ახალი ამბები

საგარეო უწყების ცნობით, “ახალ რუკებს” უცხოელი ექსპერტები გაეცნენ და არსებობს შუალედური დასკვნა მათ სარგებლიანობაზე

14 ოქტომბერი, 2020 • 1313
საგარეო უწყების ცნობით, “ახალ რუკებს” უცხოელი ექსპერტები გაეცნენ და არსებობს შუალედური დასკვნა მათ სარგებლიანობაზე

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ საერთაშორისო ექსპერტებს გააცნო აზერბიაჯანთან საზღვრის დელიმიტაციისთვის საჭირო, ბოლო პერიოდში მოპოვებული ახალი რუკა-მასალები და ანალიტიკური დოკუმენტები . გავრცელებული ინფორმაციით, ეს მასალები სახელმწიფო უწყებებს ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელსაც ამ საქმეში ჩარევა ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

როგორც მინისტრის მოადგილე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნავს, უკვე არსებობს შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც, ახლად მოპოვებული მასალები, მათ შორის 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის თაობაზეც ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა ედავება, აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პოზიციებს ამყარებს.

“ჩვენ ვიმუშავეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, კონსულტანტებთან, იურიდიულ ფირმებთანაც და გარკვეული შეფასება მათაც ვთხოვეთ. მათ შორის იყო იურიდიული ფირმა შერმან ენდ სტერლინგი (Shearman & Sterling)”, – აცხადებს დარსალია.

მისი თქმით, საერთაშორისო კონსულტანტებისაგან ეს შეფასება ქართულმა მხარემ სექტემბრის მეორე ნახევარში მიიღო და ამის შემდეგ ეს მასალები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა.

“შევთანხმდით, რომ ქართულ-აზერბაიჯანული კომისია დაიწყებდნენ ამ მასალების შესწავლას და შემდგომ სხდომებზე მოხდებოდა ამ მასალების განხილვა და გამოყენება კომისიის მუშაობისთვის”, – განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ ეს მასალები საქართველოს პოზიციებს აძლიერებს და 1:200 00-იანი მასშტაბის რუკა ნაწილია 1938 წლის შეთანხმებისა, რომლითაც საბჭოთა საქართველომ და საბჭოთა აზერბაიჯანმა საზღვრები დაადგინეს.

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის.

სწორედ ამიტომ, ილიჩოვას თქმით, ამ რუკაზე საუბარს მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა, თუმცა უარყოფს, რომ ვინმეს რამე დოკუმენტი დაუმალა.

“1:200 000 რუკა ჩვენ სულ გვქონდა, მაგრამ ის არის 1936 წლის და ამ რუკის შესაბამისად ჩვენ გადავდივართ 1929 წლის შეთანხმების სამართლებრივ ველში და მაშინ საერთოდ დავკარგავთ ჩვენს საყვარელ დავითგარეჯას, იმიტომ, რომ იმ შეთანხმებაში სიტყვიერად წერია, რომ საზღვარი გადის ჩიჩხიტურის კოშკზე”, – განაცხადა ილიჩოვამ და დასძინა, რომ 1929 წლის შეთანხმებაზე აპელირება “სხვა თავის ტკივილს” გააჩენდა.

ილიჩოვას თქმით, 1:200 000 მასშტაბის რუკა ხელმისაწვდომია ინტერნეტში და არავისთვის დამალული არაა, თუმცა არაა სრულყოფილი. კომისია კი 1938 წლის შეთანხმებით და შესაბამისი რუკებით ხელმძღვანელობდა.

პროკურატურა მელაშვილს და ილიჩოვას ედავება, რომ კომისიაში მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა გამოყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი, პროკურატურის თქმით, აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.

ამავდროულად, პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1938 წლის მარტში საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი და 1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა სწორედ 1938 წელს ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

“ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა”, – აცხადებს პროკურატურა.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული მონაკვეთები არ ეხება უშუალოდ დავითგარეჯის კომპლექსში შემავალ ისტორიულ ძეგლებს. ეს მონაკვეთები მხარეებს შორის დღემდე შეუთანხმებელია. ივერი მელაშვილის პოზიციაა, რომ რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც მას კომისიის მუშაობაში ედავებიან, ხარვეზიანია და მას ქართული მხარე ვერ გამოიყენებდა.

“მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ინტერესით მიცხოვრია. რაც წავიკითხე ბრალში მოყვანილი ფაქტები, მთელი ეს დოკუმენტები შედგენილია აბსოლუტურად დილეტანტურ მიდგომაზე, რომ 1:200 000 რუკაზე დაყრდნობით საქართველომ ტერიტორიები დაკარგა.

ეს არის, იდეაში, ვიღაცის მიერ რუკის ხაზებით შედარებული რაღაც ტერიტორია. ეს არ არის ფართობი, რომლითაც საქართველო სარგებლობდა ოდესმე, ან მესაზღვრეები იდგნენ როდესმე. აიღო ერთმა დილეტანტმა რუკა, რომლის წაკითხვა თავიდან ბოლომდე არ იცის, დაადო მეორეს და თავის ჭკუაში “აღმოაჩინა”, რომ ვითომ, რადგან ეს ხაზი არსებობს, რაღაც ფართობი დავკარგეთ. ნურას უკაცრავად.

ჯერ ერთი, ის ქვეყანა არ არის, რომელიც რამეს დათმობს. მეორე მხარეს სამართლებრივ დოკუმენტაციაზე ესაუბრები და ამ პირობებში კიდევ ვიღაცამ რომ წამოწიოს ეს საკითხი, ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი. სუფთა სამართლებრივად რომ წარმოიდგინოთ, 1929 წელს არის საქართველო-აზერბაიჯანს შორის დადგენილი საზღვარი. ეს რუკა, რომელზეც ბერი კირიონი და ერთი-ორი დილეტანტი პროვოკატორი ამბობს, გამოვიყენოთ, ეს რუკა რომ გამოიყენო, ნიშნავს, რომ შენ უნდა დაუბრუნდე 1929 წლის შეთანხმებას სამართლებრივად”, – განაცხადა მელაშვილმა.

სასამართლო სხდომაზე, სადაც მისთვის და ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ივერი მელაშვილის თქმით, ახლა ნებისმიერ ადამაიანს შეუძლია, კომპიუტერულ პროგრამაში შეადაროს რუკები ერთმანეთს, თუმცა მან და ილიჩოვამ 1996-97 წლებში შეადარეს ხელით და მიიჩნიეს, რომ ეს რუკა გამოყენებისთვის უვარგისია. მელაშვილი სისხლის სამართლის საქმის უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავს.

“მე არ ვაპირებ ამ სიბინძურით ვიარო. ვისთვის შეიძლება ეს არაფერი იყოს, გაისროლა ბრალდება და მოარტყა. დაანებეთ პოლიტიკობანას თავი, არ ხართ ეს უწყება, რომელიც უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. გადაგორდება ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ხომ უნდა ვუყუროთ ერთმანეთს თვალებში?! მე ვერც ციხე გამტეხს, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას ვერ შევეგუები.

ჩემ უკან ოჯახია, წინაპრები, გვარი, ისტორია. აბა, დაფიქრდით ერთი თქვენს თავში და შეხედეთ ამ ყველაფერს. ეს არის სიბინძურემდე მისული რაღაც. მე არ ვიცი, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, არსად მიმალვას არ ვაპირებ. ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია”, – მიმართა მელაშვილმა პროკურორებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი