ახალი ამბები

ენმ-ს და “ოცნების” დაკავებული აქტივისტებისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს

4 ოქტომბერი, 2020 • 1172
ენმ-ს და “ოცნების” დაკავებული აქტივისტებისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს

გასულ კვირაში მარნეულსა და ბოლნისში მომხდარ ინციდენტებში ბრალდებულ ოთხივე პირს პროკურატურამ ბრალი წაურდგინა. დაკავებულთაგან 2 “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, 2 – ნაციონალური მოძრაობის.

ენმ-ს წევრ ლაშა ქველაძეს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილი ძალადობა)  წარუდგინეს.

ასევე ძალადობის საქმეზე “ოცნების” მხარდამჭერებს გ.შ.-ს  ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“  პუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ,), ხოლო გ.ჯ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ

პროკურატურამ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ არიფ იუსუპოვს-ს, რომელიც ენმ-ს აქტივისტია,  ბრალდება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) ორ ეპიზოდზე წარუდგინა.

ენმ-ს ლიდერები და თავად დაკავებული აქტივისტები, ქველაძე და იუსუპოვი აპროტესტებენ საგამოძიებო უწყებების გადაწყვეტილებას, მათი თქმით, ლაშა ქველაძე და არიფ იუსუპოვი თავად არიან თავდასხმის მსხვერპლნი და დაზარალებულები. ქველაძე ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოშიც მოხვდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდების მხარე 5000-ლარიან გირაოს ითხოვს ოთხივე მათგანთან მიმართებაში. ლაშა ქველაძე მაღალი ტემპერატურა აწუხებს ამიტომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი