ნეტგაზეთი | მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამოქალაქო კლინიკაში გამოიკვლევენ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამოქალაქო კლინიკაში გამოიკვლევენ – Netgazeti
RU | GE  

მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამოქალაქო კლინიკაში გამოიკვლევენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გამოიკვლევენ. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC ავრცელებს.

EMC – ის ცნობით, როგორც მამალაძის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ, მაისი-სექტემბრის პერიოდში არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას და ითხოვა გიორგი მამალაძისთვის, მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო კვლევების ჩატარებას და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა. თუმცა დაწესებულება მხოლოდ სექტემბერში დაეთანხმა მათ მოთხოვნას. შესაბამისად, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული გამოკვლევა სამოქალაქო პროფილის კლინიკაში 15 ოქტომბერს იგეგმება და განისაზღვრება დეკანოზის მკურნალობის ტაქტიკაც.

“როგორც ცნობილია, დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. ამ ეტაპისთვის, სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, პარალიზებულ კიდურებზე აღენიშნება ატროფიის ნიშნები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ჩივილები. აგრეთვე, სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის მკურნალობის კონკრეტული გეგმა შემუშავებული კვლავ არ არის და თერაპევტის საქმიანობა პაციენტის ზოგად ჩივილებზე ინფორმაციის მიღებით შემოიფარგლება. ამგვარი მდგომარეობის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულება ამ დრომდე არ უზრუნველყოფდა მამალაძისთვის საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარებას და ადეკვატური სამკურნალო გეგმის შედგენას”, – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“როგორც ცნობილია, N18 სამკურნალო დაწესებულებაში დეკანოზის მოთავსებისთანავე EMC მიუთითებდა მის მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობაზე და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულეზე, რომელიც ექსპერტთა აზრით მამალაძისთვის დანიშნული სასჯელის გადავადების საფუძველს ქმნიდა. თუმცა, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნა და 2020 წლის 17 მარტს უარი განაცხადა მამალაძის მიმართ სასჯელის მოხდის გადავადებაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 21 მაისის გადაწყვეტილებით.

EMC აგრძელებს დეკანოზის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას”, – ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com