“ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგია გულდასაწყვეტია”, – ამ სათაურით აქვეყნებს ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად ევროპარლამენტარი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი სტატიას, რომელშიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ახალ ჩარჩოს აფასებს.
აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) 2009 წელს დაწყებული ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება ევროკავშირსა და მის პარტნიორ 6 სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) შორის. მიმდინარე წლის ბოლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის არსებულ დღის წესრიგს “20 შედეგს 2020 წლისთვის” ვადა ეწურება. 18 მარტს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში წამოაყენეს წინადადება “აღმოსავლეთ პარტნიორობის გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანებისთვის 2020 წლის შემდეგ”. წინა დოკუმენტისგან განსხვავებით, ახალ ხედვაში სიახლეს წარმოადგენს მეტი ყურადღების გადატანა გარემოს დაცვაზე, ჯანდაცვასა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე.
EaP-ის ახალი პოლიტიკის ხედვა ეფუძნება 5 ძირითადი პრინციპის გაძლიერებას:
- მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკა
- ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება
- გარემოს და კლიმატის მედეგობა
- ციფრული ტრანსფორმაცია
- სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები
EaP-ის სამომავლო პოლიტიკის ჩარჩოში არაფერია ნათქვამი პროგრამის მოწინავე ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის – ევროპულ პერსპექტივაზე. სწორედ გეოპოლიტიკური ამბიციების არარსებობის გამო აკრიტიკებს ევროკომისიას ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი, რომელმაც მანამდე ევროპარლამენტარების ჯგუფთან ერთად, საქართველოს, მოლდოვისა და უკრანის ჩართულობით აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის საკუთარი “ტრიო + სტრატეგია” წარმოადგინა.
“ვიდრე საზოგადოებრივ სფეროში კორონავირუსი დომინირებს, გვაქვს პანდემიის მიღმა გადასაჭრელი საკითხები. ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რათა წარმოედგინა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავლის ხედვა 2020 წლის შემდეგ. ჩვენ მოუთმენლად ველოდით ამ დოკუმენტს და დარწმუნებული ვიყავით, რომ ახალი ევროკომისია, რომელმაც გაახმიანა ამბიცია, იყოს “გეოპოლიტიკური კომისია”, გაამართლებდა ამ ამბიციას აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ვექტორის გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართულებების განსაზღვრით. თუმცა ამ დროკუმენტის წაკითხვის შემდეგ იმედგაცრუებული დავრჩი – გეოპოლიტიკური ამბიციები ამ დოკუმენტში არ არის. ჩვეული წყალ-წყალა ფრაზები კი უბრალოდ ნიშნავს, რომ საქმის სახვალიოდ გადადების ფილოსოფია სჭარბობს”, – წერს კუბილიუსი.
მისი შეფასებით, ევროკომისიის ხედვის საფუძველია “არავითარი პოლიტიკის ცვლილება, როგორც ყოველთვის”, მაგრამ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს უკვე საკმარისი არ არის და შეუძლებელია ევროკავშირის EaP-ის პოლიტიკის განხილვა ამ რეგიონში კრემლის გეოპოლიტიკაზე დაფუძნებული აგრესიის განსაზღვრისა და და მკაფიო სტრატეგიის გარეშე.
ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ფუჭი იმედები იყო დამყარებული საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, რომ ევროკავშირს აქვს მკაფიო გეოპოლიტიკური მიზანი, ხელი შეუწყოს ევროკავშირსა და რუსეთს შორის წარმატებული ქვეყნების სარტყელის შექმნას, და რომ ასეთი პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, რუსეთსაც დაეხმარება, ტრანსფორმაციასა და დემოკრატიულ განვითარებას დაუბრუნდეს.
“თუმცა ჩვენი იმედები არ გამართლდა, დოკუმენტში ასეთი მიზანი არ არის. უკრაინა, მოლდოვა და საქართველო წარმატების მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ევროკავშირი ინვესტიციას ჩადებს მათ წარმატებაში”, – წერს კუბილიუსი და დასძენს, რომ ევროკავშირმა არა მარტო ფინანსების ინვესტირება უნდა განახორციელოს, არამედ ხელი შეუწყოს ბრძნული და ეფექტური პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ.
“ასეთმა სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს ამბიციური პერსპექტივა – თუ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოები ევროპულ რეფორმებში პროგრესს აჩვენებენ, ევროკავშირი დგამს შემხვედრ ნაბიჯს მათთვის ახალი დახმარების მექანიზმების და ინსტრუმენტების წარმოდგენით, საბოლოო ეტაპზე სრული ინტეგრაციისთვის კარის გაღების ჩათვლით. მხოლოდ ასეთი პოლიტიკა შეუწყობს ხელს ევროპული რეფორმების სურვილის შენარჩუნებას ამ ქვეყნებში”, – აღნიშნავს კუბილიუსი.
ლიტველი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ ევროკავშირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მზაობას არ გამოიჩენს, ამით დაასუსტებს აღმოსავლეთ პარტნიორების პროევროპულ მოტივაციას.
“EaP-ის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქიდან უკვე გვესმის იმედგაცრუების და სკეპტიციზმის სიტყვები, რომ მათ არასდროს მიიწვევენ ევროკავშირსა და ნატო-ში. როცა ასეთი სკეპტიციზმის ვირუსი პანდემიური გახდება, ეს ნებისმიერი პროევროპული რეფორმის დასასრული იქნება და მხოლოდ ლამაზი განცხადებები დარჩება”, – მიიჩნევს კუბილიუსი.
სტატიის ავტორის შეფასებით, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რთული პოლიტიკური პერიოდია არა მხოლოდ კრემლის აგრესიის, არამედ შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გამოც, ხოლო “მეტი მეტისთვის” პრინციპზე დაფუძნებული ევროინტეგრაციის ახალი ინსტრუმენტები კონსოლიდაციის საფუძველი იქნებოდა.
“თუ ევროკავშირის ასეთი ხედვის წარმოდგენის შანსს ხელიდან გაუშვებს, შემდეგ არ უნდა გაუკვირდეს რეფორმების პროცესის ეროზია, რაშიც მთავარი დამნაშავე იქნება ევროკავშირის მცდარი გეოპოლიტიკური პოზიცია, უფო სწორად, გეოპოლიტიკური ამბიციის არარსრებობა”, – წერს ევროპარლამენტარი.
კუბილიუსი იხსენებს 2018 წელს გამოქვეყნებულ ექსპერტულ შეფასებას, რომლის თანახმადაც საქართველო უკეთ მომზადებულია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ვიდრე მოწინავე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და ამბობს, რომ მზაობის შეფასების კრიტერიუმები დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ერთნაირი უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ კრემლი EaP-ის რეგიონის დესტაბილიზაციას გაცილებით ადვილად შეძლებს, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის.
ევროკავშირმა ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.
“კმაყოფილი ვართ, რომ ევროკავშირის ლიდერები დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ გეოპოლიტიკურ ამბიციებს აფიქსირებენ და ეს რეგიონი ინტეგრირებული უნდა იყოს ევროკავშირში იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. ევროკავშირი კონსოლიდაციის მაგალითს აჩვენებს კრიზისების დროს – ასე გადალახა 2008 წლის ფინანსური კრიზისი, 2015 წლის მიგრაციის კრიზისი და გადალახავს ჯანდაცვის კრიზისს. არ მინდა პროგნოზირება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციური პოლიტიკა მხოლოდ მაშინ გატარდება, როდესც ეს რეგიონი, დიდი ალბათობით, მოსკოვისგან მომავალ, მწვავე გეოპოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდება. გაცილებით გონივრული იქნებოდა კრიზისის თავიდან არიდება. ამისთვის საჭიროა აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციური პოლიტიკა და არ აქვს მნიშვნელობა, რომ სკოპიეს ან ტირანას და მოსკოვს შორის უფრო დიდი დისტანციაა, ვიდრე კიევს ან თბილისსა და მოსკოვს შორის. ამ დისტანციამ არ უნდა განსაზღვროს ბრიუსელის ამბიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ კრემლი ინარჩუნებს უცნაურ “ვეტოს” ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების გადაწყვეტილებებზე”, – აცხადებს კუბილიუსი.
მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, გაგრძელდება მუშაობა ევროპარლამენტში და ის იმედოვნებს, რომ “გეოპოლიტიკური კომისიას” გეოპოლიტიკური ამბიციების დაბრუნებაში დაეხმარება.
“პანდემია არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის პირისპირ ევროკავშირის გეოპოლიტიკური სისუსტის შენიღბვის შესაძლებლობა”, – აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ახალი ჩარჩოს დამტკიცება და ფინანსების გადანაწილება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მოხდეს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი, თუ კორონავირუსის გამო არ გადაიდო.
ამ თემაზე:
მედეგობის გაძლიერება – ევროკავშირმა EaP-ის მომავლის ხედვა წარმოადგინა