ნეტგაზეთი | გახარია: არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია გახარია: არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია – Netgazeti
RU | GE  

გახარია: არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია, რაც ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, მთავრობა ახალი შეზღუდვების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს და მოქალაქეებს ეპიდემიოლოგიური წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

“ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი… არანაირი საფუძველი და სურვილი არ გვაქვს, დღეს ეს შევზღუდოთ, მაგრამ, მეორე მხრივ,  ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს. სხვანაირად ყველაფერი უკიდურესად რთული სამართავი იქნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწესებულებებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მედიკოსების რეაგირება სწრაფად მოხდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და, პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები:

პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით- აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ – არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე. ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, იმ წარმატების გასამეორებლად, რომელიც საქართველოს პირველი ტალღისას ჰქონდა, საჭიროა, რომ სამმა კომპონენტმა – მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა – გადანაწილებული პასუხისმგებლობებით იმუშაოს.

ამ თემაზე:

ჯანდაცვის სექტორის მზაობა რიცხვებში – მთავრობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.