ახალი ამბები

მარნეულში ნაცმოძრაობის აქტივისტებზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

3 ოქტომბერი, 2020 • 766
მარნეულში ნაცმოძრაობის აქტივისტებზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს – გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს – დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს”, – აცხადებს შსს.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

29 სექტემბერს, საღამოს საათებში, მარნეულში,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ და „პირველი არხის“ თანამშრომლებს. „მთავარი არხის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს; ნაცემია „პირველი არხის“ ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი