ახალი ამბები

ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რისი მიზანიც პანიკის დათესვაა – გახარია

19 ოქტომბერი, 2020 • 1685
ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რისი მიზანიც პანიკის დათესვაა – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ რიგი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის მიზანიც პანიკის დათესვაა.

გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ამიერიდან ეს სხდომები ყოველდღიურად ჩატარდება. შემდეგ დაამატა:

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან, ისევე როგორც ექსპერტიგან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანი არის ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც მიუღებელია. პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან უსაფრუძვლო პანიკის სრულად“, – ამბობს გახარია.

მისი შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვეში კორონავირუსის გავრცელებასთან წარმართული ერთობლივი ბრძოლა წარმატებული იყო და ი რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობდა – მათ შორის, ეკონომიკის გადარჩენის მიმართულებით.

რაც შეეხება ე.წ. ლოქდაუნს [მასობრივ შეზღუდვებს; საგანგებო მდგომარეობას] გახარია განმარტავს, რომ მართალია, გაზაფხულზე გავრცელება უფრო მცირემასშტაბიანი იყო – „მაშინ ჩვენ ელემენტარული პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში და ქვეყენაში იყო პირბადეების დეფიციტი. ჩვენ მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და არანაირი ცოდნა ამ ვირუსთან დაკავშირებით არ გვქონდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია და ჩვენ იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა“.

გახარია ამატებს, რომ სამწუხაროდ, ვაქცინა ასე მალე არ შეიქმნა, თუმცა მაშინ ლოქდაუნის გამოცხადება სწორი ნაბიჯი იყო. დღეს კი ყველა თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადეა, შესაბამისად, სამომავლოდ შეზღუდვები იქნება არა მასობრივი – არამედ წერტილოვანი.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 8338 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 143.  ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 10 182 აქტიური შემთხვევაა.

თბილისი – 469, აჭარა – 360 | კორონავირუსის განაწილება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი