ახალი ამბები

დაკავებულია დედა-შვილი, რომლებიც მოქალაქეებს დევნილის სტატუსსა და ბინებს ჰპირდებოდნენ – შსს

13 ოქტომბერი, 2020 • 1594
დაკავებულია დედა-შვილი, რომლებიც მოქალაქეებს დევნილის სტატუსსა და ბინებს ჰპირდებოდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით დედა-შვილი დააკავეს.

როგორც შსს აცხადებს, დაკავებულები მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

“დაკავებულები 30-ზე მეტ მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, ასევე, ჰპირდებოდნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში  ჩართვას და ბინებით უზრუნველყოფას, რის სანაცვლოდაც თითოეულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს და მიითვისეს თანხები – 2 000 ლარიდან 10 000 აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, ბრალდებულებმა, თითქოსდა მისაღებ საცხოვრებელ ფართებში ავეჯის განთავსების სანაცვლოდ, ამავე მოქალაქეებისაგან დამატებით, მოტყუებით მიითვისეს ფული – 500-500 ლარის ოდენობით”, – აცხადებს შსს.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარებს ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლებით მიზნით ჩადენილ თაღლითობის  ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი