ახალი ამბები

რუსეთში, შსს-ს განყოფილებასთან, თავი დაიწვა ჟურნალისტმა ირინა სლავინამ

2 ოქტომბერი, 2020 • 2775
რუსეთში, შსს-ს განყოფილებასთან, თავი დაიწვა ჟურნალისტმა ირინა სლავინამ

რუსმა ჟურნალისტმა, ირინა სლავინამ, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, ქვეყნის შსს-ს ადგილობრივი განყოფილების წინ თავი დაიწვა. შემთხვევა დღეს, 2 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულს წინ უძღოდა ჩხრეკა მის ბინაში, რომლის დროსაც, სლავინას ფეისბუქ პოსტის თანახმად, პოლიცია მისი ოპოზიციასთან კავშირის  დამადასტურებელ მტკიცებულებებს ეძებდა.

თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჟურნალისტმა ფეისბუქზე დაწერა:

“გთხოვთ, ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულოთ”.

სლავინა ადგილობრივი გამოცემის, “Koza Press”-ის რედაქტორი იყო, რომელიც თავს წარადგენდა დამოუკიდებელ, ცენზურისაგან თავისუფალ გაზეთად.

დაღუპვამდე 1 დღით ადრე, სლავინა წერდა, რომ პოლიციამ მისი ბინა გაჩხრიკა, რა დროსაც ეძებდნენ ოპოზიციური მოძრაობის, “ღია რუსეთის” ბროშურებსა და ანგარიშებს. აღნიშნული ორგანიზაცია პუტინის კრიტიკოსის, მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ ფინანსდება. სლავინა აღნიშნავდა, რომ წაიღეს ტექნიკა, მათ შორის, მისი ქალიშვილის ლეპტოპი და ქმრის მობილური.

ნიჟნი ნოვგოროდის პოლიციის განცხადებით, ის იძიებს განყოფილების წინ ქალის მიერ თავის დაწვის ფაქტს, თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია მისი ვინაობა. მოგვიანებით, შსს-ს სპიკერმა რუსეთის სახელმწიფო გამოცემას, “რია ნოვოსტის” უთხრა, რომ ირინა სლავინა მხოლოდ მოწმე იყო საქმეში. მისი განცხადებით, ის არ ყოფილა ეჭვმიტანილი და არც ბრალდებული.

“დაუსრულებელი დევნა”

რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სლავინა ზეწოლის ქვეშ იყო ხელისუფალთა მხრიდან.

“გასული წლების მანძილზე ხელისუფლების წარმომადგენლები მას დაუსრულებლად დევნიდნენ ოპოზიციური[აქტივობების] გამო”, – დაწერა რუსმა ოპოზიციონერმა დმიტრი გუდკოვმა სოციალურ ქსელში.

BBC-ის თანახმად, სლავინა იყო შვიდ ადამიანს შორის, რომელთა სახლებიც მიმდინარე კვირის ხუთშაბათს გაჩხრიკეს, ზემოხსენებული ოპოზიციური ორგანიზაციის საქმესთან დაკავშირებით. კონკრეტულად, გამოძიების ობიექტია ადგილობრივი აქტივისტი, მიხეილ იოსილევიჩი, რომელიც მის მიერ ეკლესიის სახელით დაფუძნებული ორგანიზაციის ფართს ოპოზიციონერ აქტივისტებს უთმობდა ღონისძიებების ჩასატარებლად.

“[ჟურნალისტის დაღუპვის] ამბავი ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის, მე მას ვიცნობდი. ვიცოდი, რომ ავიწროებდნენ, აკავებდნენ, აჯარიმებდნენ… ძალიან აქტიური ქალი იყო”, – აღნიშნავს მიხეილ ხოდორკოვსკის მრჩეველი ნატალია გრიაზნევიჩი მომხდარზე საუბრისას.

გრიაზნევიჩის თქმით, ირინა სლავინა “ღია რუსეთის” წევრი არ ყოფილა. 2019 წელს ნიჟნი ნოვგოროდში ჩატარდა “თავისუფალი ხალხის ფორუმი”, რომელშიც “ღია რუსეთიც” იღებდა მონაწილეობას.  სლავინა აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო როგორც ჟურნალისტი და არა მონაწილე. მიუხედავად ამისა, ხოდორკოვსკის მრჩევლის თქმით, სლავინა სახელმწიფომ მაინც დააჯარიმა.

გამოცემა “მედუზა” წერს სხვა საქმეებზეც, რომელთა ფარგლებშიც ჟურნალისტს რეგულარულად აჯარიმებდნენ. მათ შორის იყო ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში, რომელზე დასწრების გამოც ირინა სლავინას 20 000 რუბლის გადახდა დააკისრეს. კიდევ ერთ საქმეში, ჟურნალისტი 65 000 რუბლით დააჯარიმეს ერთ-ერთი საბრძოლო ხელოვნების აკადემიის დირექტორზე დაწერილი სტატიის გამო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ თანამდებობის პირი საზოგადოებასთან კონტაქტობდა მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

“შოკში ვარ. არ ვიცი, რა ხდებოდა მის გონებაში, რატომ გადაწყვიტა ასე თავის მოკვლა. ცხადია, უკანასკნელმა ჩხრეკამ მიხეილ იოსილევიჩის საქმის ფარგლებში, როცა მთელი მისი საოფისე ტექნიკა წაიღეს, საბოლოოდ დააყენა ის ზღვარს მიღმა.

სასამართლოები, ჯარიმები… მისი მანქანა დააზიანეს, საბურავები დაუჭრეს… მაგრამ ბევრს, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, არ ესმის რუსეთის ფედერაციის მიმართ [განხორციელებული] ამ პოლიტიკური ჟესტის საფუძველი”, – უთხრა სლავინას კოლეგამ, “კომერსანტის” ჟურნალისტმა რომან კრიაჟევმა “მედუზას”.

იმავე საღამოს, ნიჟნი ნოვგოროდელებმა ირინა სლავინას ხსოვნას პატივი მიაგეს, ჟურნალისტის დაღუპვის ადგილას მისი ფოტოსურათები, ასევე , ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი