ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველო ჯერ „ყვითელ ზონაში“ იყო, ახლა „მწვანეში“ – რა მოხდა?

16 სექტემბერი, 2020 • 2979
საქართველო ჯერ „ყვითელ ზონაში“ იყო, ახლა „მწვანეში“ – რა მოხდა?

ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა გასულ კვირას გამოაცხადეს, რომ საქართველო ახალი კორონავირუსის გავრცელების „ყვითელ“, გამაფრთხილებელ ზონაში შევიდა, ახლა კი აცხადებენ, რომ საქართველო კვლავ „მწვანე“ ზონაშია, — იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა მოიმატა.

როგორც „ნეტგაზეთმა“ გაარკვია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ შეცვალეს ის გზა, რითაც ანგარიშობდნენ ინციდენტობას, რაც „შუქნიშანზე“ ფერებს განსაზღვრავდა. მართალია, დასწიეს „მწვანე“, „ყვითელი“ და „წითელი“ ზონების ზღვრები, თუმცა ცვლილებების შედეგად დღეს ინციდენტობა 2.0 გამოდის, თავდაპირველი მეთოდით კი 28.5 გამოვიდოდა. რა არგუმენტით შეიცვალა მიდგომა?

კორონავირუსის შუქნიშანი

როგორც „ნეტგაზეთიც“ წერდა გასულ კვირას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რითაც ქვეყნებში ეპიდემიის გავრცელებას ზომავენ, ინციდენტობაა, ანუ, ავადმყოფობის ახალი შემთხვევების რიცხვი დროის გარკვეულ მონაკვეთში. კოვიდპანდემიის პირობებში საორიენტაციოდ იღებენ ორკვირიან ან ერთკვირიან მონაკვეთში Covid-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ყოველ 100 000 მოსახლეზე.

თავდაპირველად საქართველოში მოქმედი შუქნიშნის პრინციპი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასე ახსნეს:

  • „მწვანე ზონა“ გულისხმობდა ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-მდე ინფიცირებულს;
  • „ყვითელი ზონა“ გულისხმობდა ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-დან 30-მდე ინფიცირებულს;
  • „წითელი ზონა“ გულისხმობდა ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 30-ზე მეტ ინფიცირებულს;

თავდაპირველი მონაცემები

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 7 სექტემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ გააანალიზეს ზაფხულისა და სექტემბრის პირველი კვირის ინციდენტობის მაჩვენებლები და ასეთი შედეგი მიიღეს:

„თუ ივნისის პირველ კვირაში გვქონდა 100 000 მოსახლეზე 0.7 ინფიცირებული, აგვისტოში გვაქვს 1.2, სექტემბრის პირველ კვირაში კი გვაქვს 5.3, რაც მიანიშნებს იმას, რომ გვაქვს ზრდის ტენდენცია“.

10 სექტემბერს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო ორი კვირის მონაცემებით — 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით — 100 000 მოსახლეზე ქვეყანაში იყო 10.2 დაინფიცირებული.

10 სექტემბერსვე „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 10.2-იანი მაჩვენებლით საქართველო ყვითელ ზონაში გადავიდა. „გადავინაცვლეთ შედარებით მომატებული სიფრთხილის ზონაში“, – თქვა მან.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, „ყვითელი ზონა“, — ანუ 100 000 მოსახლეზე 10-დან 30 ინფიცირებულამდე მაჩვენებელი, — რეალურ რიცხვებში, ორი კვირის შუალედში გულისხმობდა 370-დან 1100-მდე ინფიცირებულს.

ეს ნიშნავდა, რომ თუკი ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 100-ს გადააჭარბებდა, საქართველო უკვე „წითელ ზონაში“ შევიდოდა. აქედან გამომდინარე, უხეში დაშვებით, საქართველო „წითელ ზონაში“ აღმოჩნდებოდა, თუკი შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, საშუალოდ, 79 ადამიანის ინფიცირება დადასტურდებოდა. როგორც ცნობილია, 10 სექტემბრის შემდეგ ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს. 15 სექტემბერს ანტირეკორდული, 170 შემთხვევა დაფიქსირდა.

რა შეიცვალა?

14 სექტემბერს, — მესამე დღეს, როდესაც დღიური ინფიცირების დადასტურებულმა რიცხვებმა 100-ს გადააჭარბა, — NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელი 1.74 იყო, — გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა კვირას ნათქვამი რიცხვები, — და საქართველო კვლავ „მწვანე ზონაში“ რჩებოდა.

„ნეტგაზეთმა“ მას განმარტება სთხოვა ამ საკითხზე. ჩვენ მას ვკითხეთ რიცხვებში განსხვავების მიზეზი, რაზეც გვიპასუხა, რომ საერთაშორისო რეკომენდაციებით, ინციდენტობის გამოთვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

„შეიძლება დაითვალო ინციდენტობა ერთ მილიონ მოსახლეზე, ან 100 000 მოსახლეზე. უფრო მიღებულია 100 000 მოსახლეზე გამოანგარიშება. ამასთან, სხვადასხვა ქვეყანა ეპიდემიების დროს იყენებს სხვადასხვა შუქნიშანს — არსებობს სამფეროვანი თუ ოთხფეროვანი შუქნიშნები (მწვანეს, ყვითელსა და წითელს ემატება ნარინჯისფერი) და ა.შ.

ჩვენთან ორი მეთოდით ვითვლით ხოლმე: ყოველდღიური ინციდენტობის საშუალო ბოლო 7 ან ბოლო 14 დღის განმავლობაში. ანუ ყოველდღე ითვლი ინციდენტობას და 2 კვირის განმავლობაში შემდგომ მის საშუალოს ანგარიშობ. გუშინ რაც გამოვაცხადე, იყო ყოველდღიური ინციდენტობის საშუალო 2 კვირის განმავლობაში. ასევე შეიძლება დათვალოთ ჯამური ინციდენტობა, რაც 2 კვირის განმავლობაში ჯამი აიღოთ და იქიდან გამოიყვანოთ“.

თუმცა ეს ორი მეთოდი — კუმულაციური და საშუალო ინციდენტობა — სხვადასხვა რიცხვს იძლევა. რომელი აქვს საქართველოს საორიენტაციოდ აღებული?

„ამიტომ მომზადდა სამინისტროსთან ერთად გეგმა, — კარგა ხანია, ერთი თვეა, ეს მომზადებული გვაქვს, — შემოდგომის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით. ამ გეგმაში სწორედ ასეთი შუქნიშნის პრინციპი გვაქვს ჩადებული. იქ მივიღეთ მაინც გადაწყვეტილება, — გუშინაც იყო ამაზე მინისტრთან მსჯელობა, — რომ ვიხმართ ყოველდღიურ პრაქტიკაში ყოველდღიური ინციდენტობის საშუალოს 2 კვირაზე [100 000 მოსახლეზე]“.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თანახმად, NCDC-ისა და სამინისტროს საერთო კონსენსუსით, „მწვანე ზონად“ ჩაითვლება მაჩვენებელი 0-დან 5-მდე, „ყვითლად“ — 5-დან 15-მდე, „წითლად“ კი, 20-ს ზემოთ.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, ხომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ რიცხვები უფრო მსუბუქი გამოჩენილიყო, ამირან გამყრელიძემ გვიპასუხა:

„რატომ? პირიქით, ზღურბლი დავწიეთ“…

სხვაობა რიცხვებში

პირველი სექტემბიდან 15 სექტემბრის ჩათვლით კორონავირუსით ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევები ასეთი იყო:

Covid-19 | სექტემბრის სტატისტიკა
Infogram

„ნეტგაზეთის“ გაანგარიშებით, თავდაპირველი (კუმულაციური) ხერხით, პირველიდან 14 სექტემბრამდე და 2-დან 15 სექტემბრამდე პერიოდში ინციდენტობა 24.45 და 28.4 გამოდიოდა, ხოლო ინციდენტობის საშუალო ამავე პერიოდებში დაახლოებით 1.745 და 2.0 იქნებოდა.

როგორ მივიღეთ ეს რიცხვები:

პირველ შემთხვევაში, ვაჯამებთ 1-14 სექტემბერს გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობას: 23+38+20+28+25+29+34+45+44+57+87+158+152+165=905. მივიღეთ 905 ინფიცირებული საქართველოს მთელ მოსახლეობაში — დაახლოებით 3.7 მილიონ ადამიანზე. 100 000 მოსახლეზე გამოსაანგარიშებლად კი ამ რიცხვს ვყოფთ 37-ზე. შედეგად ვიღებთ 24.46-ს.

მეორე შემთხვევაში კი ანგარიშდება ყოველდღიური ინციდენტობა და მათგან გამოიყვანება საშუალო. მაგალითად, თუკი 23 შემთხვევა გამოვლინდა მთელ პოპულაციაში, 100 000 მოსახლეზე გამოვლინდა 0.62; თუკი 165 გამოვლინდა მთელ პოპულაციაში, 100 000 მოსახლეზე გამოვლინდა 4.45.

შესაბამისად, 1-14 სექტემბრამდე პერიოდში [0.62+1.02+0.54+0.76+0.68+0.78+0.92+1.21+1.18+1.54+2.35+4.27+4.11+4.45]/14=24.43/14=1.745.

ამირან გამყრელიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ „კუმულაციურით ვარირება არის უფრო დიდი და სტატისტიკურად არასარწმუნო, რაშიც დაგვარწმუნეს მათ, ვისთანაც გვქონდა კონსულტაცია [აშშ-ის CDC-ის და ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა]. ანუ ჯამური ინციდენტობა ნაკლებად შეესაბამება რეალობას“.

საერთაშორისო პრაქტიკა

2020 წლის სექტემბერში ევროკომისიამ წარადგინა Covid-19-ის შუქნიშნის პრინციპი ევროკავშირის ქვეყნებისათვის, რომელიც გამოყენებული იქნება ფრენებზე შეზღუდვების დაწესება-მოხსნის კრიტერიუმებისთვის. ეს პრინციპი ასეთია:

  • თუკი ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 14 დღეში ჯამურად 50-ზე ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება, „მწვანედ“ მიიჩნევა;
  • თუკი ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 14 დღეში  ჯამურად 50-დან 150-მდე შემთხვევა ფიქსირდება, „ყვითლად“ მიიჩნევა;
  • თუკი ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 14 დღეში  ჯამურად 150-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, „წითლად“ მიიჩნევა;

ამასთან, „მწვანედ“ მიიჩნევა ქვეყანა, სადაც ჩატარებული ტესტების 3%-ზე ნაკლებს არ დაუდასტურდა კოვიდინფექცია. და საუბარია არა დღიური ინციდენტობის საშუალოზე, არამედ ინციდენტობაზე 14 დღის შუალედში.

ამირან გამყრელიძეს ამაზეც დავუსვით კითხვა. მან გვიპასუხა: „დიახ, მართალია, ECDC [ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი] კუმულაციურს ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ ამაზე ბევრი დებატები გვქონდა შიგნით და გარეთ. ყველა რეკომენდაცია, იქნება ეს ჰარვარდის, CDC-ის [აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი] თუ სხვების, ითვალისწინებს ამას. ყველას ყოველდღიური ინციდენტობის 14 ან 7-დღიანი საშუალო უფრო სწორად მიაჩნია, მათ შორის ჩვენს ეპიდემიოლოგებს“.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თანახმად, „კლასიკურ სახელმძღვანელოებში ყველა მიუთითებს, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინციდენტობის საშუალო“.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ამირან გამყრელიძემ ინტერვიუს დასასრულს გვითხრა, რომ საქართველოში, შიდა სამუშაოსთვის მაინც, ორივე ხერხით დაითვლიან ინციდენტობას: „როგორც ყოველდღიურს, ისე კუმულაციურს“.

ამასთან, მისი თქმით, შუქნიშნის გამოყენების მიზანია არა მხოლოდ ფრენების საკითხი, არამედ „ქვეყნის შიგნით მზადყოფნის რეჟიმების შეფასება“:

„ანუ განგაშის ზარს როდის ანთებ, როდის მეტი საწოლი გაშალო, როდის მეტი ტესტი გააკეთო, როდის მეტი კვლევა აწარმოო და ა.შ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი