ახალი ამბები

“საერთაშორისო კომპანიის” სტატუსის მქონე კომპანიები საგასადახადო შეღავათებს მიიღებენ – გახარია

8 ოქტომბერი, 2020 • 1417
“საერთაშორისო კომპანიის” სტატუსის მქონე კომპანიები საგასადახადო შეღავათებს მიიღებენ – გახარია

მთავრობა “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსის მქონე ბიზნესსუბიექტებს საგადასახადო შეღავათებს დაუწესებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 8 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარია საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათის დაწესებაზე, ხოლო მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებაზე. დღეს საქართველოში მოგების გადასახადი 15%-ს შეადგენს.

გახარიას თქმითვე, მთავრობა აპირებს განსაზღვროს ის დარგები, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ. ასეთად კი პრემიერმა საწყის ეტაპზე საზღვაო ბიზნესი და ინფორმაციული ტექნოლოგიები დაასახელა.

“საკითხი, რომელზეც დღეს უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ის საგადასახადო შეღავათები, რომელზეც მუშაობა 2019 წლიდან დავიწყეთ. მაშინ ჩვენ საგადასახადო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, რომელიც დღეს გვაძლევს საშუალებას, კომპანიებს, რომელთაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსს მივანიჭებთ, დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. ეს არის როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის დაახლოებით 5%-მდე შემცირება. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში გლობალური კონკურენცია უაღრესად მძაფრი იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას როგორც ქართულ კომპანიებს მიიღონ ეს სტატუსი [საერთაშორისო კომპანიის], ასევე, საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა საქართველოდან სამუშაოდ”, – აცხადებს გახარია.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა, რომ სტატუსის მქონე კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი 5%-მდე შეუმცირდებათ. ამასთან, მაჭავარიანმა თქვა, რომ “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსისთვის საჭროა, საზღვაო ბიზნესსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში ჰქონდეს არანაკლებ ორი წლის გამოცდილება. სტატუსის მისაღებად ბიზნესსუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი