აჭარაში Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4-ჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად საქართველოში.
ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:
- ქვეყანაში, 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 3 716 900 ადამიანი ცხოვრობს;
- 6 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებეული;
- 6 ოქტომბრის მონაცემებით, გარდაცვლილია 58 პაციენტი;
„ნეტგაზეთის“ გაანგარიშებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე საქართველოში გამოდის დაახლოებით 16 ინფიცირებული (ანუ სიკვდილიანობა 1 მილიონ მოსახლეზე უდრის 16-ს).
შედარებისთვის, სომხეთში სიკვდილიანობა 1 მლნ მოსახლეზე 334-ია, აზერბაიჯანში — 59, თურქეთში — 100, რუსეთში – 148, აშშ-ში – 649, შვედეთში – 583, ესტონეთში – 50 და ა.შ.
აჭარა
რაც შეეხება აჭარას, საიდანაც შემოდგომაზე დაიწყო ეპიდემიის ძლიერი ტალღა — 5 ოქტომბერს „ბათუმელებისთვის“ აჭარის ჯანდაცვის სამინიტროდან მიწოდებული ინფორმაციისა და 6 ოქტომბრის განახლებული სტატისტიკის თანახმად:
- ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აჭარაში Covid-19-ით 25 ადამიანი გარდაიცვალა;
- ამასთან, აჭარის მოსახლეობა 2020 წლის პირველი იანვრის მონაცემებით შეადგენს 351 900 ადამიანს;
„ნეტგაზეთის“ გაანგარიშებით, აჭარაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე დაახლოებით უდრის 71-ს.
აჭარაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი (71) დაახლოებით 4.4-ჯერ მეტია, ვიდრე მთელ საქართველოში (ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით, სადაც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვერ ვრცელდება).
გირჩევთ: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ აჭარის ინციდენტობის მაჩვენებელი (Covid-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე) ქვეყნის ზოგად მაჩვენებელზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია.
საქართველო ჯერ „ყვითელ ზონაში“ იყო, ახლა „მწვანეში“ – რა მოხდა?