აზერბაიჯანის საელჩო საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ საჭიროებენ არც მოხალისეებს და არც ჰუმანიტარულ ტვირთს.
საელჩოს განცხადებით, ამჟამად აზერბაიჯანის ჯარი ასრულებს თავის მოვალეობას ყარაბაღის ომში და გარე დახმარება არ სჭირდება.
როგორც საელჩო აცხადებს, მათ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები მიმართავენ ომში წასვლის, ასევე აზერბაიჯანში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის თხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩო მადლიერებას გამოხატავს და მოუწოდებს მათ:
“აზერბაიჯანის სახელმწიფოს და შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ყველა საჭირო შესაძლებლობა მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს.
ამავე დროს, ნივთების და საქონლის სახით ჰუმანიტარული დახმარების და შემოწირულობების საჭიროებაც არ არსებობს”, – აცხადებს აზერბაიჯანის საელჩო და დახმარების მსურველებს მოუწოდებს, სურვილის შემთხვევაში, ფული გადარიცხონ აზერბაიჯანის ჯარის დახმარების ფონდში.
გარდა ამისა, საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას, დაემორჩილონ ქართულ კანონებს:
“არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა”, – აცხადებს საელჩო.
აზერბაიჯანის საელჩოს განცხადება სრულად ნახეთ საელჩოს ფეისბუკ გვერდზე.