პაატა იმნაძე

„ნუ გავწირავთ უფრო თაობას და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

„ცუდ რაღაცას შეიძლება ვამბობდე, მაგრამ ასეთი რამ შევატყვე: ადამიანები თვლიან, „მე ახალგაზრდა ვარ, ჯანმრთელი ვარ, მე ხომ არაფერს მიზამს და ახლა რა ვქნა, ვიღაცას მოკლავს“. ასე ნუ გავწირავთ ჩვენს უფროს თაობას და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ 6 ოქტომბერს „ფორმულას“ ეთერში.

„ჩვენთან ლეტალობის მაჩვენებელი არის 0.6, რაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით. ძალიან გვინდა ეს მჩვენებელი რაც შეიძლება დაბალი იყოს… ეს არის უბრალოდ ბუნების კანონზომიერება – თუ იქნება დაავადება [სიკვდილიანობაც იქნება]. იმის გარანტია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იქნება, სადაც არავის მოკლავს კოვიდი, ვერ ვიტყვით, მაგრამ თუ ნაკლები გვეყოლება [კარგი იქნება]“, – განაცხადა მან.

პაატა იმნაძემ ასევე მიმართა ბიზნესის წარმომადგენლებს:

„ვისი რა შეზღუდვა უნდათ, თუ თავიანთ ბიზნესში თანამშრომლები ავად გახდებიან და ვეღარ იმუშავებენ? ამიტომ მიხედონ, რა, თავიდანვე, მიხედოს იმას, რომ დაიცვან რეკომენდაციები თანამშრომელბმა, იმიტომ, რომ ამაზე მისი ეკონომიკური მდგომარებაა დამოკიდებული და თუ ბიზნესის მეპატრონე არ დაიცავს ამას, რაღა შეზღუდვა დასჭირდება, თვითონ შეზღუდული არ იქნება, რომ გაჩერდება?”


  • ქვეყანაში, 2020 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, 3 716 900 ადამიანი ცხოვრობს;
  • 6 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებეული;
  • 6 ოქტომბრის მონაცემებით, გარდაცვლილია 58 პაციენტი;

„ნეტგაზეთის“ გაანგარიშებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე საქართველოში გამოდის დაახლოებით 16 ინფიცირებული (ანუ სიკვდილიანობა 1 მილიონ მოსახლეზე უდრის 16-ს).

შედარებისთვის, სომხეთში სიკვდილიანობა 1 მლნ მოსახლეზე 334-ია, აზერბაიჯანში — 59, თურქეთში — 100, რუსეთში – 148, აშშ-ში – 649, შვედეთში – 583, ესტონეთში – 50 და ა.შ.

საქართველო ჯერ „ყვითელ ზონაში“ იყო, ახლა „მწვანეში“ – რა მოხდა?