ახალი ამბები

ჯერჯერობით დაუდგენელია, გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე

1 ოქტომბერი, 2020 • 1182
ჯერჯერობით დაუდგენელია, გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ მედიაში ცნობები დილიდან ვრცელდება.

“ნეტგაზეთი” ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობს თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებას, თუმცა ცერცვაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმებას ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურთანაც შეეცადა, თუმცა, როგორც პრესცენტრის წარმომადგენელი განმარტავს, კლინიკის დირექტორთან დაკავშირებას ამ დრომდე [14:30] ისიც ვერ ახერხებს. მისი თქმით, ცერცვაძესთან კომუნიკაცია მას ბოლოს გუშინ, 30 სექტემბერს ჰქონდა, თუმცა მისთვის გადადგომის თაობაზე არაფერი უთქვამს.

ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცერცვაძემ გადადგომის შესახებ წერილით ჯანდაცვის სამინისტროს გუშინ მიმართა. “ნეტგაზეთი” სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

ასევე, “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებას ვერ ახერხებს ინფექციური საავადმყოფოს პერსონალიც. არსებული ინფორმაციიით, ცერცვაძეს კლინიკაში დღეს უნდა გაეხსნა ბოქსირებული განყოფილება რემონტის შემდეგ, თუმცა საავადმყოფოში არ მისულა.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებს, მარინა ენდელაძეს და მარინა ეზუგბაიას. ეზუგბაიამ ჩვენს ზარს არ უპასუხა, ენდელაძის თქმით კი, მას არ აქვს ინფორმაცია ცერცვაძის შესაძლო გადადგომის შესახებ და არც კომუნიკაცია ჰქონია მასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი