ახალი ამბები

ჯანდაცვის სექტორის მზაობა რიცხვებში – მთავრობა

14 სექტემბერი, 2020 • 796
ჯანდაცვის სექტორის მზაობა რიცხვებში – მთავრობა

2 400 საწოლი, ნახევარ მილიონამდე PCR ტესტი და 2 200-მდე სუნთქვის აპარატი – ასეთია ამ დროისთვის საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მზაობა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღისთვის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მარაგების შევსება, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.

“ბოლო პერიოდში 12 კლინიკა გვყავდა ჩართული პროგრამაში. საწოლფონდი შემცირდა, რადგან ამის საჭიროება არ იყო. განახლებული 2 400 საწოლი [მხოლოდ კლინიკების რესურსი] გადანაწილებულია 31 კლინიკაზე, აქედან კლინიკების დიდი უმრავლესობა კერძო საკუთრებაშია. მთელი ზაფხული ჩვენთვის მთავარი აქცენტი იყო ის, რომ შეგვექმნა სტრატეგიული მარაგები. ამაში დონორი ორგანიზაციებიც დაგვეხმარნენ. მსოფლიო ბანკის გადაუდებელი დახმარების პროექტის ფარგლებში მოხერხდა ტესტების საკმარისი მარაგის მობილიზება. დილით ქვეყანაში ჩამოვიდა 400 000 PCR ტესტი გარდა იმისა, რაც უკვე იყო. დღეს ქვეყანაში არის დაახლოებით ნახევარი მილიონი PCR ტესტის მასალა და მარტის ბოლომდე დაგეგმილია შესყიდვები 1 მილიონამდე შესავსებად. ეს არის კარგი მარაგი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

PCR ტესტების გარდა, გაბუნიას თქმით, ხდება სწრაფი ტესტების შესყიდვაც, რასაც, მაღალი მობილობიდან გამომდინარე, მხოლოდ მძღოლების შემთხვევაში გამოიყენება,

“რაც შეეხება პირადი დაცვის საშუალებების მარაგებს, ის პრობლემა, რომელიც ეპიდემიის დასაწყისში იყო ლოჯისტიკის მართვაში, დღეს გლობალურადაც და ადგილობრივადაც მოხსნილია. ჰოსპიტლების დიდი ნაწილი თავად ახერხებს, რომ შეისყიდოს პირადი დაცვის საშუალებები და სამინისტრო უზრუნველყოფს ამის ანაზღაურებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გადმოგვცა საკმაოდ სოლიდური მარაგი, რაც ინახება ცენტრალური სტრატეგიული მარაგის სახით. დაგემილია დამატებითი შესყიდვებიც. ამდენად ამ კუთხით პრობლემებს არ მოველით”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს თავიდანვე ჰქონდა იმაზე მეტი საწოლფონდი და სუნთქვის აპარატი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში, ვიდრე ევროპის ქვეყნებს.

“ზაფხულის პერიოდში კიდევ ერთხელ მოხდა სუნთქვის აპარატების ინვენტარიზაცია და მათი გამართულობის შემოწმება. მიუხედავად იმისა, რომ აპარატული გამართვა საკმარისია რაოდენობრივად, ჩვენ დამატებით შევიძინეთ სუნთქვის აპარატები. დაახლოებით 100-მდე აპარატი სარეზერვოდ უკვე შეძენილია ან ველოდებით. საერთო ჯამში, მთლიანად 2 200-მდე სუნთქვის აპარატია და აქედან დაახლოებით 1 800-მდე არის ისეთი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მახასიათებლები, რომლის გამოყენება შეიძლება დაგვჭირდეს. ანუ, მზაობა არის საკმაოდ კარგი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მონაცემებში არ შედის უკვე დაკავებული საწოლებისა და სუნთქვის აპარატების რაოდენობა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პარალელურად აქტიურად ინერგება მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობისა და კოვიდ-სასტუმროების პრაქტიკა, სადაც ამ დროისთვის 500-მდე საწოლი არის მზად და 155 პაციენტი არის გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი