმდინარეობს. პარალელურად, ანტიაზერბაიჯანული ისტერია ღვივდება. ამ ყველაფერზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება, მაგრამ მის დანაშაულს თანამონაწილეებიც ჰყავს”,-წერია განცხადებაში.

ამ ამბის თანამონაწილეებად ხელმომწერ ორგანიზაციებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის “შავრაზმელი იერარქიაა” მიაჩნიათ, რომელიც  ცდილობს დაამტკიცოს, რომ სახელმწიფოები, რომლებსაც 100 წლის წინ სტალინმა და სერგო ორჯონიკიძემ საქართველოს ტერიტორიები გადასცეს, ისეთივე მტრები არიან, როგორიც რუსეთია. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი პოლიტიკური თამაში განსაკუთრებით სახიფათოა იმ დროს, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი განახლდა.

“მათგან უპირველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ის შავრაზმელი იერარქიაა, რომელიც წლებია იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებს. ერთმორწმუნე მტრის მეხუთე კოლონა სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ სახელმწიფოები, რომლებსაც 100 წლის წინ სტალინმა და ორჯონიკიძემ საქართველოს ტერიტორიები გადასცეს, ისეთივე მტრები არიან, როგორც ის სახელმწიფო, ვინც დღეს ომით იტაცებს ჩვენს მიწას და არ ცნობს საერთაშორისოდ აღიარებულ ჩვენს საზღვრებს.

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების მიერ ორკესტრირებული ფსევდორელიგიურ-ნაციონალისტური აღტყინების ატმოსფერო ეხმარება კრემლს, მისი ადგილობრივი სატელიტების ხელით ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას, ევრო-ატლანტიკურ მომავალს და საბოლოოდ მიაჯაჭვოს ქვეყანა რუსული გავლენის სფეროს”,-წერია განცხადებაში.

ორგანიზაციებს ასევე მიაჩნიათ, რომ მსგავსი “სარისკო თამაშები” გარეჯის საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას საფრთხეს უქმნის. ამას გარდა, ამ საკითხის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდის საშიშროებას ხედავენ. “ასეთმა მიდგომამ, დაბრუნების ნაცვლად, ჩვენი ისტორიული ძეგლი შეიძლება საბოლოოდ დაგვაკარგვინოს”. აქედან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ:

  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები – მელაშვილი და ილიჩოვა;
  • შეწყდეს საზღვრის დემარკაციის პროცესის სახიფათო პოლიტიზაცია;
  • გადავარჩინოთ გარეჯის საკითხზე ორმხრივად ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა;
  • წინ აღვუდგეთ კავკასიაში სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირების კიდევ ერთი კერის გაჩენას.

განცხადებას ხელ აწერენ: “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “თავისუფლების ინსტიტუტი”, “თანასწორობა 17”,  “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი”, “მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი”, “სამოქალაქო იდეა” და “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ცნობით გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თავდაცვის სამინისტროდან მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი