ახალი ამბები

სასტუმრო ისტორიულ გალავანზე – რატომ არის ეს მშენებლობა პრობლემური

6 ოქტომბერი, 2020 • 2748
სასტუმრო ისტორიულ გალავანზე – რატომ არის ეს მშენებლობა პრობლემური

თბილისში, ზემო კალაში, ნიშნიანიძის ქუჩაზე, კომპანიას 6-სართულიანი სასტუმროს აშენება სურს. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია, აშენებულია შენობის კარკასიც.

შენობა ემიჯნება თბილისის ისტორიულ, ძველ გალავანსა და მის მრგვალ ბურჯს, მისი მეორე მხარე კი ნიშნიანიძის ქუჩაზე გადის. საპროექტო დოკუმენტაციაში მშენებლობის დამკვეთი „საქართველოს ბუტიკების სასტუმროები“ წერს, რომ სასტუმრო 2021 წლის 26 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

საბოლოოდ, ორბელიანის მოედანზე არსებული ავტობუსების გაჩერებიდან, აშენებული სასტუმრო უნდა გამოიყურებოდეს ასე:

ამ ეტაპზე შენობის სახურავის სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. თბილისის მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს წარმოდგენილი პროექტის ესკიზები არ შეესაბამებოდა მასთან თანდართულ მუშა ნახაზებს.

„მშენებლობის პროცესში, როდესაც დაფიქსირდა შესაბამობა ესკიზის ვიზუალსა და რეალურ მშენებლობას შორის, მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა მშენებლობა და მოითხოვა ინსვესტორისგან, შესაბამისობაში მოეყვანა შენობა იმ ესკიზთან, რომელიც წარმოდგენილი იყო ნებართვის გაცემის დროს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ ახლა მხოლოდ შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ინვესტორი დაკორექტირებულ დოკუმენტაციას შემოიტანს, შეჩერებული სამუშაოები განახლდება.

თბილისის ისტორიულ გალავანზე მშენებლობას პრობლემურად მიიჩნევენ ექსპერტები. ნეტგაზეთთან საუბარში ისინი ყვებიან, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, რენდერში ასახული შენობა განსხვავდება იმ მშენებლობისგან, რომელიც ახლა მიმდინარეობს –  ამჟამინდელი ნაგებობა დაახლოებით 2 სართულით უფრო მაღალია, ვიდრე ეს რენდერშია ასახული და ვიდრე ახლომდებარე სახლებია, კომპანიის ფოტომონტაჟში კი ეს არ ჩანდა.

რას გეგმავს კომპანია? – დღეს არსებული მდგომარეობა და რენდერები

თბილისის არქიტექტურის სამსახურში ატვირთული საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, აქ უკვე წლებია, რაც მშენებლობის დაწყებას ცდილობენ, რასაც მოწმობს უწყებაში შეტანილი არაერთი განცხადება.

კომპანიის მიერ ატვირთულ საპროექტო წერილში ვკითხულობთ: თავდაპირველად, 2009 წელს, თანხმობა გაიცა დაზიანებული და ავარიული შენობის სადემონტაჟო სამუშაოებზე, თუმცა შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. 2015 წელს მშენებლობის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სამსახურში კომპანიისგან ახალი განცხადება შევიდა, თუმცა უარი ეთქვა. 2018 წლისთვის პროექტი გადამუშავდა, გაიცა ნებართვა და დაიწყო მშენებლობაც.

ამ ეტაპზე მშენებლობა წინიდან ,ანუ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდა გამოიყურება ასე:

მშენებარე სასტუმრო: ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მშენებარე სასტუმრო: ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ხოლო ნიშნიანიძის(ყოფილი ნაკაშიძის) ქუჩის მხრიდან, ასე:

მშენებარე სასტუმრო: ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პროექტის ავტორების თანახმად, შენობა სულ 6-სართულიანია, საიდანაც 2 სართული გალავანშია მოწყობილი, ხოლო 2 – მიწისქვეშ. სულ შენობის საერთო ფართობი, დოკუმენტაციის თანახმად, 1617 კვ. მ უნდა იყოს, საიდანაც სასტუმრო 1471 კვ.მ-ს დაიკავებს.

ნეტგაზეთი ესაუბრა დამკვეთი კომპანიის „საქართველოს ბუტიკების სასტუმროების“ დირექტორს, დიმიტრი კირხანიდს, რომელმაც გვითხრა, რომ მშენებლობა მერიას არ შეუჩერებია, ხოლო ის, რომ რენდერის თანახმად შენობა უფრო დაბალია, რეალობაში კი, უფრო მაღალი – სიცრუეა.

„იქიდან დავიწყოთ, რომ ნაგებობა ზუსტად შეესაბამება პროექტსა და რენდერს. ეს შენობა ჯერ დამთავრებული არ არის. სრული სურათი ჯერ არ გვაქვს. სანამ შენდება, ყველაფერი არის ულამაზო, როდესაც აშენდება, მერე იქნება ლამაზი. არქიტექტურული პროექტის მიხედვით ვაშენებ და ყველაფერი – სანტიმეტრი სანტიმეტრშია.

შესაბამისად, არანაირი დარღვევა არ გვაქვს და შეჩერებულიც არ ვარ. ჩვენ ჩვენი ნებით რამდენიმე დღით გავჩერდით, რომ ზედმეტი ხმაური არ იყოს “, – ამბობს ნეტგაზეთთან კირხანიდი.

კირხანიდი ამბობს, რომ ისიც სიცრუეა, თითქოს, შენობა 7-სართულიანია, რეალურად კი მას 5.5 სართული აქვს.

„პროექტი ჩვენ ვიყიდეთ უკვე შეთანხმებული ინვესტორისგან და ჩვენივე მიზანი იყო აშენება ამ პროექტის მიხედვით. ვიღაცას თუ დაუზიანდა სახლი, ჩვენ კონკრეტული გვარები და სახელები გვაქვს და მათ ეს ავუნაზღაურეთ“, – ამატებს ის.

„საშიში პრეცედენტია“ – 4 ექსპერტის მოსაზრება

„ქალაქმა თავად უნდა განსაზღვროს, თუ რა მექანიზმებით გამოასწორებს ამ შეცდომას,“

„საშიში პრეცედენტია,“ – ასე აფასებს „ტფილისის ჰამქარის“ დირექტორი, ცირა ელისაშვილი გალავნის მომიჯნავედ 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის იდეას.

ელისაშვილი გვიყვება, რომ მისი ინფორმაციით, ამ პროექტზე მსჯელობისას თბილისის არქიტექტურის საბჭომ მხოლოდ რენდერებით ანუ ფოტომონტაჟით იხელმძღვანელა. ამის მიზეზი კი შესაძლოა ის ყოფილიყო, რომ ყოველკვირა საბჭოს ერთ სხდომაზე ათეულობით პროექტი განიხილება.

„ამ მშენებლობას რაც შეეხება, მეპატრონე წლების განმავლობაში ცდილობდა აქ შეუსაბამო ზომის ნაგებობის ჩადგმას, სწორედ ამიტომ, საბჭოს უფრო მეტი სიფხიზლე უნდა გამოეჩინა“, – გვიყვება ელისაშვილი.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული ნაგებობა არა მხოლოდ პრობლემურია, არამედ – „ეს არის ღირსების თემა“. ელისაშვილი შემდეგ აგრძელებს:

„გარდა იმისა, რომ ეს შენობა არქიტექტურულად სრულიად მიუღებელია იმ გარემოსთვის, ეს მშენებლობა იქნება ახალი ნიშნული სხვა ინვესტორებისთვის და თუ რომელიმე მათგანი გადაწყვეტს იგივე განაშენიანების ხაზზე რაიმე ნაგებობის ჩადგმას ან დაშენებას, სიმაღლის ნიშნულად განსაზღვრავენ სწორედ ამ ახალ ნაგებობას.

და ამიტომ, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი ჯაჭვური რეაქციის რისკის თვალსაზრისით. ქალაქმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თავად განსაზღვროს, თუ რა მექანიზმებით გამოასწორებს ამ შეცდომას“, – ამბობს ნეტგაზეთთან ცირა ელისაშვილი.

კიდევ ერთი საფრთხე, რომელზეც ნეტგაზეთს ცირა ელისაშვილი ესაუბრა, ნიშნიანიძის ისედაც ვიწრო ქუჩაზე სასტუმროს დამატებით ნაკადის გაზრდაა. ის იხსენებს, რომ შენობის დაწყებისთანავე სხვა დისკომფორტთან ერთად რამდენიმე მცხოვრებელმა ეზო დაკარგა, ვინაიდან პროექტით ეზოს შენარჩნება გათვალისწინებული არ იყო.

იმ შემთხვევაში კი, თუ პროექტი დასრულდება, ვიწრო ქუჩაზე მოქალაქეთა ნაკადი გაიზრდება და ამით მოსახლეობის ინტერესები კიდევ უფრო შეილახება. ჩვენს კითხვაზე, ხომ არ დაიწყეს მოქალაქეებმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავა, ელისაშვილი გვპასუხობს, რომ იურისტებთან ახლა კონსულტაციას მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს დავა სამომავლოდ, შესაძლოა, შედგეს.

„ერთი სართულის მოხსნა აუცილებლად სჭირდება შენობას ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით,“.

მშენებლობას პრობლემურად მიიჩნევს ქალაქდამგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძეც. ნეტგაზეთს ის უყვება, რომ როგორც წესი, ძველ ქალაქებში ბევრი სასტუმროს მშენებლობა იწვევს სამეზობლოების გაქრობასა და ძველი ქუჩების ნამდვილობის დაკარგვას.

ბაქრაძე იხსენებს, რომ თბილისის მაგალითზეც მრავლადაა ადგილი, სადაც ისტორიულ ქუჩებში უფრო მეტი ტურისტი დადის, ვიდრე მცხოვრებელი. ქალაქის ასეთი სახეცვლილება კი ყველასთვის წამგებიანია, ვინაიდან საბოლოოდ თუნდაც პოტენციურ ტურისტსაც უკარგავს ინტერესს.

ამასთანავე, მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს შენობის ესთეტიკური მხარეც – „ერთი სართულის მოხსნა აუცილებლად სჭირდება შენობას ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით,“.

ზურაბ ბაქრაძე.

„კიდევ ერთი საკითხი არის, ერთგვარი არსებითი ტყუილი – როდესაც დღეს, დღევანდელ პირობებში შენდება სრულიად ახალი შენობა- არა რეკონსტრუქცია ან აღდგენა, არამედ სრულიად ახალი შენობა- და შენდება იმ არქიტექტურული ფორმით, რომელიც დღევანდელობისთვის დამახასიათებელი არ არის. ამდენად, ეს არის ტყუილი.

გადმოტანილია ძველი დროიდან, მე-19 საუკუნიდან, გარკვეული არქიტექტურული ენა და სრულიად ხელოვნურად არის ჩასმული ამ განაშენიანებაში, რასაც მე აღვიქვამ, როგორც ტყუილს. ეს რომ აღდგენა იყოს ძველი შენობის, სულს ხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ ეს არის ახალი შენობა“, – დასძენს ზურაბ ბაქრაძე.

მისი თქმით, თუ ამ ზონაში კომპანიას მშენებლობა მაინც უნდოდა, ეს უნდა ყოფილიყო ნაგებობა, რომელიც მოცემულ განაშენიანებაში კარგად ჩაეწერებოდა. მაგალითად – „გვერდზე მდგომ შენობებს აქვთ აივნები და თუნდაც ამ თემის გაგრძელება შეიძლებოდა სრულიად თანამედროვე ენით. აქ კი პირიქით არის, მასიური კედლით გრძელდება, რომელიც შეუსაბამოა დღევანდელობისთვის,“.

„თბილისი მერიამ  დაუშვა მსგავსი მშენებლობა , რითაც  კიდევ ერთხელ  პრიორიტეტი მიანიჭა კონკრეტული მენაშენეს  და არა ქალაქის ინტერესს“.

„რა თქმა უნდა, აღნიშნული მშენებლობა ქმნის პრობლემას, რადგან ის მიმდინარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში, კონკრეტულად  კი, მის მკაცრი დაცვის ზონაში,  ეს არის ზონა, სადაც ყველაზე მაღალია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კონცენტრაცია. შესაბამისად,  ყველანაირი ჩარევა საფრთხილო და საპასუხისმგებლოა“, – ამბობს ნეტგაზეთთან ხელოვნებათმცდონე თამარ ამაშუკელი.

ის ყვება, რომ კალას შემომზღუდავმა გალავანმა და მასზე „გადმოკიდებულმა“ სახლებმა იერი, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ, 1970-იან წლებში ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად მიიღო და თბილისის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა.

„მიმდინარე მშენებლობა შ. ნიშნიანიძის ქუჩაზე არსებული ორი ობიექტის  # 8 და # 10 დანგრევის შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არსებული შენობების არქიტექტურული-გეგმარებითი გადაწყვეტა, მათი მასშტაბი, სიმაღლე,  ქუჩასთან, გვერდზე არსებულ შენობებთან  მიმართება და კავშირი სახასიათო იყო უბნისთვის და უდავოდ დასაცავ ფასეულობას წარმოადგენდა.

სამწუხაროდ, ახალი შენობის დაპროექტებისას არქიტექტორმა არ გაითვალისწინა  უბნის ძირითადი მახასიათებლები, მორფოლოგია, მასშტაბი,  სიმაღლე … რის შედეგადაც ახალი მოცულობა არის სრულიად ამოვარდნილი არსებული განაშენიანებიდან და არათუ უწყობს  ხელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წარმოჩენას, არამედ ჩაგრავს, აკნინებს მათ, და თავად წარმოდგება დომინანტად, რას სრულიად დაუშვებელი და უკანონოც კია.

სამწუხაროდ, კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ და თბილისის მერიამ  დაუშვა მსგავსი მშენებლობა , რითაც  კიდევ ერთხელ  პრიორიტეტი მიანიჭა კონკრეტულ მენაშენეს და არა ქალაქის ინტერესს“, – ამბობს ამაშუკელი.

სხვების მსგავსად ,ამაშუკელი საუბრობს აცდენაზე, რომელიც რენდერსა და უშუალოდ ნაგებობას შორის არის. ის დასძენს, რომ ხშირია, როდესაც ინვესტორები რენდერში ერთ ესკიზსს უთითებენ, თუმცა, საპროექტო დოკუმენტაციაში  სხვა მოცემულობა ჩანს.

„სამწუხაროდ,  არც  “ცრუ” რენდერებია ახალი და არც ისტორიული ქალაქისთვის სრულიად შეუსაბამო, შეძლება ითქვას, დამანგრეველი მშენებლობები.

ვიდრე არ იქნება პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილების  მიმღები პირები არ უზრუნველყოფენ მკაფიო, ყველასთვის სავალდებულო,  ქალაქის ინტერესზე მორგებულ რეგულაციების ამოქმედებას,  პროცესი, რომელსაც ჩვენში “ქაოტურ მშენებლობად”  მოიხსენიებენ და რომელიც  ჩვენ თვალწინ აქრობს წინაპრების მიერ დატოვებულ უძვირფასეს განძს,  არ და ვერ დასრულდება, და პირიქით, ჩვენი ქალაქი დღითიდღე კიდევ უფრო გაღარიბდება, გაიძარცვება, და საუკუნოვანი, უნიკალური  ქალაქიდან ხელთ შეგვრჩება XXI საუკუნის უგვან შენობათა გროვა“, – გვიყვება ამაშუკელი.

„კალას მომზღუდავი გალავანი ხელშეუხებელი ფასეულობაა“

ნეტგაზეთი მშენებლობასთან დაკავშირებით ესაუბრა არქიტექტურის ისტორიკოსს, მაია მანიასაც. ის გვიყვება, რომ ეს ზონა – კალას ჩრდილოეთიდან მომზღუდავი გალავნის მიმდნებარედ, ზემო კალას სამოსახლო უბნის შიგნით მდებარე განაშენიანება – ორსართულიან ნაგებობებს შეიცავს და მათი უმრავლესობა XIX საუკუნის სხვადასხვა მონაკვეთითა და XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება.

ამასთანავე, შოთა ნიშნიანიძის ქუჩის დიდ მონაკვეთზე [ანუ იმ ადგილზე, სადაც პროექტის თანახმად სასტუმროს შესასვლელი უნდა განთავსდეს] ძეგლის სტატუსი მქონე სახლებია განთავსებული. ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული 1978-1979 წლებში განახლებულ იმ გალავანსაც, რომელსაც ნიშნიანიძის ქუჩის საცხოვრებელი ნაგებობები უშუალოდ ემიჯნება.

მაია მანია. ფოტო: ნოდარ სუმბაძე

„ნიშნიანიძის ქუჩის #10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც გალავნის ნახევარწრიულ ბურჯს უშუალოდ ემიჯნება, უკვე დანგრეულია, #8 -ზე კი მშენებლობაა დაგეგმილი. # 10-ში სახლის მშენებლობა უკვე გალავნის ხაზსა და მიმდებარე შენობების სართულიანობასა და მასშტაბს დიდად გასცდა. ორივე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. ნებისმიერი, მცირედი ცვლილებაც კი ძეგლზე დარღვევაა, დანგრევა კი – დანაშაული.

ძველი ქალაქის მასშტაბის შენარჩუნება აუცილებელია, ისევე, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა, რაც ძველი თბილისის სახის ერთ-ერთი განუმეორებელი თვისებაა. მასშტაბის მცირედი შეცვლაც კი უკარგავს კალას დამახასიათებელ სიმყუდროვეს.

მოვუწოდებ ყველას, ვისაც გული შესტკივა, ხმა შეაშველოს ამ საქმეს. კარკასი, რომელიც გალავნის თავზეა ამოსული, უნდა დაინგრეს. ის კი, რაც დაანგრიეს, უნდა გადაერჩინათ. #8-ში მდებარე სახლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

კალას მომზღუდავი გალავანი ხელშეუხებელი ფასეულობაა“, – ამბობს მაია მანია წერილში, რომელიც ჩვენი კითხვების საპასუხოდ მოგვწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი