ახალი ამბები

ახალი კრიტერიუმებით, დღეს აჭარაში 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული გვეყოლება – რიჟვაძე

28 სექტემბერი, 2020 •
ახალი კრიტერიუმებით, დღეს აჭარაში 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული გვეყოლება – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, კოვიდ პაციენტებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი კრიტერიუმებით, დღეს აჭარის სასტუმროებიდან და კლინიკებიდან 400-ზე მეტი ადამიანი გაეწერება. ამის შესახებ რიჟვაძემ დღეს, 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ბოლო დღეების განმავლობაში პილოტურად, მათ შორის აჭარაში, ამოქმედდა მთელი რიგი ახალი პროტოკოლები, როგორც ბინაზე მართვის ნაწილში, ასევე, კოვიდ სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმების განსაზღვრას. ამ კრიტერიუმების შესაბამისად, დღის ბოლომდე აჭარაში 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი გვეყოლება, რომლებიც როგორც კლინიკებიდან, ასევე კოვიდ სასტუმროებიდან გაეწერებიან”, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისი თქმით, აჭარაში ვითარება რთულია, თუმცა “აბსოლუტურად მართვადი”. რიჟვაძის განმარტებით არცერთი კოვიდ ინფიცირებული არ არის ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე. ამასთან, რიჟვაძის თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ცხელ ხაზსა და რეაგირების მექანიზმებში არსებული ხარვეზები სრულად აღმოფხვრეს.

რიჟვაძემ ბრიფინგზე ისაუბრა აჭარაში არსებული შეზღუდვების შესახებაც. მისი განმარტებით, რამდენიმე დღეში მთავრობა კიდევ ერთხელ გადახედავს ინფიცირების დინამიკას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას შეზღუდვების მოხსნის, დატოვების ან სხვა ფორმით გაგრძელების თაობაზე.

დღეს, 28 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სამინისტრო განიხილავდა საკითხს, რომლის მიხედვითაც კოვიდ პაციენტები, სიმპტომების არქონის შემთხვევაში, მეთორმეტე დღეს, განმეორებითი ტესტის ჩატარების გარეშე კლინიკის დატოვებას შეძლებდნენ.

მისი განმარტებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ამერიკის დაავადებათა კონტორლის ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად აღარ არის ვირუსის გადამტანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ტესტის პასუხი კოვიდ დადებითი იქნება.

ამასთან, გაბუნიას განმარტებით, სიმპტომური პაციენტების შემთხვევაში, გამოჯანმრთელებამდე მინიმალური დრო 13 დღე ითვლება, სადაც 10 დღე სიმპტომების პერიოდია, 3 დღე კი უსიმპტომო პერიოდს გულისხმობს. მისი განმარტებით, ექიმებს კვლავ შეეძლებათ, რომ პაციენტს საჭიროების შემთხვევაში კლინიკა ტესტის გაკეთების გარეშე არ დაატოვებინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი