ახალი ამბები

აღმოსავლეთ პარტნიორობა რეფორმას საჭიროებს: ხედვა 3 ქვეყნიდან

8 ოქტომბერი, 2020 • 1263
აღმოსავლეთ პარტნიორობა რეფორმას საჭიროებს: ხედვა 3 ქვეყნიდან

“სტრატეგიული პერსპექტივის არარსებობა გამოიწვევს ერთგვარ ეგზისტენციალურ, თითქმის გარდაუვალ კრიზისს ურთიერთობებში”, – აღნიშნა უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის, “საერთაშორისო აღორძინების ფონდის” წარმომადგენელმა ბერლინში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Liberal Modernity Centre” მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიისას, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. 

აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) 2009 წელს დაწყებული ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება ევროკავშირსა და მის პარტნიორ 6 სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) შორის. 

2021 წლის მარტში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტით პროგრამის ახალი ათწლეულის დაწყება აღინიშნება. სამიტის მიმართ გარკვეული მოლოდინები არსებობს ინიციატივის მონაწილე სამ ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. 

აღმოსავლეთ პარტნიორობა “ყოვლისმომცველი რეფოემების” საჭიროების წინაშე

6 ოქტომბერს გამართული დისკუსიის მონაწილეებმა – მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ზემოაღნიშნული 3 ქვეყნიდან – სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევებსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მომხსენებელთა აზრით, არსებობს რისკები, რაც შორს მიმავალი სტრატეგიების ნაკლებობითაა განპირობებული.

დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოდან და უკრაინიდან, ერთი მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დაფუძნებიდან, მეორე მხრივ კი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადებიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა დაასახელეს. საქართველოს შემთხვევაში აღინიშნა საგრანტო პროგრამა “ერასმუსიც”, რომელიც ათობით ათას სტუდენტს ევროპის უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. 

თუმცა, “ღია საზოგადოება საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებიდან 6 წლისთავზე, საქართველოსთვის შედეგები არათანაბარია. 

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარეზე, ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ზრდა სავაჭრო მოცულობაში და გვაქვს ზრდა ევროკავშირთან ვაჭრობაში, ამ დრომდე არის ძალიან მწვავე საკითხები და გამოწვევები ქვეყნის წინაშე. 

პირველია უმუშევრობა, რომელიც ძალიან მაღალია ქვეყანაში და კონკრეტულად, ახალგაზრდებში: ყოველი მესამე ახალგაზრდა დღეს უმუშევარია; ასევე, სიღარიბე, რომელიც საქართველოსთვის უდიდეს თავის ტკივილად რჩება.

სამწუხაროდ, DCFTA-მ, ან იმ რეფორმებმა, რომლებიც ქვეყანაში გატარდა, ვერ შეძლო, საქართველო უფრო მიმზიდველი გაეხადა უცხოური ინვესტიციებისთვის. ჩვენ რეალურად ვერ დავინახეთ, რომ DCFTA-მ ხელი შეუწყო მაღალ ეკონომიკურ ზრდას”, – აღნიშნა მან და ადგილობრივი ბიზნესების მეტად მხარდაჭერის საჭიროებაზე ისაუბრა. 

ჩხიკვაძე ქვეყნის წინაშე არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებს შორის ახსენებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესსა და ელიტურ კორუფციას, რომელიც, მისი თქმით, კვლავ დგას დღის წესრიგში. 

მისივე განცხადებით, “აღმოსავლეთ პარტნიორობამ უკვე მიაღწია თავის საზღვრებს და ის საჭიროებს ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა კვლავ მოხიბლოს პარტნიორი ქვეყნები”, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არ გამორიცხავს სტაგნაციას ურთიერთობებში. ამ კუთხით, ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ საჭიროა მეტი დიფერენციაცია ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის, რათა ევროკავშირთან მეტად დაახლოების შანსი არ წაერთვათ მათ, ვისაც ეს სურს. 

ტექნიკურ მხარეზე საუბრისას, ვანო ჩხიკვაძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსათვის უფრო მაღალი სტანდარტების დაწესების აუცილებლობას:

“…კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს აქებდნენ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყანას, მაგრამ ეს რეალურად არ დახმარებია ქვეყანას შემდგომი რეფორმების განხორციელებასა და რეფორმების პროცესის დაჩქარებაში. ვფიქრობ, ეს სტანდარტები უფრო მაღალი უნდა იყოს…”

ინიციატივის ფარგლებში რეფორმების საჭიროებაზე ისაუბრეს უკრაინიდანაც.  უკრაინის “საერთაშორისო რენესანსის ფონდის” წარმომადგენელმა, ოლექსანდრ სუშკომ, ქართველი კოლეგის მსგავსად, წარმატებებს შორის უვიზო მიმოსვლა ახსენა და და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ წარმოაჩინა ევროკავშირის რეალური ძალა და ბერკეტები იმ ფონზე, როცა უკრაინელებმა რამდენიმე წლით ადრე კიევის მთავარ მოედანზე დიდი ფასი გადაიხადეს, რათა ქვეყანას ევროინტეგრაციის კურსი გაეგრძელებინა.

სუშკოს თქმით,  მისი ქვეყნის შემთხვევაში სახეზეა წინსვლა ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობის კუთხითაც.

“მაგალითად, უკრაინას ახლა აქვს 40%-ზე მეტი თავისი საგარეო ვაჭრობისა ევროკავშირთან,[მაშინ, როცა] ასოცირების შეთანხმების გაფორმებამდე ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენდა. ასე რომ, აქ არის პროგრესი”.

მეორე მხრივ, უკრაინის შიდა პრობლემებთან ერთად, რომელთა შორისაც ოლიგარქიული ინტერესების დომინირება დაასახელა, ოლექსანდრ სუშკომ ისაუბრა ბარიერებზეც, რომლებიც, მისი თქმით, იმედგაცრუებას ამწიფებს უკრაინის მოსახლეობაში. ერთ-ერთი ასეთი კი, მისი აზრით, ერთიანი სტრატეგიისა და “დიდი იდეების” არარსებობაა. 

“ამ ეტაპზე ჩვენ არაფერი გვაქვს ისეთი, რაც ეკვივალენტურია უვიზო მიმოსვლისა და ასოცირების შეთანხმებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტად რთულია ხალხის მობილიზება. მეგობრულად შემიძლია გითხრათ: აღმოსავლეთ პარტნიორობა კარგი იდეაა, მაგრამ ეს არ არის ის, რითაც ხალხის მობილიზებას შევძლებთ. ეს არ არის ის, რასაც შეუძლია, შთააგონოს ხალხი. 

ამიტომაცაა, რომ უმთავრესი პრობლემა, რომელსაც სამომავლოდ ვხედავ, არის არარსებობა დიდი იდეებისა, რომელსაც საზოგადოება მნიშვნელოვნად ჩათვლის; ამიტომაცაა, რომ ხალხი თანდათან კარგავს შემართებას, როცა საქმე ეხება ევროპულ ოჯახზე მიკუთვნებულობის განცდას”, – მიმართა მან დისკუსიის მონაწილეებს.

საშკოს განცხადებით, თუ არ შემუშავდება სტრატეგია, რომელიც ევროინტეგრაციის იდეასთან უკრაინის საზოგადოების ემოციურ კავშირს შეინარჩუნებს, სამომავლოდ იქნება კრიზისი ურთიერთობებში. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა “რუსეთი ჯერ კიდევ ძლიერია და მას ჯერ კიდევ აქვს ალტერნატიული შეთავაზებები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ყველა ქვეყნისათვის”. 

ადამიანებს მოსწონთ ევროკავშირი, თუმცა უკმაყოფილონი არიან რეფორმათა ნელი ტემპით – ასეთია ხედვა მოლდოვიდან. ქვეყანაში მოქმედი “სოროსის ფონდის” დირექტორი, პეტრუ კულეაკი აღნიშნავს, რომ ხელისუფალთა ინერტულობა სამართლის სისტემის განმტკიცების, კანონის უზენაესობისა თუ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით იმედგაცრუებას იწვევს, ოფიციალურ პირთა მიმართ ნდობა კი მკვეთრად დაბალია. 

“ეს არის მიმანიშებელი, თუ საით უნდა გავიხედოთ, საით უნდა გაიხედონ ოფიციალურმა პირებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო დეკადაში. 

ვფიქრობ, წარმატებებმა, რომლებიც მიღწეულ იქნა, აჩვენა მოქალაქეებს, რა არის ევროკავშირის სტანდარტები, რა არის ევროკავშირი და რაში მდგომარეობს მისი მიზანი. მეორე მხრივ, მათ სურთ მეტი პრაქტიკული რეფორმის გატარება მათ ქვეყანაში”, – თქვა მან.

კულეაკის აზრით, მოლდოვის შემთხვევაში, ევროკავშირმა მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს ადგილობრივი საჯარო მმართველობის ინსტიტუტების ეფექტურობის აღდგენაში და ამ ფორმით დაანახოს ადამიანებს, რომ ის არის სუბიექტი, რომელიც ასოცირდება პროგრესთან და სანდო ინსტიტუციებთან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო დეკადაზე საუბრისას კულეაკმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც ძალთა დამაბალანსებლის როლსაც ინიციატივის წევრ ქვეყნებში, რუსეთის გავლენისა, ზოგ შემთხვევაში, მერყევი საზოგადოებრივი აზრის ფონზე.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ახალი ხედვა 5 პრინციპით

მიმდინარე წლის ბოლოს ვადა ეწურება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის არსებულ დღის წესრიგს “20 შედეგს 2020 წლისთვის”. მარტში ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში წამოაყენეს წინადადება“აღმოსავლეთ პარტნიორობის გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანებისთვის 2020 წლის შემდეგ”.

წინა დოკუმენტისგან განსხვავებით, ახალ ხედვაში სიახლეს წარმოადგენს მეტი ყურადღების გადატანა გარემოს დაცვაზე, ჯანდაცვასა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე.

EaP-ის ახალი პოლიტიკის ხედვა ეფუძნება 5 ძირითადი პრინციპის გაძლიერებას:

  1. მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკა
  2. ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება
  3. გარემოს და კლიმატის მედეგობა
  4. ციფრული ტრანსფორმაცია
  5. სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები

EaP-ის სამომავლო პოლიტიკის ჩარჩოში არაფერია ნათქვამი პროგრამის მოწინავე ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის – ევროპულ პერსპექტივაზე.

გეოპოლიტიკური ამბიციების არარსებობის გამო, ევროკომისა ხსენებული წინადადების წარმოდგენიდან მალევე გააკრიტიკა ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელმაც მანამდე, ევროპარლამენტარების ჯგუფთან ერთად, საქართველოს, მოლდოვისა და უკრანის ჩართულობით წარმოადგინა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის საკუთარი “ტრიო + სტრატეგია”.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ზემოხსენებული სამიტი მიმდინარე წლის ივნისში უნდა გამართულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მომავალი წლის მარტმადე გადაიდო. სწორედ აღნიშნულ სამიტზე უნდა დაამტკიცონ კოლექტიური ინიციატივის ახალი პოლიტიკური ჩარჩო.

ამავე თემაზე გირჩევთ:

რიგითი წინასაარჩევნო განცხადება თუ რეალური გეგმა – რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი?

მასალების გადაბეჭდვის წესი