ახალი ამბები

გაბუნიას თქმით, მე-12 დღეს პაციენტს კლინიკის დატოვება განმეორებითი ტესტის გარეშე შეეძლება

28 სექტემბერი, 2020 •
გაბუნიას თქმით, მე-12 დღეს პაციენტს კლინიკის დატოვება განმეორებითი ტესტის გარეშე შეეძლება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრო განიხილავს საკითხს, რომ კოვიდ პაციენტებს, თუ მათ ვირუსული ინფექციის სიმპტომები აღარ ექნებათ, მეთორმეტე დღეს, განმეორებითი ტესტირების ჩატარების გარეშე, შეძლებენ კლინიკის დატოვებას. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ამერიკის დაავადებათა კონტორლის ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად აღარ არის ვირუსის გადამტანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ტესტის პასუხი კოვიდ დადებითი იქნება.

“დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიიღო ახალი რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი. მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია რეკომენდაციები, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის. ტესტი შეიძლება დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი, დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმუმალურია, ანუ პრაქტიკულად არ არსებობს”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, სამინისტრო განიხილავს უსიმპტომო პაციენტებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს.

ამასთან, გაბუნიას განმარტებით, სიმპტომური პაციენტების შემთხვევაში, გამოჯანმრთელებამდე მინიმალური დრო 13 დღე ითვლება, სადაც 10 დღე სიმპტომების პერიოდია, 3 დღე კი უსიმპტომო პერიოდს გულისხმობს. მისი განმარტებით, ექიმებს კვლავ შეეძლებათ, რომ პაციენტს საჭიროების შემთხვევაში კლინიკა ტესტის გაკეთების გარეშე არ დაატოვებინონ.

გაბუნიას თქმით, სამინისტრო აღნიშნულ რეკომენდაციებზე მუშაობს და ეს ყველაფერი გაიდლაინებშიც ჩაიწერება.

მასალების გადაბეჭდვის წესი