ახალი ამბები

დავაკავეთ პირი, რომელმაც ქუთაისში პოლიტიკური პარტიის წევრს სცემა – შსს

14 ოქტომბერი, 2020 •
დავაკავეთ პირი, რომელმაც ქუთაისში პოლიტიკური პარტიის წევრს სცემა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული თ.ყ. ძალადობის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს.
დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.
“დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია”, – აცხადებენ შსს-ში.

“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მისი შტაბის წევრს პოლიტიკური ნიშნით თავს დაესხნენ და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

ნაცვლიშვილის თქმით, პაატა კიკაბიძე ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. იგი ამბობს, რომ “ლელოს” მზარდი რეიტინგის გამო პარტიის წევრებზე გამუდმებით მიმდინარეობს ფიზიკური ანგარიშსწორება და შანტაჟი. მისივე განმარტებით, ამ პერიოდში მომხდარი თავდასხმის არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის, რითაც “ქართულმა ოცნებამ” დღეს მომხდარ ამბავს “მწვანე შუქი აუნთო”:

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბოლო რამდენიმე დღეა, პარტიის წევრებს სხვადასხვა რეგიონში გამიზნულად ესხმიან თავს. ჩემი შტაბის წევრს რამდენიმე საათის წინ მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. თავდამსხმელებმა მიუთითეს, რომ ამას აკეთებდნენ იმის გამო, რომ ავტომობილში ჰქონდა “ლელოს” სააგიტაციო მასალა. ეს იყო ჯგუფური დანაშაული და კატეგორიულად მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომ ეს საქმე სრულყოფილად იქნას გამოძიებული. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული და სასწრაფოდ უნდა მოხდეს კამერების ამოღება იმ ქუჩაზე, სადაც ფაქტი მოხდა.

დაყოვნება შეფასებული იქნება, როგორც საქმის მიჩქმალვის მცდელობა. ასევე, ბრალში ასახული უნდა იყოს ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც საქმეს თან სდევს. ჩვენი ინფორმაციით თავდამსხმელები არ არიან ადგილობრივები და ისინი დავალებით იყვნენ ჩამოსულები. ამას ადასტურებს ის, რომ ამ ადამიანს მიმართეს სახელით და გვარით და მიუთითეს პარტიის სააგიტაციო მასალებზე. მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა და ჩვენი წევრი ხელშია დაჭრილი. “ლელოს” მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის ზრდის პარალელურად იზრდება პარტიის წევრებზე ზეწოლებიც. ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა როგორც ქუთაისში, ასევე, თბილისსა და ზუგდიდშიც”,-განაცახადა ნაცვლიშვილმა გუშინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი